ღირსების საქმე

23 Jul

ღირსება – რა არის იგი?.. ემოცია, შეგრძნება, თვისება, სულის მდგომარეობა თუ, უბრალოდ, ასოთა თანმიმდევრობა, რომელსაც შინაარსს იქით არაფერი გააჩნია.

რას ნიშნავს სიტყვა, რომლის შელახვის გამოც კლავენ, ანადგურებენ, იძიებენ შურს, ანგრევენ ოჯახებს, იგერიებენ მტერს, მიდიან მონასტერში, მიმართავენ სუიციდს, ვარდებიან დეპრესიაში, სულიერად ნადგურდებიან, მაგრამ ყველაფერს იწყებენ თავიდან! …

ღირსება – ზოგადად ყოველი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, რომლის განმარტების მცდელობაც ასეთია: „ყოველი ადამიანი წარმოადგენს უმაღლეს ღირებულებას, როგორც გონებით, ნებითა და გრძნობებით დაჯილდოებული არსება. ე.ი ყველა იმ თვისებით, რაც გამოარჩევს მას გარემომცველი სამყაროს დანარჩენი ნაწილისგან. ღირსება, არის ამ ღირებულების აღიარება, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს იგი საკუთარ თავზე და როგორ აფასებენ მას სხვები. ღირსება სუბიექტური კატეგორიაა (საკუთარი ღირსების შეგრძნება) და, ამავე დროს, ობიექტურიც (ადამიანის ღირსების საყოველთაო აღიარება და პატივისცემა); იგი განიხილება ადამიანის ობიექტურ თვისებებთან ერთობლიობაში.“

საქართველოს კონსტიტუციის მე-17-ე მუხლის თანახმად „ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.

ღირსება… არის ის, რისი არსებობაც ზოგჯერ ავიწყდებათ. განსაკუთრებით ქალებს და განსაკუთრებით – საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კულტურის, სხვა საზოგადოების, სხვა სარწმუნოების მიმდევარი ქალებიც განიცდიან იმავეს, მით უმეტეს, რომ ქალურ პრობლემათა თითქმის იდენტურობა საკამათო არ არის. საქართველოში, ღირსების ძალადობრივი შელახვის, ნებაყოფლობლობით დათმობის და დავიწყების შემთხვევებს, ზოგჯერ, პრეცენდენტი არ გააჩნია.

და ეს შემთხვევები განსაკუთრებით ხშირია დაბალი სოციალური სტატუსის მქონე საზოგადოებაში. საზოგადოებაში, სადაც ქალს არ გააჩნია სამსახური, ჯანსაღი ურთიერთობები, ელემენტარული კომფორტი, ძნელია ღირსების შენარჩუნებაზე ფიქრი.

… როცა, დღეს იწყება დილიდან, რომელსაც უძილო, ფიქრიანი ღამე უძღოდა წინ; იწყება დღიური სამუშაოს ძებნით, ან ჩამოსარიგებელი ყავის და ბუტერბროდის მომზადებით.

… როცა, დღე მთავრდება ტკივილამდე მისული დაღლილობით და იმაზე მუდმივი დარდით, რომ მიუხედავად იმისა, ,,ამ დღის ყოველი წუთი შენს ოჯახზე ზრუნვას შეალიე, შენი შვილებისთვის დრო მაინც არ დაგრჩა, შენი მეუღლისგან კი მადლიერება და სიყვარული მაინც ვერ იგრძენი.“

ღირსება… შენი ღირსება, ამ დროს შენშია მიმალული, თვლემს და ასეთ ცხოვრებას გაცლის.

გაცლის მანამ, სანამ იგი ყველაფრის თავიდან დაწყების ბიძგს არ მოგცემს ან პირიქით, საბოლოოდ არ დაკარგავ…
***
მარინა (39წლის): „ყველაზე მეტად ზღვის სუნი მენატრება. ჩემი ბვშვობის სუნი, მარილიანი, გაწეწილი თმებით, მზეზე დამწვარი ბეჭებით… თვალებზე ხელს ვიჩრდილავდი და მეთევზეებს გავცქეროდი დილით. რა ტკბილია ეს მოგონება. გულრიფში, აგუძერა, გაშლილი სანაპირო.

ეს მოგონება მაცოცხლებს დღესაც, თორემ, მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება როგორც გაგრძელდა იმის გადატანა შეუძლებელი იქნებოდა. ომი, ჭუბერი, თოვა, სველი და გაყინული ტანსაცმელი. შემდეგ ქუთაისი, სატუმრო „თბილისი“, სიცივე, შიმშილი და შიმშილი. საშინელი წლები იყო. გვციოდა, გვშიოდა, ვწვავდით პარკეტს, ავეჯის ნაწილებს, ვჭამდით ყველაფერს რაც იჭმეოდა. ვქსოვდით, ვქარგავდით და ვყიდდით, მაგრამ რა სასაცილო თანხებზეა საუბარი, ალბათ, წარმოგიდგენიათ.

გვირიგებდნენ სასაცილო დახმარებებს, ჩვენ კი ქუჩა-ქუჩა, ბინა-ბინა დავდიოდით და ვთხოულობდით ტანსაცმელს, საჭმელს. სად იყო მაშინ ჩემი ღირსება, რა ,,მეღირსებებოდა“ საერთოდ. უფროსი ვიყავი დედმამიშვილებში და დედაჩემის ტვირთს ვიზიარებდი, აბა, მამა ხომ ვერ ივლიდა „სამათხოვროდ“ და სავაჭროდ. ასაკითაც პატარა ვიყავი და ეს ტვირთი მეც მემძიმა, ალბათ, თორემ რა სიყვარული ამიტყდა იმ საშინელ დღეებში?! ან რამ გამათხოვა ჩემსავით არაფრის მქონე ბიჭზე, რომელიც ერთადერთი, რასაც აკეთებდა, სხვის გამონაცვალ ქურთუკსა და ქუდში გამოწყობილი აბირჟავებდა ჩვენი სასტუმროს წინ. საღამოობით, გაყინულები, დაღლილები და მშიერები ჩამოვსხდებოდით კიბეებზე და ჩვენ-ჩვენი სოფლის ამბებს ვიხსენებდით.

მერე შვილი შეგვეძინა, კიდევ ერთი მშიერი და გაყინული არსება. მთელი სასტუმრო გვეხმარებოდა, ჩემს ქმარს მუშაობის შნო არ აღმოაჩნდა, ან სად იყო მაშინ სამუშაო?! ქალები ნამცხვრებს ვაცხობდით და მაღაზიებს ვაბარებდით, დავდიოდით და სახლებს ვალაგებდით. მიმტანადაც ვმუშაობდი, გამყიდველებიც ვიყავით. ამას ნამდვილად არ ვთვლი ღირსების შელახვად, შრომა ყველა პატივსაცემია.

ღირსება მაშინ დავკარგე, არაფრისმქონე, სხვა არაფრისმქონეს რომ ავეკიდე; ან იქნებ მაშინ, ჩემმა უსაქმურმა და ლოთმა ქმარმა ხელი რომ მომიქნია და მე მორჩილად ავიტუზე კუთხეში; ან მაშინ, როცა ვუყურებდი, როგორ ღრიალებდა სახლში და ისედაც შეშინებულ და ყველაფერს მოკლებულ ჩემს შვილებს როგორ ამცირებდა. ახლაც არ ვიცი, როგორ მეყო ძალა, რომ წამოვსულიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ წამოვედი. საწყალი დედაჩემი მეხმარებოდა, რომელსაც კიდევ ორი ჩემნაირი გაჭირვებული და დაოჯახებული შვილი ჰყავს.

თურქეთში დავიწყე გადასვლა. ვმუშაობ. ყოველ სამ თვეში გადმოვდივარ და გასაყიდად გადმომაქვს თეთრეული. სიმართლე გითხრა, ღირსება იქაც არ მჭირდება. ჩემს ღირსებაზე რომ მეფიქრა, ჩემი შვილები ვერც ისწავლიდნენ, სახლიდან ვერ გავიდოდნენ და, საერთოდ, ვერც იოცნებებდნენ. ღირსება, იმ ბეჭებდამწვარ, თმაგახუნებულ და ზღვის ცქერაში დაღლილ გოგოს დავუტოვე”.
***
თიკო (24 წლის): ,,ოქტომბერი იყო. თოთხმეტის წლის ვიყავი. პირველად ჩვენი სკოლის წინ რომ შევამჩნიე შავი მერსედესი, საიდანაც ჟღალთმიანი კაცი მიყურებდა. ეს ვიზიტები, ერთი თვე გრძელდებოდა.

მამა უკვე ოთხი წლის გარდაცვლილი იყო და დედას, რომელიც ყოველთვის სითბოსა და ფუფუნებას იყო მიჩვეული, ძალიან გაუჭირდა. ძალიან ლამაზი მშობლები მყავდა; როგორც ამბობდნენ მე და ჩემი დაც კარგი გარეგნობით გამოვირჩეოდით და ამან, ცხოვრებაში, ყველაზე დიდი ტკივილი მომიტანა. დედამ სრულიად გახსნილად და მოურიდებლად მითხრა, რომ უკვე დიდი გოგო ვარ, თანაც ძალიან ლამაზი და შემიძლია გათხოვებაზეც ვიფიქრო. მაშინვე ჩემი თაყვანისმცემლები, უწვერული და სასაცილო ბიჭები გამახსენდა და გამეცინა. „ჩემი სულელი გოგო“, – გაეცინა დედას. მაშინ გავიგე იმ ადამიანის შესახებ, ვინც გახდა ჩემი ცხოვრების უდიდესი სასჯელი. საოცარი ქორწილი გვქონდა, პარიზიდან გამოწერილი კაბით, უთვალავი სტუმრით, დელიკატესებით, მოწვეული მომღერლებით, დილამდე დროსტარებით. მას მოჰყვა ჩემი პირველი ჯოჯოხეთური ღამე, უცხო ადამიანთან, რომელიც ვერც გარეგნობით, ვერც განათლებით, ვერც სულიერებით ვერასდროს მომაწონებდა თავს. ერთადერთი, რაც მას, უფრო სწორად, მის მშობლებს თავზესაყრელად ჰქონდათ და აქვთ – არის ფული.

და ამ ფულით ისინი ყველაფრის ყიდვას ცდილობენ, ადამიანური ურთიერთობების, პატიოსნების, სიყვარულის… ჩემი ბავშვური გულუბრყვილობით, თავიდან მეც მჯეროდა, რომ ეს სიმდიდრე საშუალებას მომცემდა ბედნიერი ვყოფილიყავი. როცა ჩემი ქმრის მოახლოებაზე ზიზღით მაჟრჟოლებდა ვფიქრობდი, მერე რა, დილა გათენდება, ,,შოპინგზე“ წავალ, ყველა სურვილს შევისრულებ.

ყველაზე საშინელი იყო საზოგადოებისთვის დადგმული სპექტაკლები, რომ მე საუკეთესო ინსტიტუტში მესწავლა, რომ მემოგზაურა, რომ ყველაზე კარგად ჩაცმული ვყოფილიყავი… ამ ფასადური ბრწყინვალების მიღმა საშინელი ,,ჩამორჩენილობა“ იმალებოდა. მოგვიანებით, როცა ეს ,,ჩამორჩენილობა“ მეც შემეხო და ჩემთვის შეურაცხმყოფელი გახდა, უკვე იმდენად ვიყავი ხელფეხშეკრული, რომ არაფერი არ შემეძლო, და არც ახლა შემიძლია.

ორი შვილის დედა ვარ, ახალგაზრდა ქალი და არაფრის უფლება არ მაქვს.
პირველი დაცინვა და ირონიული გამოხედვა მაშინ ვიგემე, მუშაობის დაწყებაზე რომ ჩამოვაგდე სიტყვა. აღმოჩნდა, რომ მე მხოლოდ საგამოფენო თოჯინად ვიყავი საჭირო, ლამაზი ანტურაჟის შემადგენელი ნაწილი. რომ მე, არანაირი პრეტენზიის გამოთქმის უფლება არ მქონდა, ვინაიდან საკუთრმა დედამ გამყიდა. ამის შემდეგ, ჩემი ქმრისგან (ორი წიგნიც რომ არ აქვს წაკითხული), ისეთი მოსაფერებელი სიტყვების კორიანტელი დადგა შეურაცხყოფისგან გული მერეოდა: „გაყიდული გოჭი“, „გასაყიდი წიწილა“… იქნებ ვინმეს გაეღიმოს, მაგრამ თუ წარმოიდგენ, რომ ამ სიტყვებს თავში ჩაკაკუნება და ხარხარი მოჰყვებოდა, ალბათ, მიხვდებით ჩემს მდგომარეობას.

დღეს, ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, მე ვარ ოჯახის გასართობი. თუ ჩემი ქმარი, გვერდზე გახედვაში რაიმე საეჭვოს დაინახავს და თვალს ჩამილურჯებს –ე.ი. ღირსი ვარ. მათთვის მე ვარ ყველაზე უვიცი, უძლური, არ შემიძლია საკუთარი შვილების გაზრდა და აღზრდა. ჩემი მოვალეობაა ავარჩიო ჩემი უზარმზარი გარდერობიდან რომელიმე ბრენდის კაბა, ჩავიცვა და წვეულებებზე გვერდი დავუმშვენო ჩემს შეუხედავ და სასტიკ ქმარს.

ახლა მითხარით, რომ ბედნიერი ვარ, რომ საზრუნავი არ მაქვს, რომ დაცინვას კაცი არ მოუკლავს. მაგრამ, იმდენად შეურაცხყოფილი ვარ ისტერიკა მემართება.
რატომ დავკარგე ღირსება, რატომ არ მასწავლა დედაჩემმა, რომ ღირსება ყველაზე მთვარია და პირიქით, რატომ მიბიძგებს, რომ არასოდეს გავიხსენო მის შესახებ. შევძლებ, ჩემი გათელილი ღირსების აღდგენას? ეს არის კითხვა, რომელსაც მუდმივად ვუსვამ საკუთრ თავს.“
***
„30 წლის გავთხოვდი. დედაჩემი ისე განიცდიდა ჩემს ასაკს, რომ დღე და ღამე მოთქვამდა. აღარ დავეძებდი ვის გავყვებოდი (პირობითად, რა თქმა უნდა). როგორც იქნა გამოჩნდა სანატრელი საქმრო, კარგი თანამდებობით, ასატანი გარეგნობით, ნორმალური სიტყვა-პასუხით და დედაჩემსაც გონება ,დაუბნელდა ბედნიერებისგან, რადგან ასეთმა ადამიანმა მის შვილზე შეაჩერა არჩევანი. რატომ ჰქონდა ჩემზე ასეთი წარმოდგენა, მაინც ვერ გავიგე.

არც მაშინ შეუწყვეტია სიძის გაიდეალება, როცა ფეხმძიმე შვილი გაულახა. ისიც, მხოლოდ იმიტომ, რომ, თურმე, მანქანიდან ვიღაცას თვალი გავაყოლე.

არც მერე, როცა ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. არც მერე, როცა პატარა შემეძინა და მამამისი სახლში არ მოდიოდა, არც მაშინ, როდესაც საკუთარ შვილს „ნაბიჭვარს“ უძახდა. არც მაშინ, როცა, მთვრალი მოვარდებოდა ჩემი სახლის ფანჯრებთან და მაგინებდა.

მოგვიანებით, როცა ამ ტირანისგან წამოვედი, დედაჩემი ლამის სახლში არ მიშვებდა. არადა, კარგად იცოდა, რომ ჩემს ქმარს არც მე ვუყვარდი და არც ჩვენი შვილი.

სიტყვები – „თვმოყვარეობა“, „ღირსება“ , სასაცილოდ არ ჰყოფნიდა. ,,ყველა ქმარი სცემს ცოლს, ყველა ეჭვიანია, მაგრამ ქალები იტანენ, ოჯახები არ ინგრევა…”

ამას ამბობდა ქალი, რომელსაც ისეთი ქმარი ჰყავდა, ხელის გულზე ატარებდა, თვალებში შესციცინებდა.

ჩემი მოსვენება დღესაც არაა, ხან მოვარდნები და ლანძღვა, გინება, ხან ახლობლების მოგზავნები. ამას წინათ, საერთოდაც, მოძღვარი მომიგზავნა, ამ ღვთის ადამიანს ეგონა ქვეყნის დამაქცევარი ვიყავი, მომისმინა, დამიყვავა, მანუგეშა და მითხრა, მთავარია საკუთარი თავი და ღირსება არ დავკარგო, მაშინ არც ღმერთი მიმატოვებს.

მე მამამ ასე გამზარდა, არ შემიძლია შეურაცხყოფას მაყენებდნენ და მორჩილად დავხარო თავი. ღირსება, ეს არის ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია.
***
ადამიანური ღირსება – ყველაზე აბსოლუტური ღირებულებაა ადამიანისთვის, რომელიც პროტესტს აცხადებს მაშინ, როდესაც ავიწროვებენ, ძალადობენ, ამცირებენ… ღირსება – ყველა ადამიანში მეტ-ნაკლებად გამოხატული შინაგანი სამყარო, სადაც იგი აუცილებლად უნდა დარჩეს თავისუფალი.

ღირსება – როგორც ადამიანის პიროვნული „მე“, რომელიც ვერ იტანს მორალურ ძალადობას. ზეწოლას შინაგან სამყაროზე, თავისუფლებასა და უფლებაზე – იყოს ის, ვინც არის სინამდვილეში.

პიროვნული ღირსების შეგრძნება – ამბობენ, რომ იგი ჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ვიწყებთ მის შეგრძნებას. ესაა სიწმინდე, რომელიც ყველა ადამიანს საკუთრი აქვს და ყოველი მათგანი ატარებს საკუთარ თავში. მაგრამ, თუ იგი ჩუმადაა და თავს არ გახსენებთ, ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ასე გჭირდებათ.

ის მაინც არსებობს…ამიტომ, არც მათ უნდა ესროლო ქვა, ვინც საკუთარ ღირსებას უღალატა.

… და მაინც, პიროვნული ღირსების შეგრძნება – ერთგვარი მორალური მრჩეველი, რომელიც გვაიძულებს ჩვენი ღირსება ჩვენსავე თვითშეგნებას გავუიგივოთ. გვაიძულებს გვიყვარდეს ღირსეული ადამიანი და საკუთრი თავი; გვაიძულებს დაცემულები ავდგეთ, შეურაცხყოფილებმა თავი დავიცვათ, გავთავისუფლდეთ წნეხისგან, მოვიპოვოთ სულიერი თავისუფლება და უფლება იმისა, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est