მიგრაციის ფემინიზაცია – ბუნებრივი მოვლენა, ტრაგედია თუ ერთადერთი გამოსავალი

23 Jul

ImageMigratio – ჩვეულებივი ლათინური სიტყვა გადაადგილებას და გარკვეული ვადით გადასახლებას რომ ნიშნავს, ჩვენთვის, მე-20 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ნამდვილ ტრაგედიად იქცა. თუკი, მანამდე ლამის იყო მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზით საქართველოდან იძულებით წასულ ემიგრანტებს ვცნობდით, 1990-იანი წლებიდან, საქართველოდან უცხო ქვეყნებისკენ დაძრულთა ნაკადმა ყოველგვარ სტატისტიკას დაუკარგა აზრი …

იმ პერიოდის საქართველო – ნაომარი, უიმედო, ბნელი, ცივი, უმუშევარი, მშიერი. დახლებთან დამდგარი პროფესორებით, უმუშევრად დარჩენილი ქმრებით, ჩაბნელებული და გაყინული სახლებით, ნავთისა და პურის რიგებით, ფეხით მოსიარულეებით. სრული პოლიტიკური და სოციალური ქაოსით, რომელმაც უპირველესად ქართველი მამაკაცი დაამარცხა. კონკრეტულად კი მამაკაცთა ის კატეგორია, რომელიც არ მიეკუთვნებოდა არცერთ პოლიტიკურ და სამხედრო შეიარაღებულ დაჯგუფებას.

… და სწორედ ამ დროს სოციალურ ასპარეზზე (სხვაგვარად ვერც ვუწოდებთ) გამოვიდა ქალი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცესი უკლებლივ შეეხო საქართველოს ნებისმიერ კუთხეს, ქალაქსა და სოფელს. ქალაქის მოსახლეობა ბევრად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამ მხრივ არც იმერეთი და მისი ქალაქები იყო გამონაკლისი. ქუთაისიდან, სამტრედიიდან, ზესტაფონიდან ერთმანეთის მიყოლებით დაიძრა ქალთა ნაკადი სხვა ქვეყნებისაკენ.

ამ მხრივ, პირველი აღმოჩენილი და გარღვეული საზღვარი თურქეთი იყო და სწორედ მაშინ მშიერი და უმოქმედო ქართველი კაცები სიამაყით წევდნენ ღვინით სავსე ჭიქებს მაღლა და ხმამაღლა ადღეგრძელებდნენ იმ ქალებს “რომლებიც თურქეთში არ ყოფილან“, თითქოს არ იცოდნენ და ვერ გრძნობდნენ, რომ, ეს პირველი გასვლა, ბეღურების პირველი გადაფრენა, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო მაშინდელი იმერეთისთვის, ისევე, როგორც მთელი საქართველოსთვის. მაგრამ საკუთარი უძლურების ვერშემჩნევის უბადლო ხელოვნებით ისევ ქალთა თვითგადარჩენის გრძნობაში ეძებდნენ დანაშაულს. დიახ, რა თქმა უნდა, რაც მაშინ ხდებოდა, ამას სოციალური სასოწარკვეთა შეიძლება ვუწოდოთ და ბევრი მაშინდელი ფაქტის გახსენება არც მოგვინდეს, მაგრამ ეს ჩვენი უახლოესი წარსულის ნაწილია და ამას გვერდს ვერ ავუქცევთ.

თურქეთის შემდეგ თითქოს ყველაფერი სულერთი გახდა, შვილის შიმშილისა და ჩაცმისთვის ღირსება შელახული იყო და „სახელი გატეხილი“… საბჭოთა რკინის კედელი უკვე აღარ არსებობდა და საზღვრების გადალახვა კანონიერი და უკანონო გზით უფრო შესაძლებელი გახდა. თურქეთს ამერიკა მოჰყვა, ამერიკას იტალია-საბერძნეთი, პორტუგალია და ეპანეთი… ბელგია, საფრანგეთი…

90-იან წლებში აღებულ ვალს გასტუმრება უნდოდა, გაყიდულ სახლებსა და უძრავ ქონებას ისევ შეძენა, ლომბარდში ჩადებულ ნივთებს გამოხსნა და … დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ცივდებოდა ქართული კერები, იცლებოდა იმერეთის ქალაქები დედებისგან, ცოლებისგან, ბებიებისგან. ისინი მიდიოდნენ, ბეჭებზე მთელი ოჯახისა და ქვეყნის ტვირთმოკიდებულები. მიდიოდნენ ლეგალურად, მიიპარებოდნენ არალეგალურად, გადადიოდნენ ჭაობებით, უღელტეხილებით, ავტობუსის საბარგულებით, მიდიოდნენ და არ იცოდნენ წინ რა ელოდათ.

ეს მიგრაცია უდიდეს განსაცდელთან ერთად ითავსებდა ერთგვარი სიახლისა და თავგადასავლის ფუნქციას, ვინაიდან თითოეული მიგრანტი, კარჩაკეტილი დაიასახლისი თუ წარმატებული წარსულის მქონე ქალი, თითქოს კონპენსაციას ეძებდა იმ საშინელი წლების, დაძაბულობისა და დაღლილობის შემდეგ და ახალი ცხოვრებისთვის ემზადებოდა, რომელიც მართალია მათგან დიდ შრომასა და ნებისყოფას ითხოვდა, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავთან მარტო დარჩენის ფუფუნებასაც ჰპირდებოდა. ამიტომ სულაც არ არის ტყუილი, რომ ბევრმა ქალმა სწორედ „იქ“ აღმოაჩინა საკუთარი თავი.

თუმცა, მიუხედავად ამ ინტრიგისა, ეს ფემინიზებული მიგრაცია უდიდესი ტრაგიკულობის მატარებელია, ვინდაიდან მისი მთავარი მსხვერპლნი უპირველეს ყოვლისა დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები გახდნენ, გაუცხოებული შვილები, რომელთაც მარტო, ყველაზე ახლობელი ადამიანის გარეშე უწევდათ და უწევთ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპების გავლა და დიდი ალბათობაც არსებობს მარტოსულ და ჩაკეტილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იძულებითი თუ ნებაყოფლობითი სიშორე მას ბევრი ყოფითი პრობლემისგან ათავისუფლებს და მეტიც ზოგჯერ ფუფუნების საშუალებასაც აძლევს.

დამერწმუნებით, რომ ამ მიგრაციაში, მართალია შედარებით ნაკლები პროცენტით, მაგრამ მამაკაცებიც მონაწილეობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ქართველი ქალის, ან ზოგადად ქალის ძლიერებაზე გავრცელებული აზრი, მითი ნამდვილად არ გახლავთ და ოჯახი ბევრად უფრო აწყობილი, წელგამართული და აყვავებულია თუკი მამაკაცია მიგრირებული და ქალი სამშობლოში უძღვება ოჯახს. მაგრამ, როცა პირიქით ხდება, როცა ვაწყდებით ტიპიურ ქართულ სურათს მამის ანაბარა დარჩენილ გაუცხოებულ ოჯახებს, ბუდიდან ადრე გაფრენილ ქალიშვილებს და გზიდან აცდენილ ვაჟებს (იშვიათი გამონაკლისების გარდა), ძალაუნებურად გვიჩნდება კითხვა: რისთვის წავიდნენ და რისთვის მიდიან ქართველი ქალები?.. იმისთვის, რომ მარტო დარჩენილმა მეუღლეებმა ეჭვიანობის სცენების გარეშე შეძლონ, მათ შემცვლელ სხვა ქალთან ურთიერთობა; იმისთვის, რომ შვილებს თავიდან ააცილონ საკუთარი ცხოვრების მოწყობის პასუხისმგებლობა, ყველგვარი შრომისა და დამსახურების გარეშე მიართვან უახლესი მოდელის მანქანები და სხვა უამრავი რამ.

რა თქმა უნდა ქართველი დედისთვის არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება ვიდრე შვილის განებივრება, მაგრამ, რის ფასად ხდება ყველაფერი ეს. სხვისი შვილების მოვლაში, საკუთარ შვილებთან გაწყვეტილი უხილავი ძაფების ფასად, სხვისი დედ-მამის მოვლაში მიტოვებული საკუთრი მშობლების ფასად, ისედაც ფარსირებული, მაგრამ მაინც ცოლ-ქმრული ურთიერთობის დარღვევის ფასად. თავის თავისთვის ვერგამეტებული ცენტების და ლუკმის ფასად.

ისინი ათასობით და ათიათასობით არიან, ჩვენს გვერდით და ჩვენს ირგვლივ. მათ ჰქვიათ მარინა, ლელა, ციცო, ლალი, ნინო, ელისო…. ჩვენნაირები არიან, ალბათ ცოტა უფრო გამბედავნი, თავზეხელაღებულნი, რისკიანნი, სასოწარკვეთილნი, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსენი. ისინი გვიყვებიან:

***
„… აქედან ჩეულებრივად წავედი, თითქოს სამუშაოდ კი არა თავგადასავლის საძებნელად მივდიოდი. მე იმათი წარმომადგენელი ვარ ვინც შედარებით ადრე მოახერხა ქვეყნიდან გასვლა. ამდენად მთელი ამ პროცესების საშინელება, სამსახურის შოვნის მრავალთვიანი მოლოდინი არ შემხებია. თუმცა ვერც მე და ვერც ვერავინ გადმოგცემთ რა საშინელებაა იმ პირველი დამცირების გადატანა, როდესაც, ჩვენთვის ასე საამაყო განათლებამიღებული ქალი სხვის ოჯახში მოსამსახურედ შედიხარ. ამ გრძნობასთან ერთად მონატრებასაც რომ დათრგუნავ მერე შედარებით ადვილი ხდება ყველაფერი. ბელა“

***
„ … საშინელი დღეები გავიარე. ის, რომ თავიდან განვიცადო ალბათ ვერც გადავიტან. ჩასული ქალები, ერთად, სამუშაოს მოლოდინი. ამის თვიდან ასაცილებლად ისე ვებღაუჭები ჩემს სამსხურს, რომ ყველანაირ დამცირებას ვიტან. ვიცი, რომ ჩემი შვილი ჩემი წყალობით ადამიანად გრძნობს თავს. არ ჩამორჩება შეძლებულ მეგობრებს. არ არის ჩაუცმელი დაუხურავი. აქვს მოდური ნივთები. ჩემ ქმარს მანქანა ვუყიდე, ბავშვს მაინც წაიყვანსა და მოიყვანს. ჩასვლით, ყოველ წელს ჩავდივარ, მაგრამ იქ რომ დავრჩე რა უნდა ვაკეთო?.. თანაც სიმართლე გითხრათ მიჭირს კიდეც გაჩერება. ელისო“

***
„ჩემი აქ წამოსვლით სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახიც გადავარჩინე და საკუთარი თავიც. არ ვფიქრობ დამცირებაზე და ამგვარ რამეებზე, მიმაჩნია, რომ შრომა კი არ ამცირებს ადამიანს, საკუთარი საქციელი. მით უმეტეს რომ დალხენილი ცხოვრება ნამდვილად არ მქონია. სადაც კი მიმუშავია ყველასთან ნორმალურად ვურთიერთობდი. ბევრი წამიკითხავს იმის, შესახებ, რომ ჩვენ ჩვენს შვილებს დავაკელით სითბო და ყურადღება, მაგრამ, ცარიელი სითბო და ყურადღება ვის სჭირდება?.. ნინო. “

***
„უკვე ხუთი წელია წასული ვარ, ფულს ვაგზავნიდი ვალები გასასტუმრებელი გვქონდა, სახლი გასარემონტებელი, შვილი დაოჯახდა, მანქანა შევუძინე… როგორც იქნა ჩამოვედი და ნეტა არ ჩამოვსულიყავი!.. სახლი გაუკეთებელი დამხვდა, თითი თითზე არ დაუდია ჩემს ქმარს. უარესიც, ვიღაც ქალს გადაკიდებია და ყველაფერი მასთან მიჰქონდა. კიდევ კარგი ვალები რომ დავისტუმრეთ. კიდევ კარგი… მაია. “

***
„… იქ ბევრი ჩემნაირია, ერთმანეთს ვხვდებით, ახალ ამბებს ვუყვებით, ვუზიარებთ ჩვენს ტკივილს და სიხარულს, ვწუწუნებთ მონატრებაზე; ვნატრობთ, როდის დავბრუნდებით ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დამერწმუნეთ უმეტესობას ვერც წარმოუდგენია დაბრუნება და სამუდამოდ დარჩენა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ შვილები და ქმრები გველოდება. ამ მონატრებას ცოტა ხნით ახშობს ჩვენი ერთკვირიანი და ერთთვიანი ვიზიტები და მერე ისეთივე სიმძაფრით იქედან გამოქცევის სურვილი გვიპყრობს. რაც გინდა უწოდეთ ამას, რასაც გინდათ დააბრალეთ, მაგრამ ფაქტი ესაა…
თუმცა მინახავს ისეთებიც, რომლებიც ვერ უმკლავდებიან მონატრების პირველ შემოტევას, სტატუსის შეცვლას და მომენტალურად ბრუნდებიან სამშობლოშო. ლალი“

***
ამ სიტყვების გაგონება შეგიძლია ყველგან. იტალიიდან ახლახანს დაბრუნებული მეზობლისგან; სკაიპით_ მონატრებული მეგობრისგან; ინტერვიუს დროს_სასოწარკვეთილი რესპონდენტისგან…

ისინი არ ინტერესდებიან სტატისტიკით, არ უღრმავდებიან ფემისნისტურ პრობლემებს, არ ეძებენ ოფიციალურ მონაცემებს… სხვადასხვა მიზეზით. მაშინ მათთვის ცნობილი იქნებოდა, რომ, მიგრირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება ჩვენს ქვეყანაში, რომ, ყოველი წლის მონაცემები 16%-ით აღემატება წინამორბედ წელს, რომ “მიგრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტენდენცია ბოლო 50 წლის მანძილზე არის ქალი-მიგრანტების რაოდენობის ზრდა. სწორედ ქალები შეადგენენ მიგრირებული ადამიანების ნახევარს და ზოგიერთ ქვეყანაში 70-80%. მათ გააჩნიათ უმეტეს შემთხვევაში დაბალი სტატუსი, დაბალი ანაზღაურება, არასტაბილური სამსახური. ვინაიდან სქესი მთავარი გადამწყვეტი ფაქტორია სამუშაოს ტიპის განსაზღვრისას, ისინი მუშაობენ შინამოსამსახურეებად, დამლაგებლებად, ძიძებად, მომვლელებად. ჩართული არიან სექს-იდუსტრიაში.“… ამასთანავე არსებობს რისკი, რომ ისინი იქცნენ ექსპლუატაციის, ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლად.

იურიდიული ლექსიკონი მოკლედ და კონკრეტულად განგვისაზღვრავს: “მიგრაციის ფემინიზაცია _ მიგრაციის პროცესში ქალთა გაზრდილი მონაწილეობა.“ მათი თავისუფალი გადაადგილება ოჯახისა და ქმრისგან დამოუკიდებლად”.

საქართველოში იგივე პროცესი მიმდინარეობს ქართული სახეცვლილებით. მაინც რა არის საქართველოსთვის მიგრაციის ფემინიზაცია _ ბუნებრივი მოვლენა, ტრაგედია თუ ერთადერთი გამოსავალი? ეს არის ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საფიქრალი…

4 Responses to “მიგრაციის ფემინიზაცია – ბუნებრივი მოვლენა, ტრაგედია თუ ერთადერთი გამოსავალი”

  1. როლანდი July 24, 2012 at 1:30 pm #

    ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. სამწუხაროდ, შრომითი ბაზარი არ არის მამაკაცებზე გათვლილი იმდენად. თუმცა მამაკაცებიც რომ წავიდნენ საზღვარგარეთ, აქ ქალებიც ,,იშოვნიან” ბოიფრენდებს, როგორც უცოლოდ დარჩენილი კაცები მიაგნებენ გირლებს…შვილებს მამები და დედები თანაბრად სჭირდებათ…სამწუხაროა, რომ ქალებს უწევთ დიდი ტვირთის აღება! შემიძლია ვთქვა, რომ ქალი, რმელიც მიდის საზღვარგარეთ,მას უკვე გმირობა აქვს ჩადენილი. არავინ იცის, რა ელის წინ და მაინც მიდის გაბედულად…მის უკან ოჯახია და თან დამშეული…

  2. lika kipshidze July 24, 2012 at 2:25 pm #

    ..თუმცა, მიუხედავად ამ ინტრიგისა, ეს ფემინიზებული მიგრაცია უდიდესი ტრაგიკულობის მატარებელია, ვინდაიდან მისი მთავარი მსხვერპლნი უპირველეს ყოვლისა დედის გარეშე დარჩენილი ბავშვები გახდნენ, გაუცხოებული შვილები, რომელთაც მარტო, ყველაზე ახლობელი ადამიანის გარეშე უწევდათ და უწევთ ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპების გავლა და დიდი ალბათობაც არსებობს მარტოსულ და ჩაკეტილ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს იძულებითი თუ ნებაყოფლობითი სიშორე მას ბევრი ყოფითი პრობლემისგან ათავისუფლებს და მეტიც ზოგჯერ ფუფუნების საშუალებასაც აძლევს.”–პროგრესის წინაპირობა ფსიქიურად და სულიერად ჯანსაღი მომავალი თაობაა,სწორედ ამის საშიშროების წინაშე დგას საქართველო დღეს!დედაშვილურ ურთიერთობის კომპენსირება არ არსებობს–მართალია,ეს უდიდესი ტრაგედიაა!გაქცეულებს იქნებ აღარც ეშველოთ,დაიზარდნენ მათი შვილები,თავად კი დამოუკიდებლობას მიეჩვივნენ,მაგრამ გასაქცევებს მოვუფრთხილდეთ!სახელმწიფო,კი რომელსაც ამხელა პრობლემა აქვს მილიარდებს ,,შუშის ქვეყნის”მშენებლობას კი არ უნდა ახმარდეს,არამედ სოციალურ პრობლემებს!ამ მიგრაციაში იკარგება ქართული კულტურაც,უამრავი შემოქმედი ქალი დღეს სხვა ქვეყნის მოხუცების პამპერსების გამოცვლითაა დაკავებული…

  3. Manana Pruidze July 24, 2012 at 11:02 pm #

    imdenad ganvicade, vtirivar gulamoskvnili… chemi saqartvelos 90-iani wlebis mdgomareoba tvalwin gamicocxlda… tkivilma shemikumsha guli… 14 welia saqartvelodan shors var da dgemde vitan shvilis gareshe yofnas da , martlacda, ratom? ris fasad gvijdeba sakutari monagris rchena?! dakarguli wlebis, gaucxoebuli shvilebis, dangreuli ojaxebis, gacruebuli imedebis, chamkvdari ocnebebis, rom, odesme, ise ayvavdeba saqartvelo, rom davbrundebit…:((
    mshoblis cremlis gareshe damarxuli shvilebad, romlebic swored mshoblebis mier nayidi manqanebis msxverpli gaxdnen… dautirebel mshoblebad, romeltac natvrad gahyvat shvilis mowodebuli chiqa wyali da wamali… emigrantebis mier shegrovebuli fulit, ucxo qveynebshi dards tu avadmyofobas shewiruli tanamemamuleebis cxedrebad, gaorebul da dabneul pirovnebbebad, depresirebul da funqciadakargul adamianebad!- amad gvijdeba es migracia titoeul qartvels, miuxedavad sqesisa…
    madloba am statiis avtors da visurvebdi, rac sheidzleba met saitze gavrceldes da metma waikitxos. waikitxon imat, vinc saqartveloshi darcha da fiqrobs, rom chven, emigraciashi myofebi, fufunebashi da gancxromashi vcxovrobt… waikitxon imat, vinc chemsavit, wlebia, rac ucxo miwas rwyavs monatrebis cremlebit da jer kidev ar uchans horizontze dabrunebis imedis sxivi…:(((((((
    miyvarxart yvela, chemo mravaltanjulo, samshoblos, ojaxs, shvilebs da axloblebs danatrebulo emigrantebo! gmertma inebos, chveni ertian, mshvidobian da bednierebit gabrwyinebul saqartveloshi dabruneba!..

  4. dali devidze July 26, 2012 at 7:18 am #

    ძალიან საინტერესო წერილია! ამ თემაზე, მიგრაციის ფემინიზაციაზე, და ზოგადადაც მიგრაციაზე, ნამდვილად ღირს დაფიქრება და არა მარტო. ეს სამივეა – ”ბუნებრივი მოვლენაც, ტრაგედიაც და უმეტეს შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალიც. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს თემა ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი საფიქრალია, სახელმწიფო (ქვეყანა) უნდა იდგეს თითოეული მოქალაქის სრულფასოვან ოჯახზე, ან ეს მაჩვენებელი – სრულფასოვანი ოჯახებისა,პროცენტულად ბევრად უნდა აჭარბებდეს არასრულფასოვან ოჯახებს, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, პირიქითაა: არ არსებობს ოჯახი საქართველოში, რომლის წევრი ან ახლობელი ემიგრანტი არ არის. ზოგი ლეგალური, ზოგი არალეგა;ური…
    არ ვიცი, ვინმე ზრუნავს იმისთვის, რომ მიგრანტი ქალები (რადგან მიგრაციის ფემინიზაციაზეა საუბარი) – დედები, დები, ცოლები და ა.შ. ოჯახებს დაუბრუნდნენ?! სამწუხაროდ, არა. ოჯახის წევრებისთვისაც კი, ეს ქალები შემოსავლის შემომტან რობოტებად არიან ქცეულნი და მათი უკან დაბრუნება არავის ”აწყობს”, აღარც თავად ამ ქალებს სურტ უკან დაბრუნება და ეს წერილში მოყვანილი მაგალითებიდანაც კარგად ჩანს, ვერც გავამტყუნებტ.
    ვისურვებდი, ამ წერილის ხილვას ბეჭდურ მედიაში.
    დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო ანალიზისთვის და იმისთვის, რომ წერილი ”მშრალი” კი არა, უპირველესად, ტკივილითაა დაწერილი. :.
    დალი, დიდი მადლობა, რომ საშუალება მომეცი, ჩემთვისაც ძალიან დამაფიქრებელი წერილი წამეკითხა.
    ლელა ცუცქირიძე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est