გენდერული თანასწორობა ქართულად

23 Jul

Image

დღევანდელობის ბევრი მითიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საქართველოში გენდერული თანასწორობის შესახებ შექმნილი მითია. ჩვენთან ეს თანასწორობა, მახოლოდ განთქმული ქართული სუფრის თანამდევ მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს არ ცდება. მართალია, ჩვენ იმ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ სადაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში წერდნენ „ლეკვი ლომისა სწორიაო“ და ერთ-ერთი საუკეთესო მეფე -ქალიც გვყავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ქალისათვის ქართველ მამაკაცებს სამზარეულოსა და საძინებელს შორის ემეტებათ მხოლოდ ადგილი. და თუ, მოცემულ ჩარჩოებსა და პერიმეტრებს გასცდა ე. ი. თავი იჩინა, იმ უხილავმა, მაგრამ საგრძნობად ჯიუტმა ფაქტმა, რომ ქართული პატრიარქატიც ისეთივე მითია, როგორიც გენდერული თანასწორობა …


მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით მის სტრატეგიულ ქალაქებში მრავალმა ჭკვიანმა ქალმა დაიმკვიდრა ადგილი, რეგიონებისთვის გენდერული პრობლემა მაინც აქტუალურია. ამ მხრივ არც განსაკუთრებულად გამორჩეული და არც განსაკუთრებულად ჩამორჩენილია იმერეთის რეგიონი. მის ნებისმიერ სოფელსა და ქალაქში ერთი თვალის შევლებით შეიძლება გაარჩიო, რომ გენდერული თანასწორობა აქ სხვაგვარად ესმით. მათთვის ქალისა და მამაკაცისათვის ერთნაირი უფლებების ქონა არის შრომის, ჯაფის, გაჭირვების გაზიარება და არა თანაბარი უფლება, ნება, გადაწყვეტილების მიღების და აზრის გამოხატვის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ნამდვილად არ უჩივის იმერეთის რეგიონის „სუსტი“ მოსახლეობა, მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა იშვიათად აქვს.
ჯერ კიდევ ახლო წარსულში, ჩვენს ქვეყანაში ბედს შეგუებული და ოჯახურ რუტინას შეწირული ქალების მთელი არმია იყო. ისინი დღესაც არიან ჩვენს ირგვლივ და ამიტომ ოჯახისთვის გაუაზრებელი თუ გააზრებული მსხვერპლშეწირვის რიტუალი რეგიონებში დღესაც განსაკუთრებულად აქტუალურია. ამაზე მეტყველებს უცხოეთში გახიზნული ათასობით ქალი, რომლებმაც ოჯახის გადარჩენის ტვირთი იტვირთეს და ყველა სამუშაოზე თანახმანი არიან, რათა შვილებსა და ტახტზე მონებივრე ქმარს არაფერი მოაკლონ. ამაზე მეტყველებენ ის ოჯახები, სადაც ქალსა და მამაკაცს შორის სულ მცირე სულიერი, მორალური და ფიზიკური ჰარმონიაც კი არ არსებობს. ეს ოჯახები არსებობენ იმ ქალთა დამსახურებით, რომელთაც „წასასვლელი არსად აქვთ“, რომლებსაც ბავშვობიდან ასწავლეს, რომ „კაცს უნდა დაემორჩილოს“, რომლებსაც ღრმად აქვთ ჩაბეჭდილი, რომ მეუღლესთან ჯანსაღი ფიზიკური სიხლოვე მათ აღვირახსნილობაზე მეტყველებს, რომლებმაც იციან, რომ „როცა შვილი ეყოლება საკუთარ ბედნიერებაზე უარი უნდა თქვას“, რომელსაც ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ ასწავლა, რომ საღამოს შინ დაბრუნებული ქმრის პრეტენზიულ ტონს ან მუშტს მორჩილებით და მდუმარებით უნდა შეხვდეს.
ეს ადამიანები ქმნიან ზოგადად საქართველოში გენდერული თანასწორობის ამინდსა და პრობლემას. იქნებს ეს მათი დანაშაული სულაც არაა . ისინი ასე გაზარდეს, ამიტომ მათ არა აქვთ საშუალება და ზოგჯერ სურვილიც, რომ დამოუკიდებლად დაიმკვიდრონ თავი და იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

***
ამ ისტორიის გმირიც ქალია, რომლის ბედიც არაფრით განსხვავდებოდა, მისი სოციალური ფენის სხვა გოგონათა ბედისაგან.
დაიბადა ღატაკ და მრავალშვილიან ოჯახში. იზრდებოდა სიღარიბესა და მხიარულებაში, რომელსაც ცოტა დაძაბულობა და ბევრი გულისტკივილიც ახლდა თან. მაგრამ მაინც ბედნიერი იყო და ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე უზრუნველი ბედნიერება. რადგან გათხოვების შემდეგ ბედნიერებას მხოლოდ შვილების თვალებში ეძებდა. მეუღლეს არ უყვარდა. ახალგაზრდა, ლამაზმა და უზრუნველმა ბიჭმა ერთჯერად გასართობად გამოიყენა და ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ მათი გზები ისევ გადაიკვეთებოდა. ნათესავთა აქტიურობით თუ ბედის ირონიით მისი ცოლი გახდა და მრავალწლიანი ჯოჯოხეთიც დაიწყო. დამცირებით, ტკივილით, უძილო ღამეებით, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფით სავსე. მიუხედავად იმისა, რომ შეძლებული დედამთილ-მამამთილი უშედეგოდ ცდილობდნენ მისგან მაღალი საზოგადოების ქალი შეექმნათ, ესწავლებინათ და მისი მომავალი უზრუნველეყოთ. არ გამოვიდა. პატარა თაგვი ვერ გაფრინდა. მოუწყობელმა პირადმა ურთიერთობებმა თუ სწავლის არსურვილმა თავისი შედეგი გამოიღო. უუფლებო, უხმო, უსუსური, უავტორიტეტო, რომლის სიტყვას არასოდეს არ ჰქონდა ფასი. ქმრისაგან მუდმივი ჩაგვრისა და საყვარელ ქალთან წასვლა-მოსვლის ფონზე ოთხი შვილი გააჩინა. ამ სიტყვის ყველაზე პრიმიტიული გაგებით, რადგან თითოეულ მათგანს ოჯახის შენარჩუნების ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული.
ამასობაში დროც შეიცვალა. მისი ოჯახიც დადგა განსაცდელის წინაშე. უფროსი თაობა ნელ-ნელა წავიდა და დარჩა უსუსური, მრისხანე მეუღლის და ოთხი შვილის ამარა. მართალია უკვე ისეთი უხმო აღარ იყო მაგრამ, მისი ხმის მაღალი რეგისტრები რატომღაც მხოლოდ შიდა კონფლიქტებს ხმარდებოდა. მაინც იყო ისეთი, როგორიც იყო რჯულზე უმტკიცესი ჩვეულება. რატომღაც გაუგებარი თავგანწირვით იცავდა თავის არშემდგარ ოჯახურ მყუდროებას და ტელეფონის თითოეულ ზარს ყურს უგდებდა.
აღმოჩნდა, რომ ოჯახის რჩენის ტვირთიც მას უნდა აეღო თავის თავზე. პირველად მაშინ ინანა, რომ არ ისწავლა, მაგრამ, ვინაიდან დარდი გვიან იყო, ოჯახის ყველა შენაძენი და მარაგი ნაწილ-ნაწილ გაყიდული, შვილებს კი სწავლა და ჭამა სჭირდებოდა, მის მიერ გამოვლენილ ერთადერთ ნიჭსა და დედამთილისგან ნასწავლ კულინარიულ რეცეპტებს ჩაუღრმავდა. ჯერ ცხობა დაიწყო, მერე კაფე-ბარში მოეწყო სამუშაოდ და ცხოვრება როგორღაც თავის გზით წავიდა. თვის უბედობაში ჩაკარგული ქმარი, ახლა უკვე მორჩილად უცდიდა ტელევიზორის წინ, როდის მოუტანდა ერთ კოლოფ სიგარეტს ცოლი _ რომელიც ვერ შეიყვარა.
***
ეს ერთი კონკრეტული ქალის ბედი და ისტორიაა. ამავდროულად ზოგადი და საერთო ტრაგედია. სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციითა და გამოხატულებით. ეს არის უაზრო მორჩილების და თვითაღკვეთილი უფლების კიდევ ერთი ქართული ამბავი. პრობლემა, რომლის გადასაჭრელ გზებსაც ვეძებთ. ხოლო თუ რომელიმე ქალი საკუთარი თავის გამართლებას ქრისტიანული მცნებებითა და მისგან მორჩილების მოთხოვნით ახსნის, უბრალოდ ეცდება, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს. ქრისტიანული სარწმუნოება მეუღლეებისგან „ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნას ითხოვს“ და არა უმიზნო მორჩილებას, ქმრისგან უპატივცემულობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ატანას, არა უაზრო მსხვერპლშეწირვას, არამედ სრულუფლებიანად დგომას უფლისა და საზოგადოების წინაშე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est