მორალის სახელით

23 Jul

ქალიშვილობის ინსტიტუტი _ ყველა ტრადიციული ქართველისთვის ბეწვის ხიდი და მუდმივი კამათის საბაბი; ყველა ქართველი გოგონასათვის დიდი კითხვის ნიშანი, ქართველი ვაჟისთვის _ კითხვა-ძახილის!

როგორ და რომელი მხრიდან უნდა მიუდგე პრობლემას რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას… განსაკუთრებით საქართველოს კუთხეებში.

პრობლემას, რომელიც ჩვენი აზროვნების ცივილიზებულ ხვეეულებში არ გვინდა, რომ არსებობდეს …

პრობლემას, რომელიც ჩვენი გენეტიკური მეხსიერების ფსკერზე ისეა დალექილი, რომ მასზე არ მოქმედებს საუკუნეთა და შეხედულებათა პროგრესი.

ქალიშვილობის ინსტიტუტი _ თემა, რომელზეც დღეს ძალიან ბევრს დაობენ და რომელსაც არ უნდა ერქვას პრობლემა ქვეყანაში, რომლის ერთ-ერთ კუთხეში არსებობდა ”წაწლობის” ტრადიცია. თუმცა, თვით მცნება ქალწულობისა ჩვენს ქვეყანაში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის, რომ თავად წაწლობის ამ უპრეცენდენტო ფენომენის დროსაც კი, გარკვეული კუთხით შეზღუდული იყო ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის.

… და მაინც ეს არის თემა, რომელსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რომელზე მსჯელობისას ძალიან ვთამამობთ, მაგრამ გულის სიღრმეში აღზრდა, ტრადიცია, რელიგია არ გვაძლევს საშუალებას ასეთივე თამამები ვიყოთ, როცა იგი უშუალოდ თითოეულ ჩვენგანს ეხება.

…მაგრამ, შეიძლება ეს თემა არ ყოფილიყო ასეთი მტკივნეული და აქტუალური, თავის უკან, რომ არ ტოვებდეს ტრაგედიათა და დანგრეულ ფსიქიკათ მთელ გალერეას.

***
ნია, კარგ ოჯახში დაიბადა. კარგი, იმ ქალაქის გაგებით სადაც ცხოვრობდა, თუმცა ეს გაგება პრინციპში იყო კიდეც რეალობასთან ახლოს. წარმატებული და პატივცემული მშობლები, დიდი და მყუდრო სახლი, პრესტიჟული სკოლა, კვირაში სამჯერ მუსიკა და ინგლისური, კვირაში ორჯერ ცეკვა და ცურვა, მოგზაურობები, მეტიჩარა დაქალები, ჭორაობა ქართულად ინგლისური აქცენტით და ფიქრი იმაზე, რომ წინ ისეთი ცხოვრება ელოდებათ, რომელიც ჯერ არასდროს არავის ჰქონია. თუმცა, სიმართლე უნდა ითქვას და ყველაზე კარგად თავს კომპიუტერის ეკრანთან გრძნობდა. სადაც სრულიად თავისუფალი იყო. ამ თავისუფლებამ ოთო გააცნო. ისიც 14 წლის, ისიც თავის თავში დარწმუნებული და „პრაქტიკული“. ერთმანეთს მთელი ღამეები თავს აწონებდნენ ბობ მარლის მოსმენით და აბსოლუტური თავისუფლების იდეით. მერე, შეხვედრები დაიწყო, ჩახუტებებით და ასე ყბადაღებული თავისუფლებით, რომლის არსი არც ესმოდათ და პირიქით, გულის სიღრმეში ეშინოდათ კიდეც, რადგან გაურკვევლობა ყოველთვის შიშს იწვევს.

დედამ, რომელიც ყოველთვის თბილი და თითქმის ყურადღებიანი იყო, ყოველთვის თითქმის გაგებით და აღტაცებით ეკიდებოდა შვილის მისწრაფებებს და იდეებს იგრძნო რომ, რაღაც ხდებოდა. ეს უცნაური ძილიანობა, ეს სილურჯეები თვალის ქვემოთ…. ექიმის ალღომ და დედის ინტუიციამ გაამართლა. ანალიზმა ორსულობა დაადასტურა და ოჯახში ყველა და ყველაფერი შეირყა. თანამედროვე და მომღიმარი დედა თმაგაწეწილ ალქაჯად იქცა, ხმაურიანი და როხროხა მამა დამუნჯდა. იყო დაკითხვები, სახესთან ხელის ტრიალი, ოთოს მშობლებიც არ ჩამორჩებოდნენ და ბობ მარლის შეშინებული თაყვანისმცემელი ყველაფერს უარყოფდა. განაჩენი დედამ გამოიტანა… ნაცნობ და პრესტიჟულ ექიმთან გააქანეს, რომელიც ისეთივე ვირტუოზულობით აკეთებდა აბორტებს, როგორაც გნეკოლოგიურ ოპერაციებს, მაგრამ ნანახმა, თვით მრავლისმნახველი ექიმიც კი შოკში ჩააგდო.

გოგონა ქალიშვილი გამოდგა.

მის ქალწულებრივ ორსულობას არავისთვის აუჩუყებია გული, ამის დრო არ იყო. ვირტუოზი ექიმი მიხვდა, რომ აბორტის პროცესს არ უნდა დაერღვია ეს აუღებელი ციხე და ყველაფერი ისე ვირტუოზულად ჩაატარა, ნიას ფსიქიკის გარდა მისმა ორსულობამ კვალი არსად დატოვა.

მერე დაიწყო მდუმარების და სიცარიელის დღეები (ჯერ დღეები), თვეები (რომელსაც დააწყისი არ უჩანდა) და… წლები (რეაბილიტაციის მცდელობების თანხლებით).

აღარ სჭირდებოდა ინგლისურის გაკვეთილები, აღარ უსმენდა მუსიკას, აღარ ოცნებობდა მომავალზე, აღარ იცინოდა.

ღიმილის დასაბრუნებლად სამი წელიწადი დასჭირდა. სამი სერიოზული და საფუძვლიანი მკურნალობის წელიწადი. მაგრამ დაბრუნებული ღიმილი გულიდან წამოსულს კი არა რაღაც საშინელ გრიმასს გავდა, რომელიც ყოველთვის თან დაააქვს და შიგადაშიგ სახეზე აიფარებს ხოლმე.

***
ორი ჩვეულებივი წყვილი – გიგა და ნინი. ლაღები და ლამაზები. ორივე სტუდენტი. ორივე უზრუნველყოფილი ოჯახიდან. როგორც იტყვიან ერთმანეთისთვის შექმნილნი. გაცნობა მეგობრის დაბადების დღეზე მოხდა.

პირველი შეხედვა, პირველი პეპლები, პირველი გაპარებული მზერა.

გიგასთვის ერთი ნახვით შეყვარება იყო. ნინი ამბობდა რომ, მისთვისაც.

გიგასთვის პირველი აღტაცება იყო, ნინი ამბობდა, რომ მისთვისაც.

გიგასთვის, პირველი ქალი იყო ვისთანაც ოჯახის შექმნა მოუნდა. ნინი ამბობდა, რომ მისთვისაც.

პატარები აღარ იყვნენ გიგი 23 წლის იყო , ნინი _ 21.

მათ სიყვარულს, ოჯახთა ინტრესების თანხვედრაც მოჰყვა და სულ მალე დიდი ქორწილიც.

გიგი არ იყო გულში მჯიღის დამრტყმელი, მუდმივად, რომ ამტკიცებენ რომ მისი ცოლი ქალწული უნდა იყოს… მაგრამ ნინის საქციელმა, პირველივე ღამე დააეჭვა. მიუხედავად იმისა, რომ ახლადშერთული ცოლის პატიოსნება შეუბღალავი ჩანდა.

სასიყვარულო ურთიერთობის დროს გოგონას მარცხი მოუვიდა, რაღაც ისეთი, რასაც ვერც ხმამაღლა იტყვი, მაგრამ აუცილებლად დაეჭვდები.

მეორე ღამესაც განმეორდა.

მესამესაც.

ვაჟი შორეული და ჩამორჩენილი სოფლიდან არ იყო და თავი მაინც 21-ე საუკუნის ადამიანად მიაჩნდა, მაგრამ ეს ამბავი ოჯახს მაინც გაანდო, აგორდა უნდობლობის ტალღა, სათქმელი ითქვა.

ნინის ვერაფერი ათქმევინეს, პირიქით, ყველას ქაჯები უძახა. საქმე ექსპერტიზამდე მივიდა.

ექსპერტიზის პასუხი კი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ნინის მშობლებისთვისაც კი. გოგონას საკმაოდ დიდი, გაუკუღმართებული სექსუალური გამოცდილება აღმოაჩნდა.

„არ ყოფილიყო ქალიშვილი, ჰქონოდა სხვა მამაკაცთან ჩვეულებრივი ურთიერთობა, ამის პატიებას შემეძლო, რისი გულისთვის ეს ყველაფერი?..“_ კითხვას სვამდა გიგა.

„არ მინდოდა ქალწულობა დამეკარგა, არადა დაქალები დამცინოდნენ, ყველას ჰქონდა სექსუალური გამოცდილება, ჩემს გარდა, მეც მათგან შეგულიანებულმა დავიწყე. ვიცოდით, რომ ყველაფერი შეგვეძლო გაგვეკეთებინა, გარდა „უმანკოების“ დაკარგვისა.“
ოჯახი ისე დაინგრა შექმნა ვერც მოასწრო.

ამბავი დამალეს, მაგრამ მაინც გახმაურდა… ნინის ლამის ხელით ათითებდნენ ქუჩაში, გიგის წინ პოტენციური სარძლოების რიგი დადგა და ყველა ერთმანეთს ეცილებოდა ვინ დაავიწყებდა მწარე ცხოვრებეულ გამოცდილებას.

საზოგადოებამ ქალი გარიყა. ქალმა შეცდომა დაუშვა. შეცდომა, რომელიც თითქოს საზოგადოებრივ აზრსა და გაუნათლებლობას ეფუძნებოდა, მაგრამ იქცა _ გარყვნილებად მორალის სახელით.

***
სოფოსთვის არავის არაფერი დაუძალებია. ზაფხულობით, ბებიასთან სოფელში რომ გარბოდა იქ ზურიკო ეგულებიდა და იმიტომ. სანამ პატარები იყვნენ მათი სოფლის შუკებში სირბილი და მდინარეში ბანაობა უცოდველი იყო.

ერთ ზაფხულს, როცა 16 წლის სოფოს, 17 წლის ზურიკო ახლა წვერაშლილი დახვდა, არც მაშინ გაუტეხია იხტიბარი. სირბილითაც ბევრი ირბინეს, იბანავეს კიდეც და საღამოს ჭალაში, მინდორზე მონებივრეებმა, პირველი სექსუალური გამოცდილებაც მიიღეს.

ზურიკო, მეორე დღიდანვე თავს არიდებდა. სოფომ ბევრი სდია და ბოლოს ათქმევინა. ქალაქელი გოგოები „იმას“ თვისუფლად აკეთებთ და მე ასეთ გოგოს ცოლად ვერ მოვიყანო.

სოფოს მწარედ გაეცინა, ბავშოვბიდან მიცნობო, ერთი უთხრა და გაეცალა. პატარა იყო, მაგრამ მაინც მიხვდა, რომ მის გონებაში და სხეულში ჩაჭედილ შეხედულებას ვერანაირი არგუმენტით ვერ შეაცველევინებდა. ერთადერთი იგრძნო, რომ გათხოვებაზე აღარ უნდა ეფიქრა.

ამ დარდით გააგრძელა გაზრდა და ცხოვრება. ეს დარდი ატარა გულით, მანამ სანამ, მის ცხოვრებაში ლევანი არ გამოჩნდა. ჩვეულებრივი ქალაქელი ბიჭი, რომელმაც გული გადაუშალა, სიყვარული აუხსნა და ბოლოს ცოლობაც თხოვა. არც მის უარს შეუშინებია და ჯიუტად განაგრძობდა გოგონას გულის დაპყრობას.

თვითონაც შეუყვარდა, იმდენად , რომ დეიდას გაენდო, რომელმაც გაზარდა და რომლის იმედიც ყოველთვის ჰქონდა.
დეიდამ ინერივულა, იტირა, შეშინდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და შეაგულიანა, შენ, სიყვარულზე უარს ნუ იტყვი და მე გიშველიო, ფული თუ არ მეყოფა ვისესხებ ბოლოსდაბოლოსო.

ნაცნობის ნაცნობი გინეკოლოგი, ფულის გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყო და მოვლენებიც ნაცნობი სცენარით განვითარდა.
სიყვარულიც იყო, ქორწილიც შედგა და პირველი ღამეც, რაც დაარიგეს ყველაფერი გააკეთა და ისიც კი იფიქრა ჩემი სახით დიდი მსახიობი დაიკარგაო.

ახლა კარგი ოჯახი აქვს, მაგრამ პერიოდულად საკუთრი თავის ზიზღი შემოუტევს ხოლმე.

ტყუილის და არა გულწრფელი ურთიერთობის გამო.

ეცოდება ყველა მისნაირი, ეცოდება ოჯახები, რომლებიც ტყუილზე შენდება. კითხვასაც უსვამს ხოლმ საკუთარ თავს, მაშინ, ლევანისთვის, პირდაპირ რომ ეთქვა რაც ჭირდა რა მოხდებოდა?…

პასუხის თვითონაც ეშინია.

***
ქალწულობა _ ქალის ის მდგომარეობაა, რომლის შენარჩუნებაც მნიშვნელოვანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მაგრამ მისი შებღალვის შემთხვევაში, არ კლავენ, არ ასახიჩრებენ, არ ესვრიან ქვას, არ ამბობენ უარს სიყვარულზე, ხელს არ კრავენ ბედნირებას, ანუ, არ აკეთებენ ყველაფერ იმას რასაც ჩვენთან.

როგორც გარყვნილებაა მიუღებელი მორალის სახელით. ასევე მიუღებელია იგივე მორალის სახელით ჩადენილი ძალადობა და ბოროტება.

ქალწულობის შებღალვა, ის შემთხვევაა, როდესაც პასუხს ყოველთვის თხოვენ ქალს, მამაკაცი კი, თუნდაც მოძალადე, დაუსჯელი რჩება საზოგადოებისგან.

დღეს, 21-ე საუკუნეში, როცა ძალიან გვიჭირს რელიგიურ მორალსა და ტრადიციებს სადავეებში ჩავეჭიდოთ და ვაკონტროლოთ, უნდა ვეცადოთ და გამოვნახოთ გზები, რათა ისინი არ იქცნენ ისედაც უფლებაშეზღუდულ ”სუსტ სქესზე” ძალადობის საბაბად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est