დეა (ძლიერი ქალის სევდიანი ისტორია კარგი დასასრულით)

23 Jul

დეა ჰქვია. ისეთი დადებითი ენერგიის მატარებელია, ლამისაა, ქუჩაში გამვლელებსაც შეუყვარდეთ. აი, რომ შეხედავ და სურვილი გიჩნდება ჩაეხუტო, შეიფარო, მოუსმინო და დაეხმარო. არადა, როცა გავიცანი მისი ყოველი ნაკვთი და უჯრედი გთხოვდა ამას. ლამაზი, ჭკვიანი, ნიჭიერი, თბილი, კომუნიკაბელური, ორსული, მაგრამ მაინც, ბეღურასავით მობუზული და შეციებული. მწვანე, ნაღვლიანი თვალებით …

 ცოტა ხანში უკვე ვიცოდი მისი ცხოვრების ბევრი ტკივილის შესახებ და ზუსტად იმავე დროში, ჩემი და ჩვენს ირგვლივ არსებული საახლობლოს უსაყვარლეს ადამიანად იქცა. მასზე ალბათ ბევრს საუბრობდნენ და მსჯელობდნენ, მის ცხოვრებასაც განიხილავდნენ, მაგრამ არ მეგულება ადამიანი, ვისაც არ უყვარდა. ცოტა ხნის წინ რომ ვნახე (უკვე წარმატებული ქალი), ჩვენ-ჩვენი ინფორმაციის ნაჩქარევ გაცვალა-გამოცვლაში, სხვათა შორის, ვახსენე ქალთა პორტრეტებს ვაგროვებ-მეთქი. გაეცინა და მითხრა, – ისეთი ქალის პორტრეტი არ გინდა ბევრი განსაცდელის მიუხედავად ყველაფერი კარგად რომ მთავრდებაო?! რატომაც არა-თქო, ვიფიქრე. ზუსტადაც მინდა ჩვენ მკითხველს ისეთი ქალების შესახებ მოვუთხრო, რომლებმაც გაუძლეს მორალურ და ფიზიკურ ძალადობას, დამცირებასა და შიმშილს, მარტოობას და მარტოსულობას და ამ ბრძოლიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ, თანაც ისე, რომ ღირსება არ დაუკარგავთ. *** როცა დაიბადა, დედას და მამას ურთიერთობა უკვე არეული ჰქონდათ. მამა კარგი ადამიანი, კარგი პროფესიონალი და, ზოგადად, კარგი კაცი იყო. დედა – მშვენიერი, ენერგიული ახალგაზრდა ქალი. ოჯახი არსებობდა, მაგრამ არსებობის ყოველი დღე ამტკიცებდა, რომ ამ ორი ადამიანის ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო. მუდმივი სკანდალი, ჩხუბი, ეჭვიანობა, დაუოკებელი ვნებები არ აძლევდათ ამის საშუალებას და პატარა დეაც იზრდებოდა დედ-მამის მუდმივი გაყრა-შერიგების ფონზე. პირველი კითხვებიც მაშინ გაუჩნდა და პირველი ნაღველიც მაშინ ჩეღვარა თვალში. მუდმივად დარდობდა და წუხდა. მუდმივად ეკუმშებოდა ბავშვური გული, როცა მამიკო გასეირნების შემდეგ სახლში, დედასთან აბრუნებდა. უნდოდა ერთად მოხვეოდა ყელზე ორივეს და მათ შუაში ბედნიერად, გაღიმებული გატრუნულიყო. უყვარდა თავისი მკაცრ წარბებიანი თბილი მამა და ზედმეტად ემოციური დედა, რომელსაც მუდმივად ჰქონდა სწრაფვა და მოთხოვნა, რომ მისი შვილი ყველაზე უკეთესი და, მეტიც, შეუცდომელი ყოფილიყო. ამ გაურკევლობაში მისი და გაჩნდა, არშემდგარი ოჯახის კიდევ ერთი შვილი. მაგრამ იგი იმდენად განსხვავდებოდა დეასგან, ასაკით და ხასიათით, რომ მესაიდუმლედ ვერ გამოადგებოდა, თანაც, ზრდასთან ერთად ეტყობოდა რომ დაიკოს განცდები მისგან ძალიან შორს იყო და ბევრად უფრო მსუბუქად უყურებდა მშობლების გაუთავებელ ომს. მეოცნებე, ნიჭიერი, პოეზიის მოყვარული გოგო დადგა, ფაქიზი სულით და ცოცხალი ემოციებით. ბევრი მეგობარი ჰყავდა და სკოლაში პირველი „დიდი“ სიყვარულიც ეწვია. …ახლა, უკვე, ეს სიყვარული გახდა მისი სიხარულის და ნერვიულობის ყველაზე დიდი მიზეზი, შეფარული გამოხედვებით, გადაკრული სიტყვებით, გზაში დახვედრებით, მისი ფანჯრის ქვეშ დგომით… მაგრამ იმ პერიოდში (90-იანი წლების დასაწყისი იყო), იმ ქალაქში (ისევე, როგორც მთელს საქართველოში), პატარა და სულელი გოგონების მოტაცებები, ადრე გათხოვება-გაპარვა და ოჯახურ უღელში შებმა – ახალგაზრდების ერთადერთი გასართობი იყო და, ბუნებრივია, ჩვენი მშვენიერი გმირის სახლთანაც იცდიდა თაყვანისმცემელთა მთელი არმია. უცხოური მანქანებით და ხმამაღლა ჩართული მუსიკით. ბევრი მათგანი სრულიად სერიოზული და შემდგარი ადამიანი იყო, ბევრი ნაკლაბად იმედისმომცემი ახალგაზრდა, ბევრი კიდევ, საერთოდაც, უინტერესო არსება; მაგრამ დეა არ ჰგავდა იმ ქარაფშუტა გოგონებს ფანჯარასთან რომ ატარებდნენ მთელ დღეებს მთხოვნელთა რიგის თვალიერებაში. პირიქით. სწავლა უნდოდა, ჟურნალისტობაზე ოცნებობდა, მასწავლებლებთან დარბოდა და უშუქო ღამეებს თემების წერაში ათენებდა. მერე რა, რომ ამ თავგადაკლულ სწავლას თან ახლდა „მასზე“ფიქრი, სიყვარულის სურვილი და ტიციანის ლექსების ბუტბუტი. ეს ოცნება იყო… „ცისფერი ქალის“ ოცნება და მეტი არაფერი. ამ დროს კი, მის ფანჯრებს მიღმა დიდი მოლაპარაკებები მიდიოდა და დეას ისე იყოფდნენ და ისაკუთრებდნენ, როგორც ძვირფას განძის კუნძულს სხვადასხვა ხომალდის პირატები. გადანაწილებების შედეგად თუ დასწრების პრინციპით, დედასთან ერთად მასწავლებლისკენ მიმავალი პირველად აღმოჩნდა ძალადობის მსხვერპლი. თვითონ ფრაგმენტულად ახსოვს, როგორ ეცნენ კუნთმაგარი ბიჭები, როგორ ჩატენეს მანქანაში და გააქანეს. ბოლო, რასაც თვალი მოჰკრა, ბინის კედელთან უგონოდ დაგდებული დედა იყო. *** აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ის პერიოდი, რომლის დავიწყებას დღემდე ცდილობს, რომელსაც საკუთარი სურვილით აყრის ქვიშას და, რომელიც, უდროო დროს ახსენებს ხოლმე თავს. …დეა ცოლი გახდა. არა თანამეცხედრე, მეუღლე, მეორე ნახევარი, არამედ – ცოლი. ამ სიტყვის ყველაზე უემოციო, ცივი, არაფრისმთქმელი და საშინელი გაგებით. მაგრამ მის ცოლობას წინ უამრავი ბრძოლა უძღოდა. პატარა გოგონას პირველი გაბრძოლება საკუთრი თავისუფლებისთვის. უცხო, მიყრუებულ სოფელში ჩაყვანილი, ოთახში ჩაკეტილი, როგორ გადაიპარა ფანჯრიდან, როგორ იარა ჭაობებსა და ეკალ-ბარდებში და, ბოლოს, მიწაზე განრთხმული, როგორ ჩაუვარდა ფეხებში ღამით სახლში მიმავალ მენახირეს, რომელმაც დაამშვიდა, დაუყვავა, სახლში წაიყვანა, იმედი მისცა და შემდეგ, სარფიანად მიჰყიდა მის საძებნელად გამოსულ “მაყრიონს“. დააბრუნეს, ჩაკეტეს, მორჯულება დაუპირეს. საწოლზე საცოდავად ჩამომჯდარმა თავისი საქმროს სახის გახსენება მოინდომა, მაგრამ ვერაფერი გაიხსენა, გარდა წითელი ლოყებისა და ბრიყვული მდუმარებისა. მისი ერთადერთი ღირსება, დიდი ცისფერი თვალებიც კი არ შეუნიშნავს. მისთვის უცხო იყო, სრულიად უცხო. ასე გახდა „მათი“ ოჯახის წევრი. ოჯახის, რომელიც ყველა გავრცელებული კრიტერიუმით ,,კარგის“ სტანდარტებში ჯდებოდა. მატერიალურად უზრუნველყოფილი,ხელგაშლილი,სახლი – ციხესიმაგრე, შვილები, ნათესავები… ოჯახი, რომელიც ეძებდა უბრალოდ ლამაზ სარძლოს, რომელსაც მაშინ, გავრცელებული წესის მიხედით, ბევრი მფარველი არ ეყოლებოდა. ამიტომ თვითონ უპატრონებდა, ჩააცმევდა, აჭმევდა, გამოზრდიდა, „ქალად აქცევდა“, მისით თავს მოიწონებდა ქორწილებსა და ქელეხებში. თუმცა, ამ ოჯახს ნამდვილად არ გაუმართლა, იმიტომ, რომ დეას სახით მათ სახლში მხოლოდ მშვენიერი კი არა, ჭკვიანი და მოაზროვნე გოგონა შევიდა, რომელსაც ცხოვრებაში მხოლოდ ლამაზად ჩაცმული თოჯინის პერსპექტივა ნამდვილად არ ხიბლავდა. მაგრამ სანამ ისინი ამას გააცნობიერებდნენ, მანამდე იყო ადაპტაციის საშინელი პერიოდი. პირველი თვე, როცა მამაკაცთან ერთად უნდა დაწოლილიყო. მამაკაცთან, რომელსაც არ იცნობდა და რომელიც იმდენად უცხო იყო მისთვის, რომ ვერასოდეს გახდებოდა მისიანი. ერთი თვის განმავლობაში მათ შორის არაფერი მომხდარა და ყოველ დილით, დაბარებულივით, ოთახში შემოსულ დედამთილს თვალი ჯერ კიდევ გაუსწორებელი საწოლისკენ გაურბოდა და იქნებ შემდგარი აქტის შედეგები აინტერესებდა. ეს ფაქტი აღიზიანებდა, მაგრამ დევივით თავჩაქინდრული, მდუმარე და უნდილი ქმარი შეეცოდა და ბავშვური გონებით მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ ხელი გაიჭრა და ზეწარი დასვარა, რათა შეშფოთებული ქმრის ნათესავები დაემშვიდებინა. მის ამ მცდელობასაც, მეუღლე რაღაცნაირი, არაბუნებრივი მდუმარებით ადევნებდა თვალს. მისი ოჯახური ცხოვრების ეს მომენტიც წარუშლელად ამოიბეჭდა მის გონებაში და ხშირად საშინელ სიზმრად ევლინება ხოლმე. ასე იყო თუ ისე, ცხოვრება წავიდა. დაფეხმძიმდა და დედამთილ-მამამთილის ჩიჩინს, ჯერ ბავშვი გაეჩინა და სწავლაზე მერე ეფიქრა, უჩვეულო სიჯიუტით შეხვდა. თავისი გაიტანა და მისაღები გამოცდებისთვის მზადება განაგრძო. სტუდენტი გახდა. ახალმა ცხოვრებამ ახალი სიხარული, სილაღე და სიძლიერე მოუტანა. ახალი მეგობრები და ახალი სიმაღლეების დაპყრობაზე ფიქრი. მისთვის საოცნებო პროფესიას ეუფლებოდა და სწორედ ამ დროს, მის მდუმარე მეორე ნახევარში თავი იჩინა მძვინვარე და საშინელმა სენმა – ეჭვიანობამ, რომელმაც მთლიანად მოიცვა ბაშვური, უზრუნველი, ოცნებებით სავსე სამყარო, სტუდენტობის პირველი წლები. ერთადერთი შეგრძნება, რაც ამ წლებიდან დარჩა იყო მუდმივი თავის მართლების რეჟიმი და დაღლილობა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც არ შემოიფარგლებოდა ხელის უბრალო გარტყმით. აგრესია, ძალადობა და, რაც მთვარია, საშინელი უნდობლობა არა მარტო ქმრის, არამედ ოჯახის წევრების მხრიდანაც. არ შეიძლებოდა 18 წლის გოგოს ეფიქრა საკურსოს ან სტატიის წერაზე, როცა ხახვი იყო გასარჩევი ან ოთახი დასაგველი. ინტერვიუზე სიარული იყო ყველაზე დიდი დროის ფლანგვა, რომელსაც ვინ იცის რა საქმისთვის „იყენებენ“ ჟურნალისტები. ბუნებრივია, ამ მოვლენებს თან სდევდა სახლიდან წასვლა-დაბრუნება. ანუ ის, რაც ყველაზე მეტად სძულდა, მაგრამ შერიგებას წინ ვერ აღუდგებოდა, როცა არსებობდა ნინა, პატარა შვილი, გოგონა, რომელიც საოცრად იყო მიჯაჭვული ბებია-ბაბუას. ამიტომ, თავისი უსახსრობა და შვილისთვის სათანადო პირობების მიცემის შეუძლებლობა აიძულებდა ისევ მიბრუნებულიყო ოჯახში, სადაც არავინ იყო მისიანი. …მაგრამ ათასჯერ ნათქვამ სიბრძნეს ვერავინ შეედავება, გატეხილს ვერ გაამრთელებ და გასაწყვეტი ძაფიც გაწყდა მაშინ, როცა მისი მეუღლე მასთან ერთად დედამისსაც შეეხო ხელით. იმ პერიოდში. ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე, სხვა არჩეულ ახალგაზრდებთან ერთდ ერთ-ერთ ძვირადღირებულ, პრესტიჟულ და პერსპექტიულ აკადემიაში მიწვევა მიიღო. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ უკან არაფერზე დაეხია, წასულიყო და ებძოლა, ესწავლა, მოეპოვებინა საკუთრი სივრცის უფლება და ამ სივრცეში მხოლოდ ისინი შეეშვა, ვინც თვითონ უნდოდა და ვისაც გულწრფელად უყვარდა. დედაქალაქში წასული. ნათესავის ბინას შეკედლებული, პატარა დით და შვილით. უსახსროდ, მაგრამ მომავლის იმედით. სწავლით და მუშაობით… ზოგჯერ ფიქრობდა, რომ ბავშვებთან ერთად თბილისში გაშვება დედის ერთგვარი ხრიკი იყო, რომ პირად ცხოვრებაზე არ ეფიქრა და ყოველთვის ეჩქარა სახლში მისვლა. ხრიკმა დაღალა, მაგრამ გაამართლა. მალე დედაც შეუერთდათ და ოთხმა დიდ-პატარა ქალმა ერთად დაიწყო გაზრდა და ახალ სამყაროსთან შეგუება. კიდევ ერთი, წარუშლელი ანაბეჭდი – ზოგჯერ, როცა არც ფული ჰქონდა და არც არანაირი პროდუქტი სახლში, ბავშვებისთვის მხოლოდ მწვანილით მოუმზადებია წვნიანი. ეს მაშინ იყო, როცა გაყიდული სახლიდან აღებული ბანკში ჩადებული თანხა უკანასკნელ კაპიკამდე დაკარგა. ახსოვს, სტკივა და უხარია, რომ ეს უკვე წარსულია, რომელმაც მხოლოდ ძალა და გამოცდილება შეჰმატა. დედის ჩამოსვლამ მდგომარეობა შეუმსუბუქა. შეეძლო მთელი დღე ერბინა მიკროფონით ხელში და სიუჟეტების მოსამზადებლად ეთია ღამე, დასწრებოდა ტრენინგებს, ეზრუნა პროფესიულ ზრდაზე. თუმცა, თავის დამკვიდრება არც ისე ადვილი იყო საზოგადოებაში, სადაც ახლახან მოხვდი და არავინ გიცნობს. კომუნიკაბელურობით, ლავირების, ზომიერების, დიპლომატიის საოცარი უნარით ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევედა მიზნისკენ. … და ამ დროს გამოჩნდა ადამიანი, რომელიც მისი ცხოვრების მთავარ ჯილდოდ და ნუგეშად იქცა. რომელმაც შეიყვარა ისეთი, როგორიც იყო. საოცრად ლამაზი და დაბნეული, გამოუსწორებელი მეოცნებე და პოეტური, უამრავი პრობლემით და ოთხი ქალისგან შემდგარი ოჯახით. დეას გული ნელ-ნელა მოიგო. საათობით უსმენდა მის ჯერ კიდევ ბავშვურ ტიტინს. უყურებდა და ტკბებოდა. გული გაუხსნა, ხელი გაუწოდა, მხარი შეუშვირა და მასზე დაყრდნობის საშუალება მისცა. მისი შვილისთვის გახდა შეუცვლელი და უსაყვარლესი მამა, მრჩეველი და ავტორიტეტი. დეამ კი აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანმა განდევნა მისი ცხოვრებიდან ყველაზე ცუდი მოგონებები, ნეგატიური მოვლენები, გადაუჭრელი პრობლემები. ეს იყო მამაკაცი, რომელთანაც სახლის აშენება და ოჯახის შექმნა მოუნდა. ის მისი არჩევანი იყო, მისი სივრცის განუყოფელი ნაწილი. *** დეა ჩემთვის ისევ ისეთია, როგორიც პირველი ვნახე; არადა, უკვე პრესტიჟული ტელევიზიის ცნობილი ჟურნალისტია. წარმატებული, ძლიერი ქალი, რომელსაც, მართალია, ზოგჯერ, წარსულის საშინელებებიც ახსენებს-ხოლმე თავს, მაგრამ იმდენად მტკიცედ გადაწყვიტა ბედნიერი იყო, რომ ასეც იქნება. ხელს ვერ შეუშლის ვერანაირი ყოფითი პრობლემა, რადგან მან თავად მოიპოვა უფლება – იყოს ის, ვინც არის. იყოს თავისთავადი, ბედნიერი, ძლიერი. და მერე რა, რომ წარსულის დანატოვარი სევდა მის თვალებში ისევ ცხოვრობს. ესეც მისი უფლებაა და ეს სევდა თავად ყველაზე მეტად უყვარს. ეს არის ძლიერი ქალის სევდიანი ისტორია, კარგი დასასრულით.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est