მარტოდმარტო მთელ სამყაროში

24 Jul

სულ ცოტა ხნის წინ, ტელევიზით (რომელიც ამ ბოლო დროს დილიდანვე გვანებივრებს ნეგატიური ინფორმაციით) გადმოსცეს უბედური შემთხვევის შესახებ. დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში, 16 წლის გოგონა ხიდიდან გადახტა. შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მოგვიანებით კი, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო …

იმ ქალაქის მცხოვრებლებს, კიდევ ერთხელ, მერამდენედ, გადაურბინა შიშმა და სინდისის ქეჯნამ. შიშმა – საკუთარი შვილების გამო, სინდისის ქეჯნამ – იმიტომ, რომ მიხვდნენ რა დიდი მონსტრია ერთად შეკრებილი, შეუგნებელი ადამიანებისგან შემდგარი ბრბო, რომლის ნაწილიც იყო თითოეული მათგანი.

ჯერ კიდევ პატარა გოგონა, მაგრამ მაინც ქალი… რომელსაც ჰგონია, რომ თავისი შეცდომით, „ვერ-მოსაგვარებელი“ პრობლემით მარტოა მთელ სამყაროში. ჰგონია (ან ზუსტად იცის), რომ მას შეაჩვენებენ, უპირველესად, საკუთარი მშობლები, შემდეგ კი –საზოგადოება… თავს იკლავს.

ეს პრობლემა ოცი-ოცდაათი წლის წინ განსაკუთრებით აქტუალური იყო, მაგრამ პროვინციელი გოგონები დღესაც ხშირად ხდებიან მისი მსხვერპლნი. მას არ გააჩნია დრო და ეპოქა, ვინაიდან ქალი ყველა ეპოქაში ქალია, მამაკაცი კი, ნებსით თუ უნებლიეთ, მისი ბედნიერების ან უბედურების მთავარი მიზეზი.

მიტოვებული ქალები.
ქალები რომლებიც მოატყუეს.
ქალები რომლებიც მარტო დატოვეს შუა გზაზე.
რომლებიც გამოიყენეს.
ფსიქოლოგიურად და მორალურად გაანადგურეს.
მარტოხელა დედობისთვის გაწირეს.
ან, უფრო მეტიც – სრული მარტოობისთვის.

ქალები, რომელთა ცხოვრებისეული სცენარი ერთნაირად იწყება. გულუბრყვილო გოგონას ცხოვრებაში ჩნდება თავდაჯერებული ვაჟი და იგი თავს კარგავს პირველი სიყვარულის, პირველი გამოცდილების, პირველი კომპლიმენტის, პირველი გაცხადებული გრძნობის გამო, მაგრამ… ამ ლამაზ სიტყვებს და ემოციებს ბევრი ცრემლი და ტკივილი მოსდევს.

ეს სცენარის ბანალური დასაწყისია, მისი გაგრძელება კი დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე, თითოეულ მოტყუებულ ქალზე. მის ძლიერებაზე, ნებისყოფაზე, ფსიქიკაზე, ადამიანურ თვისებებზე, გამძლეობაზე, გამბედაობზე… რადგან მას უწევს უდიდესი გამოცდის ჩაბარება, რომელსაც საზოგადოების პირისპირ ყოფნა ჰქვია. საზოგადოების, რომელიც პატარა ქალაქებსა და სოფლებში, დასაწყისისთვის სულაც არ არის განსაკუთრებულად კეთილგანწყობილი და გულმოწყალე. ამიტომ საკუთარი ცხოვრების სადავეები მათსავე ხელშია. აი, რამდენიმე მათგანი:

***
მარინა – ძნელია დღეს მას ქალი უწოდო. ხომ არსებობს გამოთქმა ნაქალაქარი, ნატაძრალი, რაღაცის ნაშთი… აი, ეს არის მარინა.
ყოფილი ქალი და ყოფილი ადამიანი.

როცა ვნახე, ვიკითხე, ნუთუ სულ ასეთი იყო?… არაო მითხრეს, მისი კისკისი მთელს უბანს აყრუებდაო, ყველას ეხმარებდაო, ყველას ოჯახში შინაური იყოო. ლამაზი და კოხტაო, და-ძმისთვის გადასარევი დაო, მაგრამ… ეს იყო, რომ მამა ჰყავდა საზიზღარიო.

ვერ დავიჯერე, ალბათ სული ყოველთვის ასეთი ჰქონდა-მეთქი, რადგან მიმაჩნია, რომ ვერანაირი განსაცდელი ადამიანის შიგთავსს ვერ შეცვლის, ვერ გაახისტებს, ვერ გააბოროტებს.

ასეა თუ ისე, მარინა პირველ ძალადობას მამისგან განიცდიდა. უთქმელი და წესიერი დედა ვერ ახერხებდა შვილები მამის მრისხანებისგან დაეცვა. ისიც ყვიროდა, მაგიდაზე მუშტს არტყამდა, იგინებოდა, დედას თმით ათრევდა, შვილებს აწიოკებდა, მაცივარს და სარდაფს კეტავდა, ოჯახის წევრებს მის უკითხავად საჭმელი რომ არ ეჭამათ. არადა, ქალაქში პატივცემული კაცი იყო (?).
ასე იყო თუ ისე, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა გოგონას თავში მომწიფდა აზრი, რომ სასწრაფოდ გაცლოდა თავის ოჯახს. ამიტომ, პირველი კომპლიმენტი ვინც უთხრა, ის ადამიანი დააფიქსირა მისმა გონებამ, როგორც სასურველი საქმრო. არავინ იცის სად, როდის და როგორ, მაგრამ მთელ უბანში პატიოსნებით და სიხალასით ცნობილი გოგონა პოტენციურ ქმარს დანებდა და ამ უკასნასკნელმა მომენტალურად გადაიფიქრა მისი ცოლად მოყვანა, თუმცა, იქნებ არც არასდროს უფიქრია…

მარინა, ამ ამბავს, ბუნებრივია დედ-მამას ვერ გაუმხელდა, ამიტომ ყველაზე გავლენიან და ერთგულ მეზობელს მიმართა დახმარებისთვის. დიდი საქმის გარჩვების და გაწევ-გამოწევის შემდეგ ვაჟის ოჯახმა გადაწყვიტა შეცდენილი ქალი სახლში მიეყვანათ.

ასეც მოხდა. პატარა ქორწილიც გადაიხადეს, პატარძალიც უმშვენიერესი იყო, მაგრამ, სტუმართაგან ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა, რა მზაკვრული გეგმა მზადდებოდა 18 წლის გოგონას წინააღმდეგ.

ჩვეულებრივი პირველი საქორწილო ღამე არ ჰქონია. იმ მიზეზით, რომ ქორწილიდან სახლში მისულს საწოლი და შესაბამისად ადგილი სახლის შესასვლელში მიუჩინეს, საიდანაც ქმრის ოთახამდე კიდევ ერთი ოთახი, დედამთილ-მამამთილის საძინებელი აშორებდა. იმ წუთში მაინც ვერ მიხვდა, რომ ეს სპეციალურად გაუკეთეს. იფიქრა ოთახები არეულიაო, ჯერ ვერ მოამზადესო და სხვა ათასი არგუმენტი მოჰყავდა საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს. როცა იმავე ადგილას მოუწია მეორე, მეათე და ოცდამეათე ღამის გატარება, უკვე მიხვდა, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. თუმცა, არც აღზრდა და არც შინაგანი კომპლექსი არ აძლევდა საშუალებას „ქმრისთვის“ ხმამაღლა ეკითხა რა ხდებოდა, რატომ არ წვებოდა ახლადშერთულ მეუღლესთან, რატომ არ იღებდა ხმას მშობლების წინააღმდეგ, რადგან ბოლომდე სჯეროდა, რომ მისი სათაყვანებელი თაზო ,,ფრთიანი ანგელოზი“ იყო.

ხმას არ იღებდა… ჩუმად გადაწყვიტა, რომ ოჯახის თითოეული წევრისთვის შეეყვარებინა თავი. მთელი დღე მუხლჩაუხრელად შრომობდა. ხეხავდა ქვაბებს, რეცხავდა სარეცხს, აკეთებდა სადილს, ასუფთავებდა კუთხე-კუნჭულს, საღამოობით ოჯახის ყველა წევრს თავ-თავის ოთახში მიართმევდა დარეცხილ-დაუთოებულ ტანსაცმელს. გაუღიმებდნენ, მადლობას ეტყოდნენ, მაგრამ გულთან არ იკარებდნენ. არადა, მარინას სჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან მათთვის შეუცვლელი გახდებოდა და მიხვდებოდნენ, რომ მის გარეშე გაუჭირდებოდათ ცხოვრება.

ცხრა თვე გავიდა. ცხრა საშინელი, დამამცირებელი, მონური შრომის თვე. არაფერი შეიცვალა და ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. სადღაც, მერომელიღაცა ოთახში დამარტოხელებულ ქმარს ჩუმად უთხრა, რომ სახლიდან მიდიოდა, რომ ქალი იყო და თუ ქმარი ჰყავდა მასთან ურთიერთობაც უნდა ჰქონოდა. თაზოს გაეცინა და უთხრა,“შენ თავი მართლა გათხოვილი ხომ არ გგონია, რომ არ გეჩივლა იმიტომ მოგიყვანე, შენთან რომ დავწვე შვილი გეყოლება და მერე თვიდან ვერ მოგიცილებო“ . (გასაოცარი ჰუმანურობაა არა?…)

გული მოუკლა ამ სიტყვებმა. სახლში ასე წავიდა, მაგრამ მაინც სჯეროდა, რომ მოენატრებოდათ, თუ მარინა არა, მისი დარეცხილ-დაუთოებული მაინც.
ერთი კვირა აწყნარებდნენ მეგობრები და მეზობლები. ერთი კვირა, თვით მოძალადე მამაც ანუგეშებდა.

ვერ გაძლო და ერთი კვირის თავზე, ქმარს დაურეკა. იქედან პირველი ფრაზა არასოდეს დაავიწყდება – „თაზომ ცოლი მოიყვანა, აქ აღარ დარეკო!“… დანარჩენი არც გაუგონია. უგონოდ დაეცა.

მას შემდეგ მწარე ღიმილით იმეორებს მამის სიტყვებს : „შვილო, ეს ხალხი შენზე სულელი ყოფილა, შენნაირ მოსამსახურეს სხვაგან სად იშოვიანო?..“
იმ დღის შემდეგ ბევრმა წელმა გაიარა. მარინასაც გაუარა ტკივილმა.

მაგრამ, სამუდაოდ დაუმახინჯდა სული. იქ, შიგნით, რაღაც მაგრად ეტკინა და დაემსხვრა. დღეს, იმავე უბანში, სადაც ადრე მისი ზარივით სიცილი არღვევდა ჰაერს, მისი წყევლა-კრულვა და ქაქანი ისმის მხოლოდ. ერთ დროს კოხტა და სასურველი, თმაგაწეწილ, უკბილო ალქაჯად იქცა.

არავის უყვარს, თავისი ოჯახის წევრებსაც კი, რომელთა ცხოვრებაში გამუდმებით ცუდად ერევა და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს. ამბობენ ბედნიერ ადამიანს საერთოდ ვეღარ იტანსო.

მას შემდეგ რამდენიმე წარმოსახვითი სიყვარული ჰქონდა, მაგრამ კარგად არცერთი არ დასრულდა, ამიტომ, სიყვარულის უბრალოდ აღარ სჯერა.

***
ეთიკო ძალიან საყვარელია. ქაქანა, ქაქანა, მაგრამ ჭკვიანი და ენამოსწრებული. შესახედავად მზეთუნახავი არაა, მაგრამ იმდენად ენერგიულია, რომ შენდაუნებურად ხდები მისი გადამდები ენერგიის ტყვე. საკმაოდ პატარა იყო, რომ შეუყვარდა. თუმცა, ძალიან პატარა, არა ჩვენებური გაგებით. 20 წლის იყო. მეგობრებს გული უსკდებოდათ „რამ შეგაყვარა ეს ყორანივით ბიჭიო“, მაგრამ უყვარდა და მორჩა. სხვა არავინ უნდოდა, ვერავის იტანდა და საწინააღმდეგო აზრის გაგონებაც არ სურდა.

აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სწავლობდა, მუშაობდა და მუდმივი გადარბენის რეჟიმში მყოფს ვერავინ შეატყო ცვლილებები. არადა, მის ერთადერთ სიყვარულს შესაბამისი შედეგიც მოჰყოლია… ორსულად იყო.

მალვადა. დიდი მონდომებით მალავდა. ვერც ვერავინ ატყობდა და მეტიც, ისეთი იმიჯი ჰქონდა, რომ ეჭვიც არავის შეჰპრვოდა. განწყობა არ შეცვლია, არც ფიზიკური მდგომარეობა. მუცელიც კი არ დასტყობია. მეგობრისთვისაც კი არ გაუზიარებია.

ასე, თავისთვის დარდობდა. განიცდიდა.
თვითონ, როგორც კი გაიგო მაშინვე ბავშვის მამას უთხრა. როგორც კედელს. როგორც პიტალო კლდეს… ისე, ვერ შეასმინა ვერაფერი. „მე შვილი არ მინდაო“, „ალბათ შენ გინდოდა და იმიტო დაწექი ჩემთანო“, „შენსას არ გაგატანინებო“…
არ უტირია. არც უფიქრია. გადაწყვიტა ბავშვი გაეჩინა. მუცელში ეფერებოდა და ებუტბუტებოდა – „დედი, ცოტა კიდევ მაცადე, სხვამ არ გაიგოს, ჯერ დედას ვეტყვი“-ო.

და მართლაც თვეები გადიოდა, მის მუცელში პაწაწა არსება მორჩილად არ ჩქარობდა გაზრდას, თითქოს დედის ნებართვას ელოდა.
…დედამ დედას უთხრა.
იმან კიდევ, შვილის თვალებს რომ შეხედა, – „ნუ გეშიანია შვილო“-ო წამოიძახა და გულში ჩაიკრა. მაგრად ჩაიკრა. მერე, მუცელთან შვილიშვილს ჩასძახა „შენც ნუ გეშინია, ბები!..“

იმ დღიდან არცერთს არაფრის ეშინოდა.
დედას – ფეხმძიმე შვილის გამოჩენის და ქმრის რისხვის.
ეთიკოს – მარტოობის და დედობის.
პაწიას – უმამობის.
იმ დღიდან ზრდა დაიწყო და სულ მალე ქვეყანას მოევლინა. დიდი, ბუთხუზა ბიჭი, ჭკვიანი თვალებით.

იზრდებოდა და თითქოს საათობით ვითარდებოდა. ეთო, მუშაობდა და წარმატებებს აღწევდა. დედა – ბავშვს ზრდიდა. ბაბუა – შვილიშვილზე ჭკუას კარგავდა.

მამა – პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე მათ ცხოვრებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვს ტკივილი აუშალოს და ის გაახსენოს, რაზედაც ყურადღებას არავინ უმახვილებს. მამის დედ-მამაც მის მზეს იფიცებს, მაგრამ რა…
გიო, მაინც უმამოდ იზრდება, თუმცა კი, მამის დიდი სიყვარულით.
ეთოს კარგა ხანს დაჰქონდა სიყვარული გულით. ახლა მოვა, ხელს მოგვხვევს და არასოდეს წავაო – ფიქრობდა.

ის კი მოდიოდა, გულს ტკენდა და მიდიოდა. რაღაცას ვერ მოერია საკუთარ თავში. ვერ დაძლია და საერთოდაც გადაიხვეწა საქართველოდან.
გიომ კი, ცოტა ხნის წინ, განაცხადა: – ,,დე, ჩვენ მამა საერთოდ არ გვჭირდება, ახლა, მისი შემომატება საერთოდ აგვრევს და ნერვებს მოგვიშლისო.“

ყველაზე გასაკვირი ამ სიტუაციაში კი ის იყო, რომ პროვინციული ქალაქის არცერთ მცხოვრებს თითი არ გაუშვერია ეთოსკენ და არ უთქვამს, „ეს ქალი შეცდენილია, უწესოა, შვილი უქმროდ გააჩინაო.“

საზოგადოებამ ისეთი შეგნებით მიიღო მისი გაბედული ნაბიჯი, მისი გულღიაობა, მისი არდამალული სიყვარული და ამ სიყვარულის ნაყოფი… თითქოს ფარხმალი დაჰყარა პატარა ქალის გაბედულების და სიძლიერის წინაშე.

***
ნანიკო სოფლიდან ჩამოვიდა სასწავლებლად. თხელი სიფრიფანა გოგო, დიდი, ლურჯი თვალებით. გაოცებული რომ უყურებდა მთელ სამყაროს. ეს პატარა ქალაქიც კი უზარმაზარი ეჩვენებოდა თავისი სოფლის მერე. სოფელში წიგნის მეტი არაფერი სჭერია ხელში. გაკვეთილებს იმეცადინებდა თუ არა, ხის აივანზე იჯდა და დაღამებამდე კითხულობდა.

ამ საოცარი სამყაროთი ნასაზრდოები უნივერსიტეტის ეზოში ყველა გამვლელში თავის პრინცს ეძებდა.

გამოარჩია კიდეც ერთი. განსაკუთრებით ხმაურიანი, განსაკუთრებით ლამაზი და განსაკუთრებით კარგად ჩაცმული. უნივერსტეტის ეზოში მაღალ ბორდიურზე ჩამომჯდარი და კონსპექტებში თავჩარგული შორიდანვე ცნობდა მის ხმას, მისი ნაბიჯების რიტმს, მისი სუნამოს სუნს. შეპარვით და დაჟინებით უთვალთვალებდა ხოლმე.

ბიჭი მის უკან დარგულ ხეს უფრო ამჩნევდა ვიდრე თავად ნანიკოს, მაგრამ გოგონა მაინც კმაყოფილი იყო, რადგან ჩავლისას, მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი აცილებდა საოცნებო ადამიანს.

პირველივე კურსის ბოლოს, გამოცდა – ჩათვლების სეზონზე, ეს ხმაურიანი ბიჭი ერთ კითხვაზე პასუხს ეძებდა და ლამის მთელი ეზო შეძრა. მის სიახლოვეს დაბანაკებულმა ნანამ იფიქრა ჩემი ვარსკვლავური საათი დადგაო და მორცხვად დაუძახა პასუხი.

ვაჟმა მოიხედა და ცისფერი თვალები დაინახა მარტო. გაუცინა, მადლობა გადაუხადა.

მეორე დღეს ჩვეულებრივად მივიდა და გაეცნო.
ნოე ერქვა. ბიბლიური სახელი და ნანიკომ ლამის უკვე შარავანდედი დაადგა თავზე.

გვერდით მიუჯდა. ილაპარაკეს, იხუმრეს, იცინეს. ნოე ისევ ისე ხმამაღლა ჭახჭახებდა და ნანიკოს არ სჯეროდა თუ ეს საუბარი ახლა მისთვის იყო განკუთვნილი.

არდადეგებამდე დამეგობრებაც მოასწრეს. მეორე წელს ისევ შეხვდნენ. ნოესთვის ნანიკო კარგი მეგობარი იყო, ყველა პრობლემას რომ მოუგვარებდა ისეთი. მაგრამ ამ გამხდარი გოგოს შეხებაზე გული სხვანაირად უფეთქავდა. არადა, იცოდა ნანიკო მისთვის ტაბუდადებული თემა იყო; დედამისი ,,ლუდოვიკოს“ და „რენესანსის“ გარნიტურების ეპოქაში ჩარჩენილი ქალი, შვილის რჩეულს რომ ნახავდა, არც სხვას აცოცხლებდა და არც თავს იცოცხლებდა. საცოლეც შერჩეული ჰყავდა ერთადერთი ვაჟისთვის, რომელსაც სოლიდური მზითვის გარდა არაფერი ჰქონდა მომხიბვლელი.

იცოდა ეს ნოემ, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო ნანიკოს ჩალისფერი თმების სუფთა სურნელს, მის ფართოდ გახელილ ლურჯ თვალებს და …
„ჯეინ ეარზე“ შეყვარებული ნანიკო გვიან მიხვდა რომ ფეხმძიმედ იყო. უბრალოდ არ იცოდა, რა და როგორ, ამ თემაზე მასთან არც დედას უსაუბრია, არც მეგობარს…

მისი გულისწასვლების შემდეგ, იმ სახლის დიასახლისმა, სადაც ცხოვრობდა, იეჭვა, რომ გოგონა ფეხმძიმედ იყო. ექიმთან წაიყვანა და ეჭვიც დადასტურდა.
ნოეს უთხრეს. ჯერ გაიცინა, მერე ტირილი დაიწყო, მერე გადაწყვეტილება მიიღო და სახლში წავიდა.

იმ დღეს არ გამოჩენილა. არც მეორე დღეს. არც მეათე.
ორ კვირაში ნანიკო სოფელში წავიდა.
ავტობუსიდან ჩამოსული, ბონდის ხიდს რომ შეუდგა ერთი ფიქრი იფიქრა, გადავხტებიო, მაგრამ გაახსენდა, რომ მის შიგნით მეორე, პატარა არსებას უკვე გული უცემდა და პირჯვარი გადაიწერა.

დედას უთხრა. დედამ ოთახში შეკეტა და თმით ითრია, სახე აუწითლა, იტირა, ლოყები დაიხოკა, მაგრამ მამას არაფერი უთხრა. მოგვიანებით, ისე, სხვათაშორის თქვა, – ,,ბავშვს რა ეშველება, მთელი ზაფხული ბათუმში უნდა გაატაროს, პრაქტიკებზე უშვებენო“. მის გონებაში ისეთი ჭკვიანური და ეშმაკური გეგმა მომწიფდა, მხოლოდ გამწარებულ ქალს რომ შეიძლება მოუვიდეს თავში. მეორე დღეს ნანიკოს ხელი მოჰკიდა და ბათუმში წაიყვანა თავის დასთან. გეგმა ასეთი იყო, ნანიკო ბათუმში იმშობიარებდა, ბავშვს აჭარაში ერთ-ერთი მონასტრის ბავშთა სახლს ჩააბარებდნენ დროებით; მერე, როგორღაც, ქმარს გააგებინებდა, შეაგუებდა და წამოიყვანდნენ. ზაფხულამდე ჯერ კიდევ იყო დრო. ნანიკოს უნივერსტეტში უნდა ევლო. სანამ მუცელი წამოეზრდებოდა.

ნოე არ ჩანდა და არავინ იცოდა სად იყო. მისმა მეგობრემა თქვეს გადავიდაო. ზოგმა აკადემიური აიღოო. არ სჯეროდა ნანიკოს, რომ მისი ნოე მშიშარა და მხდალი იყო.

ერთხელ, როცა სახლში მიმავალი ქუჩას მიუყვებოდა და მუცელში თავისი შვილის უსუსურ მუჯლუგუნებს გრძნობდა, მეორე ტროტუარზე ხესთან გაქვავებულ ნოეს მოკრა თვალი. იდგა და მას უყურებდა. ნანიკო არ გაჩერდა, არც მოიხედა, არც გაწითლდა… მთელი თვისი თავდაჯერებით განაგრძო გზა. ისეთი თავდაჯერებით, რომელსაც ქალი მხოლოდ მაშინ გრძნობს, როდესაც დარწმუნდება, რომ უყვართ.

საღამოს, დიასახლისმა წერილი შემოუტანა. ,,ვერც მოვალ, ვერც ვერაფერს გეტყვი. ვერც ბოდიშს მოვიხდი, ვერც ვერაფერს შეგპირდები. უბრალოდ, მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ და ვიბრძოლებ, რომ ოჯახი გვქონდეს. სანამ ეს არ შემეძლება არ მოგიახლოვდები. არ ვიცი რამდენი თვე თუ წელი დამჭირდება, და ვერც იმას გეტყვი, რომ დამელოდო. იცოდე, როცა მოვალ ერთად ვიქნებით ყველა. ახლა, როგორც გინდა ისე მოიქეცი. შენი გადასაწყვეტია გიყვარდე თუ გძულდე. ნოე“

ნანიკოს უყვარდა და ვერ შეიძულებდა. ყველაფერს გაუძლო. საშინელი ტკივილების დროს ახსოვდა რომ ნოე მოვიდოდა. შვილი რომ მკერდიდან მოიგლიჯა და ბავშთა სახლში დატოვა იმის ცოდნა აჩერებდა, რომ ნოე მოვიდოდა. ყოველ შაბათ-კვირას, შვილისკენ მიმავალი საკუთარ თავს უმეორებდა, რომ ნოე მოვიდოდა. შუაღამისას წიგნებზე ჩამოძინებული სიზმრად ხედავდა, რომ ნოე მოდიოდა.

უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ ნანიკო, ნოე, საბა და ანა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est