ძალადობა ნებაყოფლობით

24 Jul

ზუსტად  ერთი წლის წინ, სტამბულიდან საქართველოში ავტობუსით მომიწია წამოსვლა. აქსარაის ავტოსადგურში, ათასობით ადამიანი ირეოდა. უმეტესობა, რა თქმა უნდა, ქართველი… თანაც ქალი. მოსაცდელში ბევრმა ენაწყლიანმა საკუთარი ისტორია დაუნანებლად მოყვა, ასევე, საკუთარ უმწიკვლობაზე ხაზგასმული მინიშნებებით. იმ მომენტში მათ რეპუტაციაში არავის შეჰპარვია ეჭვი, ამდენად, უადგილო იყო ეს ხაზგასმა. მაგრამ, ყველამ ვიცით, რომ არცთუ უადგილო …

თურქეთში ასეულობით ქართველი ქალი ირჩენს თავს (როგორც უწოდებენ ხოლმე) ერთ-ერთი უძველესი პროფესიით და მათთვის ეს საქმიანობა ერთადერთი შემოსავლის წყაროა. ამისათვის სულაც არაა საჭირო ოფიციალურ საროსკიპოებში მსახურობდნენ. უმეტეს შემთხვევაში მაღაზიაში, ჩვეულებრივ გამყიდველად ან კონსულტანტადაც ვერავინ დაიწყებს სამსახურს, თუკი ინტიმური ურთიერთობა არ დაიკავა მეპატრონესთან. ეს, ის შინაურული ამბებია, რომელთა შესახებაც ხმამაღლა არსად და არავინ საუბრობს.

მოგვიანებით, ავტობუსში, თვრამეტსაათიანი გზის უმეტესი ნაწილი ამ პრობლემაზე ფიქრით დავფარე. იმის მაგივრად, რომ სტამბულის მაგიით გაბრულებულს, მის ქრისტიანულ კერებზე, მის მელოდიასა და სურნელზე მეფიქრა, მუდმივად ჩემს ერთ-ერთ თანამგზავრს ვუყურებდი. დაბალი და მკვრივი, შავად შეღებილი გრძელი თმით, ოქროსფერი ბაფთით, მსუყე და მყვირალა მაკიაჟით, იაფფასიანი გამოტმასნილი ჯინსითა და მაღალქუსლიანი ოქროსფერი ფეხსაცმლით. 30 წელს გადაცილებული იქნებოდა. დაიძრა თუ არა ავტობუსი დაიძინა და თვრამეტი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გაახილა თვალი. მაშინაც შემომხედა, საცოდავად გამიღიმა, თითქოს მიბოდიშებდა, მითხრა „ისე დავიღალე, სახლში რომ ჩავალ, ალბათ, ერთი კვირა ვიძინებ“. რაღაცნაირად ეძინა, ორ სკამზე მოკუნტულს, ოდნავ გაღებული პირით, მაგრამ, ყველაზე საშინელი ის იყო, რომ მის სახეზე წაშლილი იყო ყოველგვარი ადამიანური ემოცია, მიმიკა და ცოტათი გონებაშეზღუდულს ჰგავდა. მის ირგვლივ მსხდომნი ქირქილებდნენ, იცინოდნენ და მასზე ანიშნებდნენ.

ამაზრზენად დასამახსოვრებელი სანახაობა იყო, მაგრამ ცხადი, რომ იგი არ იყო ტრეფიკინგის მსხვერპლი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. მისი სახეც მხოლოდ ახლახან გაგებულმა ამბავმა ამომიტივტივა.

***
ის გოგო ჩვენს თვალწინ გაიზარდა. სულ პატარა იყო დედამისი თურქეთში რომ წავიდა. მამასთან დატოვა. კიდევ ბებიასთან და ბაბუასთან, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ. თუმცა მარტო არ იყო, უფროსი და ჰყავდა. მასსავით ხალისიანი, კომუნიკაბელური და ოდნავ პრიმიტიული. ალბათ იმიტომ, რომ ოჯახში საუბარი აკლდათ. მამას მათთან გულითადობისთვის არ ეცალა და არც სურვილი ჰქონდა. სოფელში ჩასულები კი თავად გაურბოდნენ ბებია-ბაბუასთან კონტაქტს და ორღობეში სირბილი ერჩიათ. თანაც, მობეზრებული ჰქონდათ ადამიანური რჩევა-დარიგების მაგივრად, მუდმივად იმის ჩიჩინი, რომ დედა ტუალეტებს იმის გამო ხეხავდა, რომ მის შვილებს ნორმალურად ეცხოვრათ. თუმცა, ნორმალურ ცხოვრებაში რას გულისხმობდნენ, დღემდე ვერ გაუგია.

… იმას, რომ პატარა ხელებით თვითონ უნდა ერეცხათ საკუთარი ტანსაცმელი, თუ იმას, რომ ყოველ დღე მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტი უნდა ეჭამათ.

მალე მამაც დედასთან წავიდა. თვითონ მესამე კლასში იყო, და – მერვეში. ვინაიდან ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში სწავლობდნენ, სახლი იქვე დაუქირავეს. ერთ დროს სახლიც კარგი ჰქონდათ და წინაპართა დანატოვარი ქონებაც, მაგრამ ორივემ კარგად იცოდა, რომ მამამ ყველაფერი წააგო. ამ ნაქირავებ ორ ოთახში ატარებდნენ მხიარულად დღეებს. მეცადინეობით თავს არ იკლავდნენ, მაგრამ მეგობრებისთვის მათი კარი მუდამ ღია იყო. მათთან ერთად ეპარებოდნენ პირველ ჭიქა კონიაკს, პირველ ღერ სიგარეტს და პირველ კოცნას. ღამღამობით უკვე აღარ ნატრობდნენ დედის ძილისწინა ჩხუტებას და აღარ ეშინოდათ ფანჯარაში შემოპარული ქარის. სკოლიდან სახლშიც მიმავალი ყველა მეგობარი მათთან შემოივლიდა ხოლმე. შეყვარებულებიც ჰყავდათ. ჯერ უფროსს, მერე თვითონ, მაგრამ საბედნიეროდ, გზად ყოველთვი კარგი ადამიანები ხვდებოდათ ხოლმე. მეგობრების დედები, რომლებიც საჭმელს უგზავნიდნენ; გულისსწორები, რომლებიც უფრთხილდებოდნენ.

თავადაც იყვნენ გზააბნეულები და კეთილები. მალე პატარა ძმა გაჩნდა. დედამ აქეთ იმშობიარა, ძუძუ აჭამა, წამოზარდა და დებს დაუტოვა. ახალი საზრუნავი გაუჩნდათ. ამიტომ, სოფელში ყოფნა არჩიეს, რათა შემთხვევით და უცოდინრობით პატარასთვის არაფერი დაეშავებინათ. სკოლა უცდებოდათ, მაგრამ ეს, ის წლები იყო, როცა უსწავლელობისა და გაცდენებისის გამო არავინ გსჯიდა, ამიტომ დიდად არ ჯავრობდნენ.

ამასობაში უფროსმა სკოლა დაამთვრა და გერმანიაში წასვლაზე დაიწყო ზრუნვა.
რა იყო ეს გაქცევის თუ საკუთარი თავის დამკვიდრების სურვილი არავინ იცის. მაგრამ ფაქტია, წავიდა!..

მარტო დარჩა. აღარ არსებობდა ,,ჩვენ“. იყო – მე და პატარა ბიჭი, რომელიც მუდმივად უნდა ეტარებინა ყველგან, სადაც წავიდოდა. გაიზარდა. დაქალდა. ძალიან ლამაზი იყო. შავგვრემანი, მაღალი ფეხებით, გრძელი თმით და ისეთივე ველური გამოხედვით, როგორც ბავშვობაში. მეგობრები ავატარს ეძახდნენ და ამაზე ბევრი იცინოდა.

დედა პერიოდულად ჩამოირბენდა ხოლმე და შვილებს დახედავდა. კიდეც უხაროდა და გულიც წყდებოდა, რომ მისი დედა არ ჰგავდა მისივე მეგობრების დედებს. შორტით და ტოპით დადიოდა, სადილების კეთებით და ოჯახში ფუსფუსით თავს არ იკლავდა (ისვენებდა). არადა, როგორ უყვარდა დაქალებთან მისულს თბილი და გემრიელი სურნელი, რომ შეეგებებოდა. ეს ოჯახური სურნელი და ფუმფულა დედაზე ჩახუტებული მეგობარი იყო ოცნება, რომელიც მას არ აუხდებოდა.

თვითონ, იყო მარტო. მწვავე გასტრიტით და ქრონიკული ტონზილიტიანი ძმით, რომელსაც თითქმის ყოველდღე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ამიტომ, დედ-მამის გამოგზავნილ ფულს მთლიანად მზა საკვებში და წამლებში ხარჯავდა. გული მოსდიოდა დაზე, რომელიც შორეული მოკითხვებით შემოიფარგლებოდა და რომლის თავისუფალი ცხოვრების შესახებ გერმანიიდან შემაშფოთებელ ამბებს იგებდა.

დედა ამაზე, მხოლოდ იცინოდა. არწმუნებდა, რომ მალე თავისთან წაიყვანდა.

კიდეც უნდოდა სტამბული და არც უნდოდა. მეგობრები გამოცდებისთვის ემზადებოდნენ. თვითონაც დიდი წვალებით გამოსთხოვა დედას მასწავლებებთან სიარულის უფლება და მანაც ერთი შანსი მისცა.

არ გაუმართლა. განაჩენივით გამოუტანეს სტამბულში სამუშაოდ წასვლა. დედა საოცარ სურათს უხატავდა. თვითონ ძვირადღირებულ სასტუმროს ალაგებდა, სადაც ძვირფასი კლიენტები, ძვირიან საჩუქრებს არ აკლებდნენ. რის საფასურად, ამაზე დედა ჩუმად იყო. თავისი „პატრონისგან“ მისთვის ბევრი საჩუქარი ჩამოჰქონდა და იქ ჩასულს კიდევ მეტს ჰპირდებოდა.

ტიროდა. ეძნელებოდა გადარეული დაქალების და არანაკლებ გადარეული შეყვარებულის დატოვება, რომელიც მასთან ერთად უთევდა ხოლმე ღამეებს პატარა ძმას. უთბობდა გაყინულ ხელებს და დარბოდა ექიმიდან ექიმთან. მისი კოცნა ყველაზე ახლობელი შეგრძნება იყო ამ ქვეყნად. სხვა არასოდეს არავინ მოქცევია ასეთი სინაზით და მზრუნველობით. ამიტომ ტიროდა. მაგრამ დედას, თვით მამაც კი (რომელსაც პროტესტის გრძნობა საერთოდ არ გააჩნდა) ვერ უბედავდა ვერაფერს და სექტემბრის დასაწყისისთვის ულამაზეს და მისთვის საძულველ ქალაქში აღმოჩნდა.

წამოსვლას უფრო იმიტომ დათანხმდა მეგობრებისთვის დაემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ, რომ დედას აქ გასაყიდად და ფულის საშოვნელად კი არა, თავისთან ახლოს რომ ჰყოლოდა იმიტომ მიჰყავდა. ვერ ინელებდა, მაინც რა პირდაპირ და უგულოდ ეუბნებოდნენ –დედაშენი შენს გამოყენებას აპირებსო.

ამის გამო, როცა დედამ მურადი გააცნო, მის თბილ „მერაბას“ ცივი მზერა შეაგება. თუმცა, ძვირფასი სუნამოს სურნელმა, მუდმივმა მოკითხვამ, საჩუქრებმა, ვახშამმა ძვირფას რესტორნებში თავისი გაიტანა და გოგონას თავბრუ დაეხვა.

„მიხვდა“, რომ დედა მართალი იყო და მარტო „გაღლეტილი სიყვარული“ ვერ გააბედნიერებდა, რომ ფული იყო ყველაზე მთავარი, რითაც ყველაფრის ყიდვას შეძლებდა. ამ აღმოჩენამ ყველაფერი გაუადვილა. უგულო და დამცინავი სიტყვები მისწერა საკუთარ ბავშვობას…

…და მურადს, ოსმანი მოჰყვა, ოსმანს – რუშთი… სულ ახლახან კი, სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე, ბედნიერი დედის გვერდით გადაღებულ ფოტოებთან ერთად, ლამაზი თურქის სურათი გამოდო, სათაურით : „ჩემი ახალი“.

***
არასრულწლოვანი აღარ არის. უკვე ძალასაც არავინ ატანს. კარგი ცხოვრება უნდა. იოლი. მაგრამ ყველაზე რთული ხომ ესაა. ტრეფიკინგი (საკმაოდ უჩვეულო ფორმით), ძალადობა (თითქმის დაფარული). ადამიანით ვაჭრობის თანამედროვე და ყველაზე უკონტროლო ფორმა. საზღვარგარეთ გადაყვანა მუქარით, მოტყუებით ან ძალადობით. რომელსაც გმობს გაეროს არაერთი კონვენცია, სისხლის სამართლის კოდექსი და, ჩვეულებრივი, ადამიანური მორალი.

მაგრამ, როგორ უნდა მოიქცე, როდესაც მორალი ჩუმადაა, როდესაც დედა-შვილობა მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია, რათა ტრეფიკინგს ზუსტი სახელი უწოდო, ხოლო, ძალადობამ ნებაყოფლობითი სახე მიიღო.

საკუთრ სახელმწიფოს ვერსად უჩივლებ დაუსრულებელი ეკონომიკური კრიზისისთვის (პროტესტიც არაფრისმომცემია), ეკლესიას ვერ უსაყვედურებ ადამიანთა სულებში მორალის ნაკლებობისთვის. ეს ისეთი რამაა, რასაც თითოეული ჩვენგანი უნდა ებრძოლოს ერთად და ცალ-ცალკე, სხვებთან და საკუთარ თავში, რათა საკუთარი ძალისხმევით და შრომით მოპოვებული უფლებები გვანიჭებდეს თავისუფლების და არა დამცირების საშინელ შეგრძნებას.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est