„მერე რა, რომ გარემოვაჭრეა, ქალი მაინც ქალია…“

24 Jul

ქუთაისის ფალიაშვილის ქუჩის ერთ ნახევარს მწვანეში ჩაფლული ბულვარი გასდევს, მეორე ნახევარს კი ძველი ქალაქის განუყრელი, ასევე ძველი, ორსართულიანი შენობები, რომელთა ქვედა სართულზე დახურული გალერეა, სავაჭრო დანიშნულების პასაჟია განთავსებული …

პასაჟი ქალაქის ისეთივე განუყრელი და დატვირთული ნაწილია, როგორიც ჯაჭვის ხიდი ან ბაზარი. იაფფასიანი გარე ვაჭრობისა და საყოფაცხოვრებო მაღაზიების ერთობლიობა, დიდად სასიამოვნოს ვერა, მაგრამ მაინც თავისებურ კოლორიტს ქმნის.

ეს გრძელი, თაღებიანი გალერეა შეიძლება ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილადაც ჩაითვალოს, სადაც ზამთარსა და ზაფხულში ხალხის ნაკადი არ წყდება და სეზონის შესაბამისად ჩაცმული გარემოვაჭრე ქალბატონების მუდმივი გადაძახილ-გადმოძხილი ისმის.

როცა სახლისკენ მიმავალი, პასაჟში, ერთმანეთში არეული ადამიანების დინებას ვუერთდებოდი არაერთხელ გამჩენია სურვლილი, მოვაჭრე ქალთაგან რომელიმესთან გავჩერებულიყავი და მის სულში ხელები ,,მომეფათურებინა“. მაშინაც, როდესაც ადმინისტრაციული შენობის წინ, ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ და თავგანწირვით იბრძოდნენ საკუთარი სავაჭრო ადგილებისთვის.

ზოგჯერ, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, მეც გამჩენია პროტესტის გრძნობა, ქალაქის ცენტრში განთავსებული ამ ქაოსური ვაჭრობის მიმართ, მაგრამ, როცა ამ ქალებს ვუყურებ, როცა ზამთარში მათ შეციებულ და დამზრალ ხელებს ვხედავ, ზაფხულის ხვატში კი ოფლითა და მტვერით წამონთებულ სახეებს, გული სიბრალულით მევსება და სხვა ყველა მოქალაქეობრივი პოზიცია მავიწყდება. აქ ჯდომა ხომ მათთვისაც სასჯელია. ლუკმა პურისთვის და ელემენტარული საარსებო წყაროსთვის გაღებული მსხვერპლი. ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომლითაც საკუთრ ოჯახებს არჩენენ, შვილებს და შვილიშვილებს ზრდიან, გადასახადებსა და ქირას იხდიან.

ისინი სახვადასხვანაირები არიან: ახალგაზრდები და მოხუცები, თამამები და მორიდებულები, ცბიერები და ალალები, ზოგიერთი მოჭარბებული აგრესიით, ზოგიც იმერულ-მეგრული ლავირებითა და კლიენტის მოზიდვის უბადლო ტექნოლოგიით, მაგრამ, ისინი ქალები არიან. ამიტომ, ბუნებრივია, ყოველ მათგანს გააჩნია თავისუფლების, ბედნიერებისა და კომფორტის დაუოკებელი მოთხოვნილება.

ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როცა ზაფხულის ცხელ და ქარიან დღეს მათთან სასაუბროდ მივედი. ზოგი გულღია იყო, ზოგიც, პირიქით – არაკეთილგანწყობილი, მაგრამ როცა შევთანხმდით, რომ პოლიტიკაზე არ ვისაუბრებდით, ყველას გულზე მოეშვა. არადა, ზოგიერთ მათგანს საკმაოდ დამაჯერებელი და არგუმენტირებული პოლიტიკური პრეტენზიები გააჩნდა.

მაშ ასე, გარემოვაჭრე ქალები:

ანა (27 წლის): „გამარჯობა!.. რაღაც ამ ბოლო დროს დამინახიხარ. ჩემს შესახებ გიამბო?.. რა უნდა გიამბო, უკვე ათი წელია აქ ვზივარ და, ალბათ, კი მიცნობ. მოიცა, შენი შვილიც ხომ ათი წლისაა, ზუსტად მახსოვს, მე რომ აქ მოვედი, თქვენი ყურება ისე მიყვარდა!.. მაშინ თქვენი პატარა გოგონა ახალი დაბადებული იყო და მეც 17 წლის ვიყავი. ლტოლვილი ვარ, გუდაუთიდან. სიმართლე გითხრა, კაი ხნის გოგო ვიყავი, მაგრამ, დიდად არ მახსოვს ეს ყველაფერი. ალბათ ჩემს გონებას უნდა დავიწყება და ნელ-ნელა ვივიწყებ. რაც ქუთაისში ჩამოვედით გვიჭირდა. ხან სასტუმროში ვცხოვრობდით, ხან ნათესავებთან. დედაჩვენი ყველაფერს აკეთებდა, რეცხავდა, სახლებს ალაგებდა, მაგრამ ახლა იტალიაშია და სული მოვითქვით. ძმა მყავს და რძალი. პატარა ძმიშვილიც. დედა უმეტესად ჩემი ძმის ოჯახს ეხმარება და მეც ხომ მინდა საკუთრი ფული?.. აქ რომ მოვეწყვე სამუშაოდ, მაშინ დედაჩემი წასული არ იყო და ოჯახს ვეშველებოდი. ახლა, რასაც ვიღებ ჩემთვის ვიყენებ. თავიდან ძალიან მიჭირდა. ტირილამდეც მივსულვარ, მრცხვენოდა. 17 წლის გოგოსთვის როგორია ფაქტიურად ქუჩაში ჯდომა, მაგრამ თითქმის ნახევარი ცხვოვრება გავატარე აქ, რომ იტყვიან მთელ ქალაქს ვიცნობ და აწი რისი მერიდება?! ყველას ვუღიმი, ვეფერები, ამიტომ მეც ყველასგან ვგრძნობ სითბოს. აქაურ გარე მოვაჭრეებზე ამას ვერ ვიტყვი. ზოგჯერ, რომ მგონია ჩემიანები არიან და მათი იმედი შემიძლია მქონდეს ისეთ რამეს ჩაიდენენ, მთლად მეკარგება ადამიანების მიმართ ნდობა და სიყვარული.

ამიტომ, მაინც წასვლაზე ვფიქრობ. ახლა დედაჩემი საბუთებს მიკეთებს მეც რომ წავიდე, თორემ, აქ, არანაირი პერსპექტივა არ მაქვს. სწავლით მე ვეღარ ვისწავლი და იტალიაში მაინც ვეწევი ბედს. რომ მეკითხებიან რატომ არ თხოვდებიო – მეცინება, ამ ქალაქში ვინ მითხოვს, ყველა ხედავს, რომ მთელი დღე გარეთ ვარ და აქ კი იცით, რა მოთხოვნები აქვთ. არ მინდა ამ პასაჟაში გავატარო მთელი ცხოვრება, არ მინდა უოჯახოდ და უშვილოდ დავბერდე. სხვა ქვეყნების ნახვაზე ვოცნებობ, სიყვარულზე და კარგ ცხოვრებაზე. აუციებლად წავალ, თავს მივხედავ, ვიმუშვებ, ადამიანებს გავიცნობ. მგონი ჯერ კიდევ არაა გვიან, ხომ?….“
***
ნათელა (57 წლის): „რა გინდა შვილო ჩემგან, ნახე რამდენი ქალია, რაღა მაინცდამაინც მე მომადექი, თუ, ბევრს რომ ვხმაურობ იმიტო მივიქციე ყურადღება?!

რა ვქნა შვილო, ისე მიშლის ეს ხალხი ნერვებს, ხანდახან, რომ ავიღო და ჩავარტყა ეს ჩემი ჩამჩები და ჯამ-ჭურჭელი, იმ ჭკუაზე ვარ. კი არ მეხალისება აქ ჯდომა. სხვა გამოსავალი არა მაქვს თორე… მეც კი ვიცი “კაი“ ცხოვრება კარგი რომაა…

რაც ამ პასაჟებში გარევაჭრობა დაიწყო, მას შემდეგ აქ ვარ… ერთი ქალი მენაცვლება. ერთი კვირა ისაა, ერთი კვირა მე.

მძიმე პერიოდი იყო აქ რომ დავჯექი და ეს ჭურჭელი გამოვყარე გარეთ. 90-იან წლებში, მოგეხსენება საჭმელ-სასმელიც არ იშოვებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ ასე, თორემ, პროფესიით ინჟინერი ვარ. ქმარი გარდამეცვალა და დავრჩი უსახსროდ. ჩემს შვილებს გზაზე დაყენება ხომ უნდოდათ?.. ამან გადაარჩინა ჩემი ოჯახი. მერე, სხვებმაც გაიგეს, მოდიოდნენ ძველ ჭურჭელს მაბარებდნენ და იმათაც ვშველოდი.

ძალიან ძნელია აქ ყოფნა. ახლაც, ხომ ხედავ რა სიცხეა, 35 გრადუსზე მეტი იქნება, ოფლი მასკდება და ჰაერი არ მყოფნის, მაგრამ, ვზივარ და ველოდები როდის გამოივლის ვინმე მადლიანი და იყიდის რამეს. ზოგჯერ ნახევარი საათი მეკითხებიან, მაძებნინებენ, ათვალიერებენ და მერე, ისე მიდიან, არაფერს ყიდულობენ. მაშინ ვკარგავ კონტროლს და ამიტომ ყველას უხასიათო ვგონივარ, თორემ, სახლში არ ვარ ასეთი ხმაურიანი, პირიქით, შვილიშვილები ფანჯარასთან მელოდებიან. უცდიან, როდის მივალ და მივუტან სნიკერსებს და ჩიპსებს. იმათი გულისთვის, სანამ შემეძლება აქ ვიქნები. ამ ადგილიდან ვერც კანონი და ვერ უკანონობა ვერ ამაგდებს. ჩემი შვილი კი მუშაობს, მაგრამ რა არის დღეს ამ ქალაქში ხელფასი?.. არაფერი. ჩემი შემოსავალი ძალიან გვეხმარება და იმიტომ ვუძლებ…

***
ინეზა (50 წლის): “დიახ, გისმენ გენაცვალე, რითი შემიძლია დაგეხმარო?.. აქ შვილო, უკვე ხუთი წელია ვზივარ. მე, რომ იტყვიან, ყველაზე კეთილშობილური მისია მაკისრია. ხატებს, სანთელს და საკმეველს ვყიდი. ხომ გრძნობ, რომ აქ მუდმივად საკმევლის სუნი ტრილებს, ვწვავ და აქურობას სასიამოვნო სურნელით ვავსებ, ყველას სიამოვნებს და მადლობას მეუბნებიან. აქ ყოფნა ნამდვილად ძალიან რთულია, მაგრამ, რა უნდა ვქნა?! ქვრივი ვარ, შვილმკვდარი დედა. ეკლესიაში დავდიოდი და მერე ეს გზა მოვნახე. ღმერთმა არ დამტოვა მარტო. რაღაც სახსარი მეც გამომიჩინა. მალე, ჩემი შვილი ინსტიტუტს დაამთავრებს, სამსახურს იშოვის და მეც მეშველება. თუ არ მეშველება და, სანამ საჭირო იქნება, აქ დავრჩები. იმედია, არ აგვყრიან. პერიოდულად შემოგვესევიან ხოლმე და გაასუფთავებენ აქაურობას. მერე, ერთი ან, ზოგჯერ, ორი თვე ვიცდით და მივეპარებით ნელ-ნელა ჩვენს ადგილებს. ბოლოს და ბოლოს აქ ტყუილად ხომ არა ვართ, ფულს ვიხდით. ისე, ჩვენი აქედან აყრა დიდი ცოდვაა შვილო, რომ იცოდე. ყოველ ჩვენგანს ათასი გასაჭირი აქვს. ეგერ, რომ ქალი ზის, იმასაც შვილი ჰყავს მკვდარი და არ უნდა სიძის სარჩენი გახდეს. აქეთ რომ ზის, მარტოხელა დედაა და შვილი სტუდენტი ჰყავს. ჩვენთვის ესაა ერთადერთი შემოსავლის წყარო. კი, ვიცით, რომ არაა ლამაზი ქალაქის ცენტრში ასეთი არეულობა, მაგრამ, მაშინ, გამოგვიყონ ადგილი და წავალთ. მაგრამ სად წავალთ?! აქ ბაზარია, ხალხი მიდი-მოდის და ასე თუ ისე რაღაცას ვვაჭრობ. ამდენი ქალი რომ ვართ გამოსული, მიტოვებული გვაქვს ოჯახები, ქმარ-შვილი და დავიწყებული საკუთარი თავი, ესე იგი ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თორემ, ვის სიამოვნებს ამ მტვერში, სიცხესა და სიცივეში აქ ჯდომა. მერე რა რომ გარემოვაჭრეები ვართ… მაინც ქალები ვართ.“
***
ლალი (46 წლის): „მოდი, ქალბატონო, მოდი, ნახე, რა კარგი გეტრები და კალგოტკები მაქვს. სიცხეა?… მერე შეინახე და შემოდგომისთვის გამოგადგება. არ გინდა?.. აბა ჩემი ამბავი რა საინტერესოა. მე რომ ამბავი და ისტორია მქონდეს, აქ კი არ ვეგდებოდი დილიდან დაღამებამდე. სამჯერ ვარ გათხოვილი და არცერთი ქმარი არ შემხვდა ისეთი, რომ ამ ადგილიდან წავეყვანე, მოვეცილებინე აქაურობისთვის. ან სად ვნახულობდი ამ ხალხს?! ახლა კი ვისწავლე ჭკუა და მესამეც გავაგდე სახლიდან. ჩემი ოფლითა და ჯაფით მოპოვებული ფული მაგათ რატომ უნდა დავახარჯო? მივდივარ ლილოზე, ვათრევ უზარმაზარ ფუთებს. მერე, აქ ვარ და გამვლელ-გამომვლელს ვეხვეწები იყიდეთ რაიმე-თქო. ყიდულობენ რაც შეუძლიათ, მაგრამ არც ამ ხალხს აღარ აქვს ფული. ბაზარში მიიჩქარიან, რომ საჭმელი მაინც ჰქონდეთ.

რომ მიყურებ, აქ მე ჩემთვის ვარ ცალკე, არავის ვეკონტაქტები და ვემეგობრები. ყველა გაღიზიანებულია და ყველა თავის თავზე ფიქრობს. ჩემი შვილებიც იმიტომ მომადგებიან ფული რომ მივცე, თორემ, ერთხელ არ უკითხავს არცერთს, დედა გცხელა თუ გცივაო?.. გშია თუ გწყურიაო?.. მიჩვეულები არიან, რომ დედა ყველაფერს გადაიტანს და გაუძლებს. ჩვენ ხომ ასე ვზრდით შვილებს, რომ იმათ ყველაფერი ჰქონდეთ და ჩვენ – არაფერი. ხომ ხედავ, თმა რას მიგავს. ორი თვეა არ შემიღებია, არადა, არ ვიყავი ცუდი გოგო. ქალის და მამაკაცის თანასწორობა მეტი რა გინდა. აგერ, რომ გვიყურებ ქალებს, რომელი მამაკაცი შეგვედრება (იცინის). მეჩხუბებოდა დედაჩემი ისწავლეო. მე აქეთ-იქით წანწალი მერჩია და 17 წლისას უკვე ქმარ-შვილი მყავდა. ამიტომ, ახლა წესით არ უნდა ვწუწუნებდე.“
***
ისინი დგანან და ელიან… ზოგი კლიენტს, ზოგი იღბალს, ზოგი ბედნიერებას, ზოგი სიყვარულს, ზოგი შვილს, ზოგი აგრილებას ან, პირიქით, დათბობას, ზოგი მზეს, ზოგი მადლობას, ზოგი დაღამებას, ზოგი აქედან გაღწევას, ზოგი ღვთის წყალობას… ყველანი ერთად კი – უკეთეს მომავალს, მათთვის უფრო ლოიალურს, თბილს და სანატრელს, სადაც მათი სამუშაო ადგილი იქნება ყველასთვის მისაღები და პატივსაცემი, მათი შრომა – დაფასებული. სადაც, ყველაფერზე წამსვლელი პოლიციის თანამშრომელი არ მივა და ჯოხით და გინებით, ძაღლივით არ ააგდებს ერთადერთი ,,მარჩენალი“ ადგილიდან.

სადაც ქალი იქნება ქალი. სრულუფლებიანი და თავისუფალი, ხოლო სიტყვათა შეთანხმება ,,გენდერული თანასწორობა“ – იგულისხმებს არა ქალისა და მამაკაცის იგივეობას, არა ქალისთვის ქალობის წართმევის მცდელობას, არამედ, ქალისა და მამაკაცის თანაწორობას ჰარმონიულ, სოციალური სამართლიანობის პრინციპების მქონე საზოგადოებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est