დაღლილი… და არა სასოწარკვეთილი

24 Jul

უკვე ათი წელია, ია გიორგის თვალებში უყურებს. მის სუნთქვას აკვირდება, მის გულისცემას ითვლის, მის ტემპერატურას აკონტროლებს, აბანავებს, აჭმევს, ასუფთავებს, საწოლში გადაბრუნებაში ეხმარება და, თუ დასჭირდა, ხელში აყვანილსაც ატარებს. მისი სახის თითოეულ მიმიკას კითხულობს, უსიტყვოდ ესმის და გრძნობს რა უნდა. გიორგი ხომ ყველა ამ ბედნიერებას მოკლებულია. ათი წელია ვეღარ დადის, დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს, შეფერხებით აზროვნებს …

***

იას ღრმა, ლურჯი თვალები და მკვეთრი ნაკვთები აქვს. ძლიერი ქალის საინტერესო სახე.
ალბათ, 19 წლის წინ, ამ სახეში, უფრო, ახალგაზრდული სილაღე, უზრუნველობა და ოცნებები იკითხებოდა. ამ საოცრად მეტყველი და გულღია გამოხედვით მოაჯადოვა გიორგი, ქუთაისში, ბიძაშვილითან სტუმრად ჩამოსულმა. მაშინ ია 21 წლის იყო, გიორგი –26. ია – თბილისელი, საინტერესო და თავისუფალი გოგო. გია – ჭკვიანი და დიდთვალა, კარგი ბიჭი. ქუთაისური იუმორი, სიცილი, მეგობრები… და ქიმია ქალსა და მამაკაცს შორის, რომელიც, ბოლოს, ყველაფერს წყვეტს ხოლმე.

ბოლოს მაინც მოტყუებით წაიყვანეს. ცოლი გახდა. ქმარიც უყვარდა და იმ ქალაქის შეყვარებასაც ცდილობდა, რომელიც ძალიან შორეული იყო მისთვის. ცოლ-ქმრული ბედნიერებაც იყო ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს, ნათესავებით სავსე იმერულ ოჯახში, დედამთილ-მამამთილის გვერდით – ერთ ოთახში შეყუჟული და დატეული ბედნიერება.

უნივერსტეტში მუშაობდა აღმოსავლური ენების კათედრაზე და საკმაოდ დიდი გეგმებიც ჰქონდა. შვილებიც შეეძინათ – უმშვენიერესი დედის მსგავსი ,,ცისთვალა“ გოგონები. გიაც წარმატებული ადამიანი იყო და ყველაფრიდან ჩანდა, რომ მომავალში ბედნიერი და უზრუნველი ცხოვრება ელოდათ.

მაგრამ, ვინაიდან, ყველა ბედნიერებას თავისი “მაგრამ“ აქვს… იას დიდი ბედნიერება მხოლოდ 9 წლის იყო, როცა შეწყდა და სხვა ფაზაში გადავიდა. 2002 წლის 5 ივნისს ქალაქგარეთ, დედ-მამასთან აგარაკზე მიმავალი გია ავტოკატასტროფაში მოჰყვა. როცა დაურეკეს, უკვე ქუთაისის რომელიღაც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი. არაზუსტი დიაგნოზით და შესაბამისი არაზუსტი მკურნალობით.

დამძიმდა და საშველად, როგორც ხდებოდა ხოლმე, თბილისში გადაიყვანეს. უფროსი ქალიშვილი ანა 8 წლის იყო, პატარა ინანო – სულ რაღაც 3-ის. სასოწარკვეთილი, ლამის შეშლილი იდგა რესპუბლიკური საავადმყოფოს კართად და გრძნობდა, რომ თუ სურდა შვილებს მისი სახით დედა არ დაეკარგათ, თავის თავში ახალი ია უნდა აღმოეჩინა, უფრო ძლიერი, უფრო გამძლე, უფრო უშიშარი, რადგან ხელში გიორგის დიაგნოზის უსასრულო სია ეჭირა: „პოსტჰიპოქსიური ენცეფალოპათია, ყბა-სახის მოტეხილობა, ფეხის მოტეხილობა – ც-4 სტადია (ც-5 – უკვე სასიკვდილოა)…“, მაგრამ თვით ეს დიაგნოზიც აზრს კარგავდა, თუკი კომაში მყოფი გიორგი აზრზე არ მოვიდოდა.

სამთვიანი კომა უსასრულობად იქცა… თვეში ერთხელ წამიერი გამოფხიზლებით და ექიმის მონოტონური სიტყვებით – „მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე.“ რამდენიმე ოპერაცია ყბა-სახესა და ფეხზე. პირველი რეაქციები: ატირებული იას მუდარაზე „მაკოცე!“ – კოცნის მცდელობა; სამი წლის შვილის ძახილზე – „მამა“– თვალებით მისი მოძებნა და ხელის უნებლიე მოძრაობა შვილის მოსაფერებლად. პირველი შეუჩვეველი შეგრძნება – ინვალიდის სავარძელში ქმრის ჩასმა და გასეირნება. რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილება. ყოველდღიურად საჭირო 300 ლარი, რომელსაც, ძირითადად, მისი მეგობრები და ახლობლები აგროვებდნენ. სახლში გამოწერის შემდეგ ახალ ცხოვრებასთან შეგუება, იასთვის საერთოდ უცხო ტვირთი. უცხო და უმძიმესი. მუდმივი უძილობა და დატვირთვა. შვილებისთვის ვერმოცლილს, კიდევ კარგი, რომ გვერდით დედა ედგა. თვითონ – ნერვიული კრიზისის ზღვარზე.

ისევ გართულება. სტომაში წასული სამმაგი შეხორცებების გამო, ოპერაცია დასჭირდა და არამიანცის საავადმყოფოში ტ-ს მაგვარი მილი ჩაუდგეს. ავტოავარიიდან ერთი თვის თავზე, ზუსტად, სტომის ოპერაციის შემდეგ, ციპროს ჯგუფის ანტიბიოტიკებზე რეაქციის გამო 24 საათიანი გულყრა განუვითარდა და ეპილეფსია ჩამოუყალიბდა.

მას შემდეგ, 9 წელია ყოველ დღე – ,,ფინლეპსინი“ და ,,ბენზონალი“ გიორგის განუყრელი წამლებია. იასთვის გაზეპირებული სიტყვები და ცხოვრების წესი. ამ წლების განმავლობაში ყოველწლიურად ახალ-ახალი გართულებები, ქრონიკული პიელონეფრიტი და ცისტიტი, სტომის ოპერაცია, ბარძაყში ჩდგმული ხრახნის დაძვრა და ამოღება.

***
უკვე ათი წელი გავიდა. ზუსტად ათი.
ათი წელია ია, გიორგის თვალებში უყურებს. ათი წელიწადია მათ სახლში ბევრი ელდა გადაიტანეს. ყოველი ლუკმის გადაყლაპვასა და გადაცდენაზე, ყოველი ტემპერატურის აწევასა და ეპილეფსიის შეტევაზე.
თითქოს ყველა აქაა, მის გვერდით, მიდი-მოდიან, გვერდით უდგანან, მაგრამ მაინც მარტოა.

მარტოა თავისი გიორგის წინაშე. უძილო ღამეების წინაშე. შიშის წინაშე. მარტო, დაღლილი, მაგრამ არა სასოწარკვეთილი. 32 წლისას უკვე სტენოკარდიული პრობლემები ჰქონდა; ახლა, უკვე, ფარისებური ჯირკვალი და ხერხემალი აწუხებს. მუდმივად სიმძიმის ზიდვით. მუდმივი დაძაბულობით.

საარსებო წყარო ისევ მეუღლის შენაძენი ფართიდან აქვთ. მაგრამ, ვერანაირი თანხა ვერ განსაზღვრავს გიორგისნაირი ავადმყოფისთვის აუცილებელ მინიმუმს. ყოველთვიურად რაღაც ახალი იჩენს თავს, ყოველთვიურად სჭირდება ექიმის მეთვალყურეობა და ანალიზების გადამოწმება. ეს, თავისი ასლარიანი პენსიისა და ნათხოვარი ინვალიდის სავარძლის ფონზე, ვერ უმსუბუქებს მდგომარეობას ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს, რომელიც იღბალმა და შემთხვევამ ერთნაირად გაწირა.

მაგრამ, არ გაწირა ქალმა, რომელიც თვითონ შეარჩია თავისი ცხოვრების თანამგზავრად.
ქალმა, რომელიც ჰაეროვანი და ქარივით თავისუფალი გოგონადან, ძლიერ და გაუტეხელ ადამიანად იქცა. რომელსაც ვერასოდეს ვერ შეატყობ ყოველდღიური დაძაბულობით და განსაცდელით სავსე ცხოვრების კვალს. ყოველთვის ლამაზია და მოწესრიგებული. რომლის სახლში მუდმივად სითბოა და მყუდროება. კარი კი ღიაა ყველა ერთგული მეგობრისთვის. შვილები, ულამაზესი გოგონები, სწავლობენ და მამას თვალებში შესციცინებენ, რადგან ისაა მათთვის ყველაზე დიდი საფიცარი. რადგან ასე ასწავლა დედამ.

***
ია ყოველთის ხმამაღლა აფიქსირებს თავის აზრს, არასოდეს შეუშინებია ბიუროკრატიას და გულგრილობას. იმას, რასაც სახელმწიფო არ უგვარებს, ცდილობს თვითონ შეეჭიდოს, მაგრამ, როდემდე და რამდენს?!

აწუხებს ის, რომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა მოწყობილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, შესაბამისად, ისინიც ვერ ახერხებდნენ ადაპტირებას და სახლში გამოკეტილები უძლებდნენ თავიანთ მძიმე ხვედრს. დღესდღეობით თითქოს შეიცვალა სიტუაცია. ქუჩაში პანდუსები მაინც გამოჩნდა, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ინვალიდთა ხვედრის შესამსუბუქებლად.

უნდა, რომ თავისნაირი, მძიმე ტვირთის მატარებელი ქალებისთვის, არსებობდეს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები, სადაც მათ დახმარებას ეცდებიან, ფიზიკურად თუ არა, მორალურად მაინც. სადაც შეძლებს თავისი გულისტკივილი სხვა, მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს გაუზიაროს. სადაც მოუსმენენ, ანუგეშებენ და გაუგებენ თუ რა მძიმეა ქალისთვის ეს ტვირთი მარტომ ზიდოს. ტვირთი, რომლის სიმძიმეზე წუწუნიც არ უყვარს და რომელიც მისთვის ყოველდიურობაა.

ძნელია შვილებს გაუწიო დედობა და მამობა მაშინ, როდესაც მამა ჯერ კიდევ ცოცხალია, უძლურად ზის დიდ სავარძელში და ტელევიზორს შესცქერის …
მაგრამ, ეს ადამიანი – მისი მეუღლე, რომელსაც სახელმწიფომ ოფიციალურად ასეთი ცივი და კონკრეტული სახელი – უნარშეზღუდული დაარქვა, დღეს მისთვის ყველაზე დიდი საზრუნავია, რომლის ჯანმრთელობას ნატვრად და თხოვნად ატანენ მათი შვილები იერუსალიმში სალოცავად მიმავალ ახლობლებს.

***
უკვე ათი წელია, ია თვალებში შესცქერის გიორგის. მის სუნთქვას უსმენს და გულისცემას ითვლის….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est