მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება ქალებს

29 Jul

ალბათ ყველას გახსოვთ უსაყვარლესი კომედია „ჩემი მამა გმირია“.  თავისი მოზარდი გოგონას ქცევით დაბნეული ჟერარ დეპარდიეს გმირი, მეგობარ ქალს ეკითხება „მაინც არ მესმის, ვერ გავიგე რა უნდა?..“. ქალი პასუხობს _ „მას სურს ის, რაც ყველა ქალს _ დიდი და საიმედო სიყვარული.“ კაცი გოცებულია, თუმცა ქვეშეცნეულად იცოდა კიდეც ამ კითხვაზე პასუხი.

მაინც რა სურთ ქალებს?… მხოლოდ სიყვარულის სურვილით შეპყრობილები იცავდნენ და იცავენ ასე თავგამოდებით თავიანთ უფლებებს?..

ნუთუ მართალი იყო ამერიკელი ფემინისტი ნაომი უოლფი, როდესაც ამბობდა „ფემინიზმს ამოფარებული ქალები სინამდვილეში პერსონალურ იარებს იშუშებენ“?…

მათი ბრძოლა არჩევნებში ხმის უფლებისთვის, საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, თანასწორობისთვის, მათი ხმამაღალი განაცხადი ჯერ  კიდევ მე-18 საუკუნის მიწურულს „თუ ქალს აქვს გილიოტინაზე ასვლის უფლება, მას უნდა ჰქონდეს ტრიბუნაზე ასვლის უფლებაც“ _ სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული დიდი სიყვარულის სურვილი და მოლოდინი?..
სამაგიერო _ შებღალული თავმოყვარეობისთვის, როცა მის ერთადერთ სურვილსაც კი ვერ უზრუნველყოფს პლანეტის „პირველი ნახევარი“. რომლებსაც ურჩევნიათ, ყველანაირი პრაქტიკული და რეალური კაპრიზი შეუსრულონ თავიანთ პარტნიორებს ოღონდ არ მიანიჭონ სიყვარულის საიმედოობით და სიძლიერით მოგვრილი ბედნიერება.

არის ამაში სიმართლის უმცირესი ნაწილაკი, მაგრამ არა მთავარი, არა ძირითადი არსი ქალთა მრავალსაუკუნოვანი ჯიუტი ბრძოლისა.
ბრძოლის, რომელიც უპირველეს ყოვლისა ბედნიერების მოპოვებაზეა დაფუძნებული, ამ სიტყვის ვრცელი და ყოვლისმომცველი გაგებით. ბედნიერება, რომელშიც სიყვარული, დედობა, საყვარელ ადამიანებზე ზრუნვა ისევე იგულისხმება, როგორც თვითდამკვიდრება, საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, ყბადაღებული ქალური ინტუიციის აღიარება, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნა და საკუთარი თავის არა მხოლოდ სამზარეულოს ერთ-ერთ ატრიბუტად აღქმას.

თავისთავად ხომ არაფერია ცუდი, როცა  საყვარელ მეუღლეს ელოდები, უვლი, უმზადებ. როცა თქვენი სიყვარულის ნაყოფი საიმედოობის ნეტარ შეგრძნებას გიტოვებს და შენც ისე ხარ მინდობილი ამ თბილ გარემოს, გგონია არასოდეს არაფერი დაგირღვევს. მაგრამ, როცა ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ  სათაყვანებელი ადამიანისთვის, შენი იქ ყოფნა მნიშვნელოვანი მხოლოდ იმიტომაა, რომ მაგიდაზე თეფში და საჭმელი დაუდო, წინდა და პერანგი გაურეცხო, ღამით შენი მოვალეობა შეასრულო და უკვე მოურიდებლად გაგონებს, რომ შენი ნიშა და მონიშნული „მარშრუტი“ მხოლოდ სახლის ოთახებში შეუმჩნევლად წარმოქმნილი ბერმუდის სამკუთხედია… თუ თავმოყვარე და მოაზროვნე ადამიანი ხარ გიჩნდება პროტესტის გრძნობა და იმის დამტკიცების სურვილი, რომ შენ არ ხარ კუთხეში მორცხვად და მყარად მიმდგარი ანტიკვარული საათი, ან  ტექნიკის ახალი მიღწევა მრავალმხრივი მომსახურების სერვისით…

…  ძნელია დავასახელოთ ზუსტი და კონკრეტული თარიღი, როდის დაიწყო ქალთა მოძრაობა საკუთარი უფლებების დასამკვიდრებლად… ალბათ სწორედ იმ დღიდან, როდესაც ქალი გაჩნდა სამყაროში.

ძნელია ცალკე გამოყო ცნება „ქალთა უფლებები“ როცა ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროში ზოგადად „ადამიანთა უფლებები“ უნდა მოიცავდეს ქალის უფლებებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საუკუნეთა განმავლობაში, ქალი სრულიად უუფლებო იყო , ხოლო შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებში აღიარებული თანასწორუფლებიანობა კარგა ხნის განმავლობაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა, გასაგები ხდება, თუ რატომ მოხდა საერთო უფლებათა სპექტრიდან ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა.
ცნობილი ფაქტია, რომ, ადამიანის უფლებების აღიარების პროცესს საფუძველი მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ჩაეყარა,  როდესაც სან-ფრანცისკოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეიქმნა. როცა,  გაეროს წესდების განხილვასთან ერთად დელეგატმა ქალებმა წამოაყენეს  ქალთა საკითხიც, რის პასუხადაც ადამიანის უფლებათა კომისიასთან საგანგებოდ ქალის სტატუსის შემსწავლელი ქვეკომისია შეიქმნა და გაეროს წესდებაში პირველად გაესვა ხაზი ადამიანის უფლებებისა და მამაკაცისა და ქალის თანასწორუფლებიანობის განმტკიცებას.

1948 წლის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დასაწყისშივე აღინიშნა, რომ „…ყველა ადამიანი თავისი ღირსებითა და უფლებით თავისუფალი და თანასწორი იბადება. “ და  „ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს ამ დეკლარაციით გამოცხადებული ყველა უფლება და თავისუფლება რაიმე, სახელდობრ, რასის, კანის, ფერის, სქესის, ენის, სარწმუნოების, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობის ნიშნის მიხედვით განსხვავების მიუხედავად.”

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მიერ წარმოდგენილი ქალთა უფლებები დამცავი მექანიზმი კი შემდგომ ეტაპებად იყოფა: ორსული ქალების დაცვა, პატიმარ ქალთა უფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები, ქალის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, დედათა და ბავშვთა უფლებები. ცალკე და ვრცელი ჩამონათვალი აქვს ქალის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს- მკვლელობა, გაუპატიურება, ორსული ან მეძუძური ქალი სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმა, მოტაცება და  ბევრი სხვა, რომელიც იძლევა უფლებას ფორმალურად მაინც იგრძნოს დაცული თავი სამყაროს ყველაზე მოულოდნელობით აღსავსე ნახევარმა.
1997 წლის 22 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის დადგენილებით საქართველო შეუერთდა გაეროს კონვენციას „ქალებთან მიმართებაში არსებული ყველა სახის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის შესახებ,” , რომლის მიხედვითაც „ … ძალადობად ჩაითვლება ქალის წინააღმდეგ სქესის საფუძველზე განხორციელებული ნებისმიერი აქტი, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკური, სქესობრივი, ფსიქოლოგიური ტრავმის მიყენებასთან, ასეთი აქტის მიყენების მუქარის ჩათვლით.“ და მნიშვნელობა არა აქვს თუ სად ხდება მოქმედება, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

… ამდენად მსოფლიო  ცდილობს გვერდით დაუდგეს ქალებს და მამაკაცთათვის უფრო „ასატანი“ გახადოს ქალთა საზოგადოება, თუმცა ისინი სულ არ უჩივიან მათ რთულ ხასიათს. ეჭვი მაქვს მათი ჭირვეულობა კიდევ უფრო იზიდავთ და მზად არიან კიდევ ათასჯერ დაუმტკიცონ სიყვარული, ათიათასჯერ ატკინონ გული და შეულახონ თავმოყვარეობა.

თუ კი გაეროს კონვენცია განათლებული და ცივილიზებული საზოგადოებისთვისაა, იქნებს ჩვენმა სახელმწიფომ სავალდებულოდ დასამახსოვრებელ, ელემენტარულ კანონთა ნუსხაში შიყვანოს იგი და ქართველ მამაკაცებს დაავალოს ყოელდღე გამოთქმით იკითხონ, სანამ ზეპირად არ ისწავლიან და მათ მიერ დამტკიცებულ ცნობილ თეორემას „ქალი სამზარეულოსა და საძინებელში“… შემცვლელს არ მოუძებნიან.

მითუმეტეს, რომ ყოველი მათგანი მაღალმხატვრულად ნათქვამი „ქალის სადღეგრძელოს“ შემდეგ სახლში მისული საკუთარი კონვენციით მოქმედებს და იმას რასაც ძალადობა ჰქვია ოჯახურ ცხოვრებად ასაღებს. უკვე გამოფხიზლებული, მამაკაცის უპირატესობას უსვამს ხაზს და რელიგიურ დეტალებს იშველიებს, თითქოს, რომელიმე რელიგია ან მიმდინარეობა ნებას რთავდეს ან აიძულებდეს იძალადოს ქალზე, ჩაკლას მისი სურვილები და საკუთარი არარელიგიური, არაშემწყნარებლური მეუღლეობის სანაცვლოდ მისგან მორჩილების მაგივრად- მონობა მოითხოვოს. აკი, ამბობენ კიდეც ამაყად და ნახევრადხუმრობით თავიანთ ცოლებზე “ ეს არის ჩემი მონა- პოვარი“.
მათ ალბათ ყოველთვის გაეხარდებათ მილტონის სიტყვების გაგონება „ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა…“
საინტერესოა, რატომ არ ფიქრობდა მათ მსგავსად ჯერ კიდევ  მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველი, როცა, თავის ქალ-პერსონაჟებს ქმნიდა და ხმამაღლა აცხადებდა „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყო თუნდა ხვადია“, ან მე-19-ში ილია, როცა რკინისქალამნიანი ოთარაანთ ქვრივის სახეს ძერწავდა, ან მიხეილ ჯავახიშვილი „ქალის ტვირთში“ როცა ქეთოს რევოლუციონერთა შეკრებებზე დაარბენინებდა.

… ქართველ მწერლებს ხომ უყვართ ძლიერი ქალის პორტრეტების შექმნა და ამით ქართველ ქალთა შეგულიანება, მათი შეფარული კარჩაკეტილობისგან გათავისუფლება… თავიანთი საუკეთესო უნარების გამომჟღავნებისაკენ წაბიძგება. არა აგრესიული და ძალადობრივი მეთოდებით მტკიცება იმისა, რომ  საკუთარი უფლებები გააჩნია  რომელიც უნდა დაიცვას, არამედ,  აუცილებლად და სავალდებულოდ დასამახსოვრებელ შეგონებათა  მუდმივი განმეორება , რომ არის არამარტო ქალი, არამედ პიროვნება, რომელსაც აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი, აკეთოს ის რაც სურს და იყოს ის ვინც უნდა იყოს.

…ასე, რომ მხოლოდ სიყვარული კი არა _  მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება არის ის სამება, რომლის გარეშე მსოფლიოს არცერთი ქალის ბედნიერება არ იქნება სრულფასოვანი. მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება ქალებს _ რომლებსაც უყვართ სამყარო და საკუთარი თავი ამ სამყაროში.

2 Responses to “მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება ქალებს”

  1. Mari Devidze August 2, 2012 at 2:33 pm #

    კანონები,საბუთები,დეკლარაციები…ქაღალდები….მსოფლიოს,რომ არ მოვედოთ,იქნებ დროა ქართველმა ქალებმა პრობლემების მიზეზები საკუთარ თავში მოვძებნოთ,და მომავალი მამაკაცების აღზრდის მეთოდებს გადავხედოთ?ესეც საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ნაწილია,ერთგვარი.საინტერესო ავტორისგან სიამოვნებით მოვისმენდი შეხედულებებს ამ საკითხზე.დარწმუნებული ვარ,სტილი შენარჩუნდება და ისევ საინტერესო,კომპეტენტურ, ობიექტური მოსაზრებებს ვიხილავთ:)

  2. მანანა ქურციკიძე August 3, 2012 at 2:59 pm #

    გეთანხმებით, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, ყოველ შემთხვევაში საქართველოში მაინც… მამაკაცთა აღზრდის კურსები გვჭირდება, რათა ჩვენი ქვეყნის მეორე ნახევარმა ისე აღზარდოს პირველი ნახევარი, რომ გენდერული უთანასწორობა და ძალადობა პრიორიტეტული პრობლემებად არ იქცეს. თუ თეორიულად გვაქვს ქალის კულტი. პრაქტიკულად (თუ არ გავაღმერთებთ) ელემენტარული პატივი მაინც ვცეთ. ყველა დედამ უნდა ჩაუნერგოს თავის ვაჟს დაბადებიდან, რომ ქალი მისი თანასწორია, ქალი უნდა უყვარდეს, მის უფლებებს, აზრსა და სურვილს პატივს სცემდეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est