ძალადობა… როგორც ასეთი

10 Aug

მას ბევრი განმარტება აქვს _ „ფიზიკური ძალის ან ძალაუფლების წინასწარგამიზნული გამოყენება მიმართული საკუთარი თავის, სხვა ადამიანის ან საზოგადოების მიმართ, რის შედეგადაც ადგილი აქვს სიკვდილს, სხეულის დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ტრავმას, ნორმალური განვითარებიდან გადახრას ან სხვადასხვა სახის ზარალს.“

 მას ბევრი სინონიმი აქვს _ აგრესია, შეურაცხყოფა, იძულება, ხელყოფა, წამება, მუქარა.

იგი არსებობს პირდაპირი და ირიბი…

იგი იმალება ყველა ქმედებასა და სიტყვაში, რომელსაც შეუძლია ადამიანი შეურაცხყოს, ზიანი მოუტანოს, შელახოს მისი უფლებები – რომელიც ბუნებამ და კანონმა ერთდროულად მიანიჭა.

იმალება თავად ადამიანში, რომელიც საკუთარი განვითრების, მორალური პრინციპებისა და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით ახერხებს ან ვერ ახერხებს მის გაკონტროლებას.

იგი, ძალზე მრავლისმომცველი მცნებაა, რომელიც აერთიანებს და მოიცავს უკანონო ქმედებათა ყველა სახეს, გამოხატულს სიტყვიერი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლით.

მისი სახელია _ ძალადობა… ფიზიკური, სექსუალური,ფსიქოლოგიური, ეკონომიკური.

მან მოიცვა მთელი მსოფლიო და ჩვენი პატარა ქვეყანას ამ მსოფლიოში.

ებრძვიან, მაგრამ მაინც არსებობს… უპირველეს, ყოვლისა ჩვენს შიგნით. იგი ბევრნაირია და შეიძლება გამოიხატოს ისეთ უმნიშვნელო მოქმედებაში, რომ ვერც კი განვსაზღვროთ, რომ ვძალადობთ, ან ჩვენზე ძალადობენ.

მას მართავს დაუძლეველი სურვილი გამოიყენო ფიზიკური ძალა სხვა ადამიანის მიმართ, რათა შეასრულებინო მას შენი სურვილი. იყო აგრესიული, მიაყენო ტკივილი, დაამცირო _ სიტყვიერად, მენტალურად და ფიზიკურად.

იგი ყველგანაა, შინ და გარეთ. ჩვენს ირგვლივ, მეგობრის ან მეზობლის ოჯახში… მაგრამ, ქართული მენტალიტეტი არ გვაძლევს მისი გამჟღავნების და გარეთ გამოტანის საშუალებას.

ამიტომ, ჩვენც უძლურნი ვართ. არ შეგვიძლია მივეშველოთ მას, ვისაც სინამდვილეში მსხერპლი ჰქვია. რადგან, იგი, თავად არ ითხოვს ამას. პირიქით, საგულდაგულოდ მალავს, სანამ მისი პირადი ტრაგედია თვისთავად არ გახდება საჯარო. ეს კი, უმეტეს შემთხვევაში მაშინ ხდება, როცა უკვე ძალიან გვიანია, როცა თავს ზემოთ ძალა აღარაა.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ გარდა ძალადობის იმ ფაქტები რაც თვალსაჩინო და ყველასთვის ნაცნობია. ასევე, ძალადობაა _ როდესაც ადამიანს, ოჯახის წევრები ან მეგობრები მუდმივად უმტკიცებენ რომ იგი უიღბლო და უუნაროა, არაფერი შეუძლია და არაფერი გამოსდის.

ძალადობაა, როდესაც ადამიანს ცუდად ეხუმრებიან, დასცინიან და მიუთითებენ ფიზიკურ ნაკლზე. როდესაც, არ აძლევენ სწავლისა და განვითარების საშუალება და აიძულებენ მისი სურვილის მიუხედავად იმოქმედოს.

ძალადობაა, როდესაც ქალის შემოსავალს მამაკაცი აკონტროლებს. არ აძლევს საჭირო მინიმუმს, მუშაობის საშუალებას, უკონტროლებს დანახარჯს.

ძალადობაა, როდესაც მოხუც ადამიანს არ აძლევენ სრულფასოვანი კვების, წამლის ყიდვისა და მიღების, ექიმთან კონსულტაციაზე წასვლის და დარჩენილი წლების მშვიდად გატარების საშუალებას.

ძალადობაა, როდესაც ოჯახში მშობელთა მუდმივი დავა ბავშვებზე ახდენს გავლენას და სავალალო დაღს ასვამს მათ ფსიქიკას.

… მაგრამ, თავად საზოგადოების ფსიქიკასაც დიდი დაღი აქვს დასმული არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოში, მაგალითად „გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალთა 50,1 % ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება მას. ქალთა 34,1 % კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს. 44,9 % ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი. “

…და არა მარტო ოჯახში, ზოგადად ჩვენს გარშემო მომხდარი ძალადობის მიმართ გამოჩენილი გულგრილობა უკვე, თავად ძალადობაზე მეტად შემაშფოთებელია.

ჩვენი „ფართოდ დახუჭული თვალები“ ბევრ რამეს ატარებს ჩვენს მიღმა, ბევრ კითხვას ტოვებს დაუსმელსა და პასუხგაუცემელს, ამიტომაა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე ოფიციალურად დაფიქსირებული ძალადობის მხოლოდ 1025 ფაქტი (თავისთავად შთამბეჭდავი ციფრია), ვერ გამოხატავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ ძალადობრივ სტატისტიკას. ვინაიდან, აქ, ურჩევნიათ, თავი მოიტყუონ და ბედნიერების საბურველში გაეხვენ, მიყენებულ შეურაცხყოფაზე გაიღიმონ, მოქნეულ ხელზე გაჩუმდნენ, ეჭვიანობა_ სიყვარულით გაამართლონ, ღალატი _ მამაკაცური აუცილებლობით და ქართული ანდაზის ჭეშმარიტებაში „ვინც მოითმენს ის მოიგებს“ დაირწმუნონ თავი.

ეს „მოგება“, კი ალბათ ღრმა მოხუცებულობის დროს „საყვარელ“მეორე ნახევართან ჯდომა და წარსული დამცირებების ტკბილ მოგონებებად ქცევაა.

სწორედ, ამიტომაა ჩვენს ქვეყანაში ამდენი „ბედნიერი“ ოჯახი, რომლებიც ნამდვილ ბედნიერებას შეურაცხყოფენ და ფასს უკარგავენ. ამიტომაა, ამდენი არასრულფასოვნების კომპლექსით სავსე იმოზარდი, ამდენი ამბიცია და ვნებადაუკმაყოფილებელი ქალი, ამდენი სასოწარკვეთილი და თვლშიცრემლჩამდგარი მოხუცი, ამდენი თავმოყვარეობაშელახული ცოლი და ამდენი განდიდების მანიით შეპყრობილი მამაკაცი. მათ ხომ ბავშვობიდან ასწავლეს, რომ, სამყაროში ყველაზე მთავარი არსებები არიან და მიუხედავად იმისა, რომ თოფის სროლით ხვდებიან მის დაბადებას, მოხუცი მშობლები ბოლოს, ქალიშვილის თბილ ხელებს მიადგებიან ხოლმე….

ეს, სიტყვები… არ ცდილობს მამაკაცთა დაკნინებას და ქალის თვითშეფასების ამაღლებას, მით უმეტეს, როცა თავად ქალს არ გააჩნია ეს სურვილი. ეს სიტყვები იმისთვის დაიწერა, რომ წავიკითხოთ და მივხვდეთ, რომ ძალადობა არაა ჩეულებრივი კანონზომიერება და ბუნებრივი მოვლენა.

ვერცერთი საზოგადოება, ვერცერთი „ქალთა ცენტრი“ ვერ შეძლებს თავიდან ააცილოს ადამიანს ის რაც თავად უნდა. რასაც მალავს და ზოგჯერ გამოუსწორებელ ფინალამდე მიჰყავს.

……………………………………………………………………………………………………………………………………
ამბავი მინდა მოვყვე…. არაკივით დიდაქტიკური, მაგრამ, ნამდვილი ამბავი. რომელიც ჩვენს თვალწინ განვითარდა და რომელსაც ხშირად ვიხსენებ, როცა ქათველი ქალის თვითდარწმუნების ჯადოსნურ უნარზე ვფიქრობ.

…………………………………………………………………………………………………………………………………….

ძალიან ცნობილი ოჯახი იყო. ცხოვრობდნენ ბედნიერად და ელვარედ. ფუფუნებასა და ტყუილში. ქმარი მაშინ საქმოსანი, დღეს უკვე – ბიზნესმენი. ცოლი _ მასწავლებელი, მაგრამ, უფრო გართობის მიზნით და კიდევ იმის, გამო საკუთარი საამაყო ოჯახის უზრუნველი და პრივილეგირებული დეტალების თავისზე „დაბალი რანგისთვის“ თანამშრომლებისთვის გაზიარება შეძლებოდა. ორი ბიჭი ჰყავდათ.

უფროსი _ ლამაზი, უსაქმური და ნარკომანი, ენერგიული დედა ხშირად დარბოდა ხოლმე საბჭოთა კავშირის ერთი ციხიდან მეორეში მის სანახავად. მეორე _პატარა, მრგვალი, ცოტა შენელებული აზროვნებით.

ქმარი მაღალი, სიმპატიური,მომაჯადოებელი… მძიმე-მძიმედ დადიოდა და დედამიწას თავს ამადლიდა. მომნუსხველი მზერის სროლა იცოდა ხოლმე. ცოლი _ გემრიელი, ლამაზი, დიდი და ხმაურიანი ქალი, სინამდვილეში თვითონ იყო ოჯახის თავიც და კისერიც.

ქმარს ბევრი ფულის მოტანა და მაგიდაზე მუშტის დარტყმა ევალებოდა. ცოლს ყველაფერი დანარჩენი. ამ ფუფუნების ათვისება, განაწილება და გამომზეურება.

ქმარი ყოველთვი მოდურად ჩაცმული დადიოდა, შავი სათვალით და ვერცხლისფერი თმით. ცოლი დიდი ფაშფაშა კაბებით და რატომღაც ყოველთვი უფორმო სანდლებით.

ქმარს ყოველთვის სუნამოს „ოხშივარი“ ასდიოდა, ცოლისგან ვერასოდეს იგრძნობდით ქალისთვის ასე საჭირო არომატს. პირიქით, ახლა, რომ ვფიქრობ თმასაც არ ივარცხნიდა ხოლმე.

გარეგნულად ორივეს ძლიერი და შეურყეველი იმიჯი ჰონდა. შიგნით რა ხდებოდა ვინ იცის.

არადა ხდებოდა, ძალიან ბევრჯერ და ძალიან ცუდი. იყო ოჯახი და არა ცოლ-ქმრობა. იყო კავშირი და არა სიყვარული, იყო პარტნიორობა და არა ურთიერთპატივისცემა, იყო მოვალეობა და არა ვნება.

…. ერთ დღეს ქალაქში ყუმბარასავით გასკდა… ცოლმა თავი მოიკლა… იარაღით, პროტესტის ნიშნად, წერილით და ყველა ატრიბუტით.
იყო კითხვები, რატომ?.. რისთვის?.. რა აკლდა?.. რა აწუხებდა?.. იქნებ ვინმეს ეშველა?.. იქნებ…

მერე, ყველ ალაპარაკდა, ვეღარ გაუძლოო; ძლიერი იყო მაგრამ შეურაცხყოფა ყელში ამოუვიდაო; ქმარი არაფრად აგდებდაო; ღალატობდა ყველგან და ყველასთანო; ქალები სახლში მოყავდა და ცოლს აიძულებდა მათთვის საწოლი გაეშალა და სუფრა გაეწყოო; მათ თვალწინ ამცირებდა და დასცინოდაო.

ერთ დღესაც, როც ქმარი და მისი ქალი საძინებელში დააბინავა და კარები ფრთხილად მიუხურა. წერილი დაწერა … ქმრის კაბინეტიდან იარაღი აიღო, პირში ჩაიდო და ჩახმახს გამოჰკრა.

ყველა კითხვამ „რატომ?“… აზრი დაკარგა, მაგრამ მაინც დარჩა…

რატომ ითმენდა ყველაფერს?… რატომ ვერ?.. რატომ არ?.. რატომ?…
………………………………………………………………………………………………………………………..
სულ ეს არის ამ ამბის დიდაქტიკა.

ვერავინ, ვერასდროს, ჩვენს მაგივრად ვერ გადაჭრის ჩვენივე პრობლემას, თუ თავად არ ვისურვეთ. როგორი კანონითაც არ უნდა დაგვიცვას სახელმწიფომ, როგორი ენთუზიაზმითაც არ უნდა დაგვეხმარონ სხვადასხვა საზოგადოებები, თუ თავად ავიტანეთ აგდებული და აგრესიული დამოკიდებულება, მოქნეული წიხლი, შეურაცხმყოფელი სიტყვა, შეშინებული შვილი, უგულვებელყოფილი მოხუცი მშობლები…და საერთოდ მსხვერპლის სტატუსი. უფრო მეტიც, შევეგუეთ ამ სტატუსს და ამაყად ვატარეთ…ვერავინ გვიშველი.
ამისთვის არაა საჭირო დავანგრიოთ ოჯახები, მოვშალოთ ბუდეები და ტრავმა მივაყენოთ შვილებს… ამისთვის საჭიროა უბრალოდ, ნუ დავიკავებთ სირაქლემას პოზიციას და საკუთარ თავსაც ნუ დავუმალავთ არსებულ პრობლემას, ვიცოდეთ ჩვენი უფლებები, ვიცოდეთ ის, რომ კანონი გვიცავს და სხვასაც გავაგებინოთ იგი.

About these ads

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

ანინას ბლოგი

ყველაზე მარილიანი ბლოგი

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est

Follow

Get every new post delivered to your Inbox.