არაჩვეულებრივი სისასტიკე

21 Sep

შორიდან დავიწყებ.
თითქმის ათი წლის წინანდელი საქართველოდან. ხმაურიანი, აღტაცებული დაპირებებით გაბრუებულებს, თვალები რომ გვიბრწყინავდა… პირველ დაჭერილ კრიმინალზე, პირველ დაჭერილ ქურდზე, პირველ დაჭერილ მექრთამეზე…
… უკვე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღისთვის… საკმაოზე მეტად ვიყავით დაღლილები, საინფორმაციოებში პერმანენტულად ნაჩვენები კადრებით. როგორ უვარდებოდნენ სახლებში და წამოაგდებდნენ საწოლიდან მორიგ „დამნაშავეს“, ბიზნესმენს თუ უბრალოდ ვინმეს თვალშიარმოსულ პიროვნებას. აღშფოთებულები, როგორ ანგრევდნენ არალეგალური ბორდელების კარებს და ამით თითქოს მიგვანიშნებდნენ, რომ ისინი აშენებდნენ სახელმწიფოს, სადაც არ იქნება ქრთამის აღება, კრიმინალი, ქურდობა, ნარკომანია, ტყუილი, სექსი, თანამდებობრივი იმუნიტეტი და ლტოლვა ფუფუნებისადმი.


ჩვენც, ვადევნებდით თვალყურს ახალი ნარევოლუციონარები და დაღლილები… არ მოგვწონდა და სრულიად არ გვიხაროდა, სხვა ადამიანთა ტანჯვა, მაგრამ პროტესტის გამოთქმის აღარც ძალა გვქონდა და აღარც სურვილი.
მალე გამოვფხიზლდით… მაგრამ, უკვე გვიან იყო.
ძალაუფლების და ავტორიტარიზმის მოძულე ხელისუფლებას, ძალაუფლება მაქსიმალურად ჰქონდა შერგებული, ბიზნეს თუ კრიმინალური წილები გადანაწილებული, ქონება დაგროვილი,  მათთვის არასასურველ პირებზე შური ნაძიები… და საერთოდაც სრული განუკითხაობა სუფევდა.
დიდხანს, ძალიან დიდხანს ვდუმდით. წლების განმავლობაში ნგრევის ეპოქაგამოვლილები, სიღტაკესა და სიბნელეში ნაცხოვრები საზოგადოება ვიყავით და ჩვენთვის შვება იყო… სინათლის, სითბოს შემოსვლა სახლებში. ნანგრევებზე, ახალი შენობების წამომართვა, თუნდაც, ბუტაფორიულის. შესაბამისად, ბევრ შეცდომაზე დავხუჭეთ თვალი. ბევრი ტყუილი შევირგეთ. იქნებ არც ერთი გვიქნია და არც მეორე, მაგრამ ქვეყანაში შიში, დასჯა და დასმენა მეტასტაზებივით იდგამდა ფესვებს. ნდობა და გულწრფელობა სამსახურის დაკარგვის შიშს ამოვაფარეთ და ცხოვრება განვაგრძეთ.
ამიტომ, არ უნდა გაგვკვირვებოდა, ის რაც ახლა მოხდა… უფრო სწორად, ის, რაც თურმე წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენს გვერდით, ჩვენს ირგვლივ.
როდესაც, ჩვენ, კეთილშობილურ საქმეს ვაკეთებდით _ ქალთა, ბავშვთა და ლტოლვილთა უფლებებს ვიცავდით. ამასობაში, საქართველოს ქუჩებში ახალგაზრდა ბიჭებს განუკითხავად კლავდნენ და მათი სიკვდილისთვის არავინ ისჯებოდა. ციხეში კი, თურმე არასრულწლოვნებს, ფსიქიურ ავადმყოფებსა და ჩვეულებრივ პატიმრებს წარმოუდგენელი სისასტიკით აწამებდნენ და შეურაცხყოფდნენ.
დღეს, როცა ყველა გაგონილი და ყურმოკრული ჭორი გამართლდა, როცა ყველა „მოგონილი“ კოშმარი აცხადდა, როცა მთელი საქართველო შოკირებულია ამ არაჩვეულებრივი სისასტიკის გამო, რაც ტელეეკრანიდან იხილა, ყოველ ქართველს ყურში პატიმართა მაუდარა და ჯალათთა დამცინავი კითხვები ჩაესმის… უცებ, ერთ წუთში ჩამოინგრა ყველა ახლადაგებული ხიდი და სასტუმრო, ახლადგახსნილი საავადმყოფო და აეროპორტი, ახლადაღმართული ძეგლი და მემორიალი. სულში იმაზე საშინელმა სიცივემ და უიმედობამ დაისადგურა, ვიდრე ავადსახსენებელ 90-იანებში.
დიახ, ჩამოინგრა, რადგან არაფერია იმაზე მეტად ღირებული ვიდრე ადამიანი და მისი სიცოცხლე.
ქვეყანაში, სადაც, მასობრივი დაჭერების შემდეგ, ოჯახი აღარ დარჩა, ნათესავი ან ახლობელი, რომ არ ჰყავდეს პატიმარი, ბირთვულ აფეთქებას დაემსგავსა პატიმართა წამების კადრების გამოჩენა.
წამების ფაქტები. რა ადვილად გამოითქმის და იწერება, მაგრამ, რა შემზარავი, ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია, ყოველი მოძრაობა და ბგერა ამ კადრებში. დამცირებული, ბეჭებზე დაცემული, გაუპატიურებული, გვემული ადამიანები, რომელთა სტატუსმა და დანაშაულის ხარისხმა აბსოლუტურად დაკარგა მნიშვნელობა.
და არავინ იცის, ზოგიერთ მათგანს აქვს კი ჩადენილი დანაშაული?!.
მაშინ, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები, თვით ყველაზე სასტიკი დამნაშავის პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ, ჩვენთან ცოცხითა და ხიშტით ვითომ კრიმინალის აღმოფხვრას ცდილობენ. სინამდვილეში კი ავადმყოფურ სურვილებს იკმაყოფილებენ.
ალბათ, სწორედ ამ მეთოდებით გაანადგურეს და სულიერად გატეხეს წინა მთავრობიდან მათთვის არასასურველი რამოდენიმე პიროვნება…
თუკი, ზოგადი დემოკრატიული კანონი გვასწავლის რომ „დაუშვებელია დაკავებული თუ სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება. დაკავებულ, დაპატიმრებულ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობისა და მისი პიროვნებისადმი პატივისცემის უფლება. “
… ჩვენ რაღა დაგვემართა. რატომ დავკარგეთ უცხო ტერმინთა კორიანტელში სიტყვები _ ჰუმანიზმი, შემწყნარებლობა, ტოლერანტობა. (თუმცა არა, ამ სიტყვის გამოყენება ხომ ძალიან უყვართ, განსაკუთრებით მართლმადიდებლური რელიგიის კრიტიკოსებს.)
დღევანდელ ისტერიასა და ქაოსში, ყოველი კუთხიდან რაღაცას მოგვიწოდებენ და გვარიგებენ.
სტუდენტები თაობათა ვერახდენილ ოცნებებს ასრულებენ და ქუჩაში ადამიანთა უფლებებს ხმამაღლა იცავენ.
ეკლესია სიმშვიდისკენ მოგვიწოდებს… მაგრამ, ახლა ყველაზე მეტად სწორედ სიმშვიდის დაცვა გვიჭირს.
მმართველი პარტიის წევრები ნელ-ნელა მიიპარებიან გემიდან, ზოგიერთი მათგანი კი კიჩოს ეპოტინება, რადგან ტვინში ერთი დიდი კითხვის ნიშანი მაინც ფეთქავს „ვაითუ გავიმარჯვოთ“.
პრეზიდენტი საქართველოში არსებულ უსაფრთხო სიტუაციაზე გვიყვება, მაშინ, როდესაც მისი ქვეყნის ქუჩებში განუკითხავად მოკლეს არაერთი ახალგაზრდა, დამნაშვენი კი არ დასჯილან.
სასჯელაღსრულებით და პენიტენციალურ სისტემათა ყოფილი ხელმძღვანელები (ძალადობის ასეთ ფორმათა დამმკვიდრებელები) მხოლოდ ბოდიშებს გვიხდიან საქმეში გაურკვევლობის გამო.
საზოგადოების ნაწილი, ნამუსზე აგდებს მეორე ნაწილს ოპოზიციური ძალის მიმართ გამოხატული მხარდაჭრის გამო.
პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი მეორეს ადანაშაულებს ამ შიშველი სინამდვილის დაგემვასა და დაფინანსებაში…
და ასე გრძელდება. როგორც ვიცით ხოლმე. როცა, ბევრს ვფიქრობთ, მაგრამ არ იმაზე, რაც ყველაზე აუცილებელია. ბევრ კითხვას ვსვამთ, მაგრამ არა იმას რაც საჭიროა. ბევრ ემოციას გავცემთ და ცრემლს ვღვრით, მაგრამ არა იმის გამო რაც ყველაზე მთავარია.
როდის შევიცვლებით?.. როდის დავსვამთ ძახილის ნიშნებს იქ, სადაც აუცილებელია?.. როდის, ვისწავლით ზომიერებას და ზღვარის გასმას იქ სადაც საჭიროა?.. ჩვენივე გადამეტებული სნობიზმის გამო დაგვემრათა, რომ ბევრჯერ ის ხალხი გავაავტორიტეტეთ ვინც არ იყო ღირსი. ჩვენთვისვე ვიქმნით კერპებს და მათი მსხვვრევისას ათეულობით ჭრილობა გვემატება ძველ იარებზე.
ახლა, მხოლოდ გონიერება გვმართებს. და ასე ყბადაღებული სიმშვიდე… კიდევ, ჩვენი არჩევანი. მოზომილი და გონიერი. რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი შვილების ბედი.
ზოგადად ადამიანის ბედი საქართველოში, რომელსაც ბოლო საუკუნენახევრის განმავლობაში ყოველთვის სხვები განაგებდნენ.
ადამიანის _ როგორც სამყაროს უნიკალური ქმნილების. რომლის სიცოცხლე, სული და ღირსება ფასდაუდებელია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est