კულტურული (რ)ევოლუცია

5 Oct

წინა დღე რაღაც უიმედოდ დაღამდა.
უიმედოდ, რადგან იმედი დიდი ხანია აღარ გვქონდა, რომ ჩვენს ხმას ვინმე გაიგონებდა, ჩვენს სიტყვას ვინმე მოისმენდა, ჩვენს აზრს ვინმე გაიზიარებდა.
ჩვენი ბრალი არ იყო. ასე მიგვაჩვიეს, ასე ჩაგვაგონეს, ასე დაგვაპროგრამეს.
არადა, ყოველდღე საპირისპიროს გვიძახდნენ ტელევიზორიდან. რომ ჩვენ, ყველაზე კარგი ერი ვართ, უნიჭიერესი, ულამაზესი და მოაზროვნე. რომ ილიამ სულ ტყუილად დაგვიწერა „ბედნიერი ერი“. და რომ ამიტომ ვირჩევთ მათ. ( ის, რომ ჩვენი არჩვანი ისინი არიან, უკვე თვისთავად მეტყველებს ჩვენს განუმეორებლობაზე).
არადა, მე არ ვირჩევდი და არც ამირჩევია.
არადა, ეს სიტყვები არ მოდიოდა გულიდან.
არადა, უფრო მეტიც ამ სიტყვების მიღმა იყო, უამრავი იგნორირებული თხოვნა, აზრი, იდეა.
იგნორირებული ადამიანები თავისი ასაკით, წარსულით და მომავლით.


იგნორირებული შვილმკვდარი დედები, რომლებსაც შვილები გაურკვეველ ვითრებაში მოუკლეს და მათი მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან.
იგნორირებული ქალები, რომლებიც საქართელოდან ოჯახის სარჩენად გაქცეულები ვერა და ვერ დაუბრუნდნენ საკუთარ შვილებს.
იგნორირებული კაცები, უმუშევარი მამები, რომლებსაც მუდმივად გადამზადებისა და პროფესიის შეცვლისკენ მოუწოდებდნენ.
ბიზნესმენები, რომლებიც წელში წყდებოდნენ შეწერილი ფულებისა და არაოფიციალური ყადაღებისგან.
მოსამართლეები, რომლებსაც დაავიწყეს სიტყვა სამართალი და სხვისი ბრძანებების მიხედვით განაჩენის გამოტანა ასწავლეს.
ადვოკატები _ ფუნქციადაკარგული იურისტები, რომელთა მოვალეობა ციხეში პატიმართა მონახულებით შემოიფარგლებოდა.
მასწავლებლები, რომლებსაც მუდმივად ლანძღავდნენ, ამცირებდნენ და „აშინებდნენ“ ხელფასის მომატებით, იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისურის ცოდნითა და უნარ-ჩვევების გამომუშვებით შეივსებდნენ ინტელექტს.
ექიმები, რომლებსაც ყბადაღებული „პოლისებიდან“. თითო პაციენტში მხოლოდ 2 თეთრს არგუნებდნენ.
გლეხები, რომლებიც ჰიბრიდული და გენმოდიფიცირებული ჯიშების მოყვანა- მოშენებით დატანჯეს.
მომღერლები, რომლებსაც მხოლოდ მაშინ ექნებოდათ ანაზღაურება, თუკი სამთავრობო კონცერტებზე იმღერებდნენ.
ინტელიგენცია _ რომლებმაც გასული საუკუნის კულტურული ამინდი შექმნა და რომელთაც მუდმივად „წითლებს“ და „ჩასარეცხებს“ უწოდებდნენ.
მოქალაქეები, რომლებმაც, არ იცოდნენ როდის გამოასახლებდნენ სახლიდან, იმ შემთხვევაში თუკი მათი სახლები ვინმეს არ მოუვიდოდა ან მოუვიდოდა თვალში.
ჭკვიანი და ღირსეული ადამიანები, რომლებიც ხელფასისა და სამსახურის დაკარგვის შიშით იძულებულნი იყვნენ მათზე დაბალი ინტელექტისა და მორალური ღირებულებების მქონე ხელმძღვანელთა ქვეშევრდომებად ემუშვათ.
საზოგადოება, რომელიც ისმენდა ყველა იმ ტყუილს, გრძნობდა ყველა იმ ფარსს… რის დემონსტრირებასაც ასე ურცხვად ახდენდნენ და ხმას არ იღებდა, იმ მარტივი დებულების გათვალისწინებით, რომ ვერაფერს გახდებოდა, რომ არჩევნებით ვერაფერს მიაღწევდა. ომითა და რევოლუციით ქვეყნის მოწამვლა კი, აღარავის სურდა.
… მაგრამ მაინც. იმ, ავადსახსენებელი ციხის კადრები შემდეგ, შიგნიდან წამოსულმა პროტესტმა ყველა ბარიერი გადალახა, ყველა შიში დაძლია, ყველა ტკივილი დათრგუნა…
საზოგადოებამ გადაწყვიტა მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა.
საზოგადოებამ გადაწყვიტა თავისი პოზიცია დაეფიქსირებინა.
საზოგადოებამ გადაწყვიტა ხმა მიეცა… და დაიძრნენ მშობლიურ ქალაქებში, სოფლებსა და დაბებში. დაიძრნენ ისინიც კი, ვინაც მანამდე თავს არ იწუხებდა არჩვანის გაკეთებით. ვისთვისაც მანამდე სულერთი იყო … ან არჩვანი არ გააჩნდა…ან იცოდა, რომ ვერაფერს შეცვლიდა…
1 ოქტომბერს, საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, გაოგნებული დავდიოდი თბილისის ცარიელ ქუჩებში. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუდამ ხმაურიან და ახლა გაუკაცრიელებულ ადგილებში და ვფიქრობდი, რა ძალამ ააყენა, ეს ადამიანები აქედან, ორიოდე გროშის საშოვნელად, დღედაღამ ქუჩაში მსხდომარენი. მათთვის ხომ არ არსებობდა შაბათი და კვირა, შვებულება-არდადეგები. ალბათ, მხოლოდ აღდგომა-შობა-ახალი-წელი.
სწორედ მაშინ მივხვდი, რომ რაღაც მოხდებოდა, იმაზე უფრო ცივილური ვიდრე ადრე გვინახავს.
როცა, საზოგადოების ის ფენა, რომლისთვისაც, შესაძლებელია არცერთი წყობილების დროს არაფერი შეიცვალოს, ადგა და არჩევნებზე წავიდა ე.ი. ჩვენ აღარ ვართ ისეთები, როგორიც ადრე. ცოტა გავიზარდეთ, ცოტა დავჭკვიანდით, ცოტა გავეშმაკდით და მივხვდით, რომ სინამდვილეში… ბევრი რამ შეგვიძლია.
მივხვდით, რომ თუ ბევრნი, ვიქნებით და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას… მას უცილებლად ექნება ძალა.
ასეც მოხდა.
დაღამდა. ეს იყო საქართველოსთვის კიდევ ერთი უძილო ღამე, როცა ტელევიზორებთან, კომპიუტრებთან, რადიოებთან მიმსხდარი ადამიანები ელოდნენ… საკუთრი მოქალაქეობრივი აქტივობის შედეგს.
დედაქალაქი აღნიშნავდა გამარჯვებას, რადგან სწორედ მისმა მონაცემებმა შეასრულა ლომის წილი მმართველი პარტიის დამარცხებაში (თბილისი და სააკაშვილის ურთიერთობა ხომ ცალკე დიდი თემაა…).
აღნიშნავადა, ისევე, როგორც წლების წინ შევარდნაძის გადადგომას, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყავით გაზრდილი რევოლუციიდან არჩვნებამდე. ეს აღნიშვნა სინამდვილეში ეკუთნოდა იმ მითის მსხვრევას, რომელიც მძიმე ლოდად აწვა თვითოეული ჩვენგანის ცნობიერებას და მომავალში რაიმეს შეცვლის პერპექტივას გვიხშობდა. უფრო მეტიც, მომავლისკენ სვლაში ხელს გვიშლიდა.
როგორც ჩანს ტყუილად არ ამდგარა ადგილიდან ყველის გამყიდველი კაფანდარა ქალი ქუჩის კუთხეში.
როგორც ჩანს, ტყუილად არ დაძრულან სტუნდენტები დედაქალაქიდან საკუთრი საარჩევნო უბნებისკენ.
როგორც ჩანს, ტყუილად არ სერავდნენ ქართველი ემიგრანტები საათობით სავალ მანძილებს საქართელოს საელჩომდე მისასვლელად.
ჩვენ განვიცადეთ კულტური რევოლუცია.
და სწორედ ამას აღნიშნავდნენ ადამიანები.
მერე , იყო ჩამოსხდომები, განხილვები და აზრთა გაზიარება… კულუარებიდან გამოტანილი ამბები, გაყალბებებისა და ვერგაყალბების, სომხური მარაოს და აზერბაიჯანული კარუსელის, ხალხთა ნაკადის და გონიერების, ნაციონალთა დაწყვეტილი ნერვების და ქვეშევრდომებზე ხმისჩხლეჩამდე ყვირილის… შესახებ.
გააყალბეს, მაგრამ ვერ შეძლეს. ვერ მოერივნენ გააქტიურებული ხალხის არჩევანს.
ახლა… ეიფორიისა და ქაოსის პერიოდია.
ოპოზიცია ეგუება იმ აზრს, რომ უკვე ხელისუფლებაა.
ხელისუფლებამ თავი ოპოზიციად გამოაცხადა და თვითონაც გაუკვირდა საკუთარი ცივილურობის.
ხალხი ვერ იჯერებს, რომ პარტია, რომელიც ტყუილთან, ძალადობასთან, აღვირახნილობასთან ასოცირდება ახლა მორჩილი ღიმილით და კრავის გამომეტყველებით იკატუნებს თავს.
უფრო მეტიც ერთმანეთს მოუწოდებენ თავი ასწიონ და ღირსეულად შეხედონ ხალხს თვალებში. იმ ხალხს, რომლებსაც შვილებს უკლავდნენ და სასაფლაოზე უგდებდნენ. მოკლულ მამებს სახლის სახურავებზე უტოვებდნენ, ახლობლებს ცოცხით უუპატიურებდნენ, პატიმარ ცოლებსა და ქალიშვილებზე ძალადობდნენ. განსხვავებული აზრის გამო სამსახურებს ატოვებინებდნენ, უყვიროდნენ, ამცირებდნენ, საკუთარ აზრს ჩანასახშივე უხშობდნენ.
თვაწეულებმა უნდა იარონ, ალბათ მხოლოდ ჩვენს სახლებში ანთებული ნათურის, გაზქურებში შემოსული გაზის, დაგებული და ასჯერდანგრეული გზების, განახლებული და აღდგენილი შენობების, ფანტანებისა და მოედნების, ჩაცმულ-მოკაზმული პატრულის და აღდგენილი ბაგრატის ტაძრის გამო… რომელთა აგება დამშვენება, სინამდვილეში ერთი ადამიანის სახელს უკავშირდება… და მის მიერ გაკეთებულ საქმეზე, ჩვენს ხელისუფალთ მხოლოდ წითელი ლენტის გაჭრა ევალებოდა.
დღეს საქართველოში ეიფორიაა…
თუ წინა პარლამენტი მაშინდელ ოპოზიციას რუსეთთან კავშირსა და ათას ცოდვაში ადანაშაულებდა, ახლა თვითონ სურთ, კრიმინალური ცოდვების მოიუხედავად ოპოზიციაში მოვიდნენ… ხელისუფლებაში ყოფნისას საკუთრი ქვეყნის მუდმივად დატერორების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, ოპოზიციიდან უნდა უნდა ასწავლონ სხვას ქვეყნის მართვა.
ერთმა ჭკვიანმა ჟურნალისტმა დაწერა: „ვის გაუგია კრიმინალის ოპოზიციონერობაო“.
მართალია, იმდენი გამოუძიებელი და გაუხსნელი საქმეა საქართველოში, რომ მათ ადგილას მშვიდად ვერ ვიქნებოდი.
ასეა, თუ ისე, საქართველოს მოსახლეობამ, ქართველებმა და ეროვნულმა უმცირესობებმა, ქალმა და კაცმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. ახლა, ცოტა ხნით მაინც სიმშვიდე გვმართებს.
სიმშვიდე და სიფხიზლე.
რათა, სასამართლოში ისევ იზეიმოს სამართალმა. და იურისტებმა ისევ ირწმუნონ ამ სიმართლის ძალა და მნიშვნელობა.
რათა ჟურნალისტიკამ ისევ დაიბრუნოს ობიექტურობა, ხოლო ჟურნალისტმა ღირსება.
ექიმებმა ისევ იამაყონ საკუთარი პროფესიით.
მასწავლებლები მიხვდნენ, რომ არ არიან ყველაზე უვიცნი სამყაროში.
მეგობრებმა შეძლონ ტელეფონზე უშიშრად საუბარი, მესამე პირის თანხლების გარეშე.
ადამიანებმა გაიხსენონ როგორ უყვარდათ ერთმანეთი. და აღარ არსებობდეს ქვეყანა დაყოფლი ნაციონალებად და დანარჩენ ქართველებად.
კულტურის მოღვაწეებმა შექმნან ღირებული ხელოვნება და არავინ ჩარეცხოს, მათი სამოღვაწეო პოლიტიკური წყობილების მიხედვით.
არავინ დაგვპირდეს წინასწარ და უსაფუძვლოდ, რომ მომავალ ახალ წელს სოხუმი შევხვდებით.
არავინ აღგვიდგინოს ძველი შენობების ფასადები თაბაშირ-მუყაოთი.
არავინ ამოგვიძირკვოს ძირძველი ფართოფოთლოვანი ხეები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ადგილას საზღვარგარეთ მილიონებად შეძენილი პალმები გაახარონ.
არავინ აღადგინოს ტაძრები, მხოლოდ საკუთრი საარჩევნო კომპანიის გასამყარებლად და პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.
ფაქტია, რომ იდეალურისგან ახალი პარლამენტიც შორს იქნება. მაგრამ ვიტოვებთ იმედს (რომ მათი შეცდომები არ იქნება ასეთი შეურაცხყოფელი და მომაკვდინებელი) და უფლებას (რომ, არცერთი შეცდომა აღარ ვაპატიოთ ხელისუფალთ, მიუხედავად მათი „პრივილეგირებულობისა“).
ადამიანებო, ვიყოთ ფხიზლად. რათა, ჩვენმა კულტურულმა რევოლუციამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლოს. რათა, საკუთარი თავის რწმენა დავიბრუნოთ.
გვახსოვდეს ყველგან და ყოველთვის, რომ ჩვენ, რიგითი ადამიანები ვართ ყველაზე მთავარნი, რომლებსაც ერთ წამში, ერთ საათში, ერთ დღეში ყველაფერის შეცვლა შეგვიძლია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est