მერი

12 Oct

მერი პირველად სამი წლის წინ ვნახე, აჭარაში დასასვენებლად ჩასულმა. ,,ნატომ რძალი მოიყვანაო” _ გოგონებმა ამბავი დამახვედრეს. გამიხარდა ჩვენი მუდმივი “სახლის” დიასახლის ოცნება რომ ახდა და ორმოც წელს გადაცილებულმა გაგამ, როგორც იქნა, ცოლი შეირთო, თანაც, 17 წლის, ულამაზესი გოგო. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში, ახალი რძალი უკვე მოლოგინებული იყო და ჯერ კიდევ სამშობიარო სახლში იწვა.

დამსვენებლები ახლადშემდგარ მამიკოს ანასტასიას დაბადებას ულოცავდნენ, კეთილ სურვილებს არ იშურებდნენ. ორმეტრიანი გაგა ისევ ძველ ამპლუაში იყო. მთელ დღეებს არტეზიულ ჭასთან ჩამომჯდარი ატარებდა _ ჩართავდა და გამორთავდა. ხანდახან ზლაზნვით აითრევდა წელს და ეზოს გდაჭრიდა. ცოლის სანახავად არ მიდიოდა _“რას ქვია გოგო გააჩინაო”. კითხვაზე _ “გაგა, ალბათ ძალიან გახარებული ხარ”, პასუხობდა _ “სხვა რა გზაა, უნდა გამიხარდესო”. მოკლედ, არ იყო მთლად ჯანსაღი სიტუაცია. მაგრამ საკურორტო მოცლილობისთვის დამახასიათებელი დიდი ინტერესი კი გვკლავდა, მაინც ვინ იყო ეს პატარა გოგო, რომელიც მამის ტოლა კაცს ცოლად გაჰყვა და ისიც თავს ამადლიდა.
ცოტა ხანში დედა-შვილი სახლში დაბრუნდა და მნახველების რიგი დაუდგათ.
ახლაც მახსოვს ბარბის ოთახივით მორთულ საძინებელში, რომ შევედი და თეთრი ატლასისკანიანი, ლამაზი ბავშვი დავინახე. დაბურცული ჟოლოსფერი ტუჩებით და მუქი ქერა, მბრწყინავი თმით.

გავვოცდი. შევწუხდი. შემებრალა.

მიუხედვად იმისა, რომ ამ ოჯახის წევრებს დიდი ხანია ვიცნობდი და ვიცოდი, არ იყვნენ ცუდი ადამიანები. მათი მენტალობა და აზროვნების სივიწროვე, რომელიც მთლიანად პრაქტიკულ და მიწაზე მყრად მდგომ არგუმენტებს ეფუძნებოდა, მაინც გამიკვირდა. ხშირად გამეგონა ნატოსგან, რომ გაგა (“ორმეტრიანი ყაზილარი” როგორც ჩემი მეგობარი ეძახდა) 30 წელს გადაცილებულ ქალს არ არ ითხოვდა, ახალგაზრდა გოგოს ეძებდა “ბაღნები” რომ შეძენოდა და ვინ “დუკავდებოდა” ამხელა ადგილ-მამულების და “სასტუმროების ქსელის” პატრონს.

ასე იყო თუ ისე, მშვენიერი მერი, პატარა ანასტასიათი ხელში რაფაელის მადონას რომ ჰგავდა, თვალცრემლიანი იჯდა ბაფთებსა და ფუჩფუჩა ფარდებში ჩაფლულ საძინებელში და ბავშვს სასოწარკვეთილი ჩასჩერებოდა. ახალშობილი კი გაუჩერებლად ტიროდა. დედამთილი არსად ჩანდა, ვიყავით მხოლოდ ჩვენ, მნახველები. იქვე სახელდახელო ტრენინგი ჩავატარეთ. როგორ უნდა მიმხვდარიყო როდის ტიროდა შიმშილისგან, ძუძუ როგორ უნდა ეწოვებინა, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩენილიყო და პარალელურად ვეკითხებოდით, _ “აი, მერი, ეს ხომ იცი?..” ლამაზი და რატომღაც ფეხშიშველი მერი კი მუდმივად, კვნესით იმეორებდა _ “რა ვიცი მე…”

მისგან გამოსულები ისე დავმძიმდით, შევწუხდით, ისევ ნატოს მივადექით, _ “ნატო შედი ხანდახან მიაქციე ყურაღება, თვითონ პატარა, ბავშვს რას მოუვლის?!”. პასუხი ასეთი იყო: ,,_ რა ვიცი ცა მე, სად შემიძლია ბაღნის მოვლა? გაპრიალებულ ოთახში წევს, საჭმელი ქი შემაქ, დალაგებაზე მაგას არ ვაწუხებ და ამ თავის ბაღანას ქი მოუაროს ახლა. გაგა იქინე ვერ დიძინებს, იმ ტირილში და წიოკში და… თავი მეიკლა მამამისმა აი რომ გვეთხოვა, უნდოდა ამტოლა ქონების დიასახლისი ყოფილიყო და ბაღანას თუ ვერ მოუარა, ამ სახლ-კარს მოუვლის?.. ”
რკინის არგუმენტები იყო, ვერაფერს ეტყოდი.

ჩვენ მალე წამოვედით, მაგრამ მერი რატომღაც ხშირად მახსენდებოდა ხოლმე. მეორე ზაფხულს აჭარას ვერ ვესტუმრე, მაგრამ, ჩემმა მეგობარმა მითხრა, მერის უკვე მეორე შვილი, ვაჟი შეეძინაო. გაგა კმაყოფილი იქნება-თქო, _ გავიცინეთ და მორჩა…

ამ ზაფხულს იქ ჩასულს სულ სხვა ქალი დამხვდა. მბზინავი ქერა თმა შავად შეუღებავს, ალბათ, მეტი ასაკი რომ დატყობოდა… შევსებულა და გამარჯვებულა. ქარივით დაქროდა სახლების და სასტუმროების ლაბირინთებში. ორი პატარა ანგელოზი უკან დასდევდა და მათთან ერთად “წელმოწყვეტილი” გაგა… ჩუმად და პრიმიტიულად, უთქმელად და მაინც ვერ დაფარულად, როგორც იტყვიან, მის ნატერფალებს კოცნიდა.

თეთრი და ელვარეა ისევ, ატლასივით. ტუჩებიც დაბუსხული აქვს, მაგრამ მის თვალში ბავშვობის ნატამალი აღარ დგას. პრიმიტიული პრაქტიკულობით, ორ ძმას შორის გაყოფილი ქონების საკუთარ ნაწილს თავზე დაჰფოფინებდა. საკუთარ ქმარ-შვილს, ცალკე გამოყოფილ სამზარეულოში, საჭმელს უმზადებდა. დედამთილს არ ეკონტაქტებოდა, არც მაზლს. (მული ხომ იქ სათვალავშიც არაა და მასზე არც განაწილებული ქონება ვრცელდება.) ოღონდ ეს იყო, რომ უკვე დაქალებულს, ვერ თუ არ მიღებული განათლების, ვერ თუ არ შევსებული ინტელექტის დაღი აზის სახეზე და მაინც შესაბრალისს ხდის.

ჯერ, შორიდან გვიყურებდა. მერე გაგვიშინაურდა. ცოტა ხანში საუბარში აგვყვა და თავისი ამბავიც მოგვიყვა:
“… იმფერი კაი ბავშვობა მქონდა, რომ სასწაული. ჩემს და-ძმებთან ერთად დავრბოდი სოფელში  აღმა-დაღმა და დედიკოსაც ვეხმარებოდი. იცი, მე რა კაი დედიკო მყავს. ჩემზე ბევრად ლამაზია. მამაჩემიც ძან ახალგაზრდაა. ჩემს გაგაზე სამი წლითაა უმცროსი.

მე-10 კლასში რომ გადევედი, ჩვენთან მანანა დეიდა მევიდა. მერი უნდა გვათხოვოო, კაი ბიჭი მყავს მეზობლადო. დიდი სახლი აქვსო, სასტუმროებიო, პატიოსანი და კაი გოგო უნდა ცოლადო. ორმოც წლამდეაო. დიდუუ, იმდენი ვიტირე, გული კინაღამ გამისკდა. დედაჩემი მამშვიდებდა, არ გაგათხოვებ ასე პატარასო, სიყვარულით უნდა გათხოვდეო,  მარა მამაჩემმა, რომ დაარტყა მუშტი მაგიდაზე, კინაღამ დეინგრა სახლი. _ თუ კაი ხლხია, პატრონს ჩავაბაროთო.
მევიდა გაგა ჩემს სანახავად, ხომ გახსოვს რანაირი ვიყავი. გაგა, კიდე, რომ დავინახე გული გამისკდა, მე ვიფიქრე ეს ბებერი კაცი ვინაა-თქვა. ორმოც წლამდე კი არა, კაი 43 წლის იყო, მარა, სხვა ჩემთვის არავის არ უკითხია არაფერი. არც ტირილი გეიგონეს ჩემი და არც მუდარა. მამა მიყვიროდა, შენს და-ძმებზე იფიქრეო, ეს ხალხი ამბობს, ფულს მოგცემთო და ცოტას ჩვენც მოვითქვამთ სულსო.
მამაჩემი არაა ცუდი კაცი ისე. აქ კი ამბობენ ჩემზე, მამამ გაყიდაო, მარა, გაჭირვებამ აქნევია ეს. ოთხი შვილის გაწირვას ერთი გაწირო არ ჯობია?!. ახლა ვფიქრობ ასე, თვარა, მაშინ ჩემი ცრემლებისგან ერთი დიდი ზღვა ქი გამევიდოდა.
უიმე, ყველაზე საშინლად მახსოვს, ქორწილი და გაგას მოფერება. არც უკოცნია ჩემთვის, არც მიყვარხარო უთქვამს, არც მომფერებია. ახლა ქე მყლაპავს, იცოცხლე, და მეც მიყვრს ჩემი ქმარი, მარა მაშინ, ცივად მექცეოდა ძალიან. ამბობდა, მარტო ბაღნებიზა მინდევხარო. ანასტასია რომ შემეძინა, კინაღამ დამტოვა სამშობიაროში. მე მაგი ბიჭის გამო ვითხოვე თვარა, რა მეცოლებოდაო.

ვაიმე, ღმერთო შენ ნუ გამახსენებ იმ დღეებს, მე რომ ჩემი გოგო გავზარდე. მარტომ, თლათ მარტომ. ნატო ერთს არ შემეიხედავდა და ერთი არ მეეფერებოდა შვილიშვილს. მაშინ დავასკვენი, რომ მაი არ იყო კაი ქალი. კი უყვარს ყველას, მარა თამაშობს ყველაფერს. ცივი და უგულო ქალია ისე. მითხარი რაფერ შეიძლება შენი შვილიშვილი დღემუდამ ტიროდეს და არ დაგაინტერესოს რა ჭირს. მაშინ რომ გადავრჩი, ასე მგონია არაფერი აღარ მომკლავს. ღამე არ მეძინა და დღე. არ ვიცოდი რაფრა დამებანა, რაფრა მეჭმია. ეს იყო, რომ საჭმელს არ მამადლიდა ეს ხალხი. ღვთის მადლით გოვუძელი ყველაფერს და მალე დავრჩი ფეხმძიმედ. ამ პერიოდისთვის გაგამაც მეიხედა ჩემკენ და მთლად მარტო არ ვეგდე. ღმერთმა გადმომხედა და ბიჭიც შემეძინა… ადამიანად ჩამთვალეს და გაგასაც პატივისცემით დოუწყეს ყურება, თვარა მისი ძმა ამბობდა, მაგას შვილები აღარ ეყოლება და აქაურობა ჩემიაო.

კი, ბატონო, მისიცაა, მარა ჩემს შვილებსაც ეკუთვნით. ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის დროს გაგა გედირია. თქვა, მე ჩემს ცოლ-შვილს არ დაგაჩაგრიებთო და გეიყო ოჯახი. ჩემმა დედამთილ-მამათილმა ასე გაანაწილეს, რომ, აი, ორი სასტუმრო ჩვენია და აი, დიდი სახლი, ჩემი მაზლის. არა, მე ამ სახლში ვერ ვიცხოვრებ. იმ სასტუმროებში უნდა მევიწყო საცხოვრებელი. მევიწყობ ბატონო. არ მეშინია. ისეთი დღები გადევიტანე და მაი შემაშინებს?… აგინმა არ იციან მე რანაირი კერკეტი კაკალი ვარ. ჩემი და-ძმებიზა გავთხოვდი თვარა, ჩემი სიჯიუტის ამბავი, რომ ვიცი, მამაჩემი ვერაფერს დამაკლებდა.

ახლა ჩემს ქმარ-შვილს შემეევლოს ჩემი სიცოცხლე. ჩემი ქმარი რომ შემომხედავს თავის ლურჯი თვალებით, ძალა მემატება. კიდევ კარგი, ბაღნებს მამის თვალები რომ გამოყვათ. აწი მე, ვერავინ ვერაფერს დამიშავებს.”

იმ დღეს, ჩვენი ფანჯრის წინ სადილობდნენ და მათი თავშეკავებული დიალოგი მესმოდა. გაგას ალერსიანმა, დაყვავებულმა ხმამ, მერის მორიდებულმა და გაპრანჭულმა პასუხებმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა ქალის ძლიერ ბუნებაზე და იმაზე, რომ ყველანაირი ტკივილის, განსაცდელის, დამცირების და დაღლილობის გასაქარწყლებლად მას მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული და სითბო სჭირდება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est