ოცნება… ტკივილი… ვალდებულება

24 Oct

დიდი, ცეცხლოვანი თმის ბუჩქი, აპრეხილ ცხვირზე მობნეული ჭორფლი, თხელი, პატარა და ნაზი ტუჩები… სულაც არ ქმნიან სასაცილო ან რომანტიკულ განწყობას. პირიქით, ფერთა და სახის ნაკვთთა ასეთი შეხამებით ძლიერი ამორძალის სახე იხატება. მითუმეტეს, რომ, დრომ, ვითარებამ, ცხოვრების გზამ… სწორედ ასეთად გამოწრთო.

მხოლოდ თვალები… თვალები გადმოსცემენ ისეთ დიდ ტკივილს, როგორიც გულში ვერ და არ დაიტევა, სიტყვით არ გადმოიცემა, დაწერით არ დაიწერება. ტკივილი, რომლის შენახვა, დატევა, გადმოცემა და გაცემა…მხოლოდ თვალებს შეუძლია.


… არადა ერთი შეხედვით ლაღი და ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ოჯახში მესამე შვილი იყო. ახალგაზრდა, უკვე დაღლილი დედისთვის კიდევ ერთი საზრუნავი, ხანშიშესული მამისთვის კი სასურველზე სასურველი. სწორედ მისი დაჟინებული და მკაცრი მეთვალყურეობის შედეგად მოევლინა ქვეყანას…
იზრდებოდა, ლამაზი, ძლიერი, სიცოცხლით სავსე, მხიარული და ამავდროულად სევდიანი. ბავშვობიდანვე იგრძნო, რომ ოჯახს მისი დახმარება სჭირდებოდა. ოღონდ ყველას სხვადასხვაგვარი. დედას _ მუდმივი სტუმრიანობისგან ძალაგამოცლილს, როგორც დიასახლისის. მამას _ ბობოქარი ცხოვრებისგან დაღლილს, როგორც მსმენელის და მეგობრის, ძმებს _ როგორც მფარველის. ამიტომ მის ბავშვურ სიცელქეს, ყოველთვის თან ახლდა პასუხისმგებლობა ოჯახის, სახლის და ზოგადად თავისიანების წინაშე. ეს გრძნობა, შეუმჩნევლად მართავდა მის ცხოვრებას, რომელიც თითქოს სავსე იყო ახალგაზრდული ქარაფშუტობით, თაყვანისმცემელთა შემოტევებით, ენერგიული მსჯელობებით, მეგობრებით … მუდმივად ჰქონდა ერთი უხილავი ჯაჭვი, რომელსაც იგი ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა ერქვა და რომლითაც საკუთარ ძველ სახლზე იყო მიჯაჭვული.
ეს გრძნობა არასოდეს არ ტოვებდა.
არც მაშინ დაუტოვებია, როდესაც პირველი ქალური ინსტიქტები გაუჩნდა და შეუყვარდა. ამიტომ, ოჯახის და საკუთრი შელახული თავმოყვარეობის გამო ეს სიყვარული მალე დაივიწყა, მითუმეტეს, რომ რაინდი ცოლიანი არმოჩნდა.
შემდეგში ეს ჩვევად ექცა… როგორც კი სიყვარული ეწვეოდა, ბედნიერებით და ნეტარებით სავსე წამებში, ოჯახის წინაშე ვალდებულებით დამძიმებული სინდისის ქეჯნა თავს ახსენებდა ხოლმე. მერე, ამ უკიდეგანო სიხარულს, რომელსაც სხვებსაც უშურველად უზიარებდა, ტკივილი, სევდა, დეპრესია და საკუთარ თავში ჩაკეტვა ცვლიდა ხოლმე. რამდენიმეკვირიანი (ან თვიანი) თვითგვემის შემდეგ… თავის თავს უბრუნდებოდა და შესაბამისად ოჯახს, რომლის წინაშე, რატომღაც ყოველთვის ვალში იყო.
21 წლისა გათხოვდა. თავის თანაჯგუფელზე. დღეს, რომ კითხო, რატომ?.. მხრებს აიჩეჩავს და გეტყვის „ალბათ მიყვარდა…“
ქმარი ჩვეულებრივი ბიჭი იყო. პროვინციელი კარგი ტიპი. სიმპატიური, კეთილი და თბილი, მაგრამ, მოუხეშავი და ცოტა ხეპრე. მუდმივად აწუხებდა თავისი ცეცხლისფერთმიანი ცოლის უკიდეგანო თვისუფლება და ეჭვიანობდა. ეჭვიანობდა სუნთქვის შეკვრამდე. რასაც, მუდმივი ჩხუბი, აყალმაყალი, ხელით შეხება, განშორება-შერიგება მოსდევდა ხოლმე. თუმცა, ყოველთვის გრძნობა ქმრის დიდ სიყვარულს და მიუხედავად მისი ხეპრული გამოხტომებისა, გულის სიღრმეში იცოდა, რომ არ იყო ცუდი ადამიანი.
მის გათხოვებას, მამის ავადმყოფობა დაერთო. მამის, რომელსაც აღმერთებდა. ამიტომ ხანდახან თავადაც უკვირდა, როგორ მიატოვა მომაკვდავი მამა და პირად ცხოვრებაში ექსპერიმენტისთვის მოიცალა. განსაკუთრებით მაშინ ინანა, როცა, მამას უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ, ინანა და მიხვდა, რომ მეტი აღარ შეეძლო, რომ მამის სიკვდილი კიდევ უფრო ამყარებდა იმ ჯაჭვს, რომელიც ერთდროულად პასუხისმგებლობას მატებდა და თვისუფლად სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
მამის სიკვდილს პატარა სიცოცხლის შემატება მოჰყვა. ახლა უკვე, საკუთარი ცისფერთვალა,ოქროსფერთმიანი გოგონა ითხოვდა მის ყურადღებას. მაგრამ, სწორედ ამ ყურადღების მიცემა არ შეეძლო. უვლიდა, ამ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობით, მაგრამ დედის ფუნქციები მთლიანად ბებიას გადააბარა. თვითონ კი ერთი სული ჰქონდა სახლიდან გასულიყო და თავისუფლება შეეგრძნო.
ოჯაური იდილია იშვიათია ახალგაზრდულ ოჯახში. გიჟურ მხიარულებას ისევ, კონფლიქტები, გაწევ-გამოწევა, დავიდარაბა ცვლიდა… და პატარა ცისფერთვალა გოგონას თვალებში, ბავშვური უდარდელობის ნაცვლად სევდამ დაიწყო ჩადგომა.
მის ირგვლივ ყველა დაიღალა. ყველა დაღალა გაუთავებელმა თეფშების სროლამ, საქმის გარჩევამ, დაუნდობელმა რეპლიკებმა… მით უმეტეს, რომ 90-იანი წლები იყო და ადამიანებს ძალა აღარ ჰყოფნიდათ, ყოფით, პირად და ფსიქოლოგიურ პრობლემებს ერთდროულად გამკლავებოდნენ. ამიტომ, ეს კონფლიქტი ისევ ეკონომიკურ პრობლემებს გადააბრალეს და ქმარი მოსკოვში წავიდა.
ჯერ თვითონაც წაჰყვა ბავშვთან ერთად. მერე, იქ დატოვა. უახლოესი მეგობრის „მეთვალყურეობის“ ქვეშ. მეგობრის, რომელიც თავად იქცა მისი მეუღლის მანუგეშებლად და საყვარლად.
ეს დიდი დარტყმა იყო. იმდენად დიდი, რომ კარგა ხანი სუნთქვაც არ შეეძლო. ახრჩობდა, შეურაცხყოფა, ტკივილი და არასრულფასოვნების კომპლექსი. უღალატა ადამიანმა, რომლის სიყვარულში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია, რომელიც იდეალური მამა იყო და მეუღლესაც ხელში აყვანილს დაატარებდა.
…და ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი რომელსაც არასოდეს აკლდა თაყვანისმცემლები, ცდილობდა ღალატისგან მიყენებული ჭრილობებისთვის გაეძლო. …მაგრამ, ამისი არც დრო ჰქონდა და არც ფუფუნებდა. სახლში შვილი ელოდა, რომელსაც სითბო და საკვები სჭირდებოდა, სკოლაში უნდა წასულიყო და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასულიყო. შვილი, რომელიც საოცრად იყო მიკედლებული მამას და ახალ ეტაპთან ერთად, დიდ ტრავმებს უნდა გამკლავებოდა.
მარტო დარჩენილი, დიდ ქალაქში, თავისი დიდი ოჯახისგან შორს, საკუთრი თავის და კეთილი ადამიანების ანაბარა დარჩა და მისთვის სრულიად მოულოდნელი და შეუფერებელი საქმე მოძებნა. ცხობა დაიწყო. დილის 5 საათზე დგებოდა და 25 კილოგრამიან ფქვილს ტომრებს ეჭიდებოდა. მერე, დაღამებამდე ხაჭაპურს აცხობდა…
შეგროვილი ფულით შვილი სკოლაში გაუშვა…
მას შემდეგ, ბევრი წელი გავიდა, მაგრამ მხრის ტკივილი მუდმივად შეახსენებს ხოლმე, რომ მის ცხოვრებაში ასეთი მძიმე პერიოდი იყო.
… თუმცა ცოტა ხანში, ამაზე მძიმე ხანა დაუდგა, შვილის ავადმყოფობით, ყოფნა არ ყოფნით, უძილო ღამეებით სავსე. რის გამოც ისევ საკუთრ თავზე გადაბიჯება და მოღალატე ქმართან ურთიერთობა დასჭირდა. მაგრამ, ეს, შვილის გამო გაღებული მსხვერპლი არაფერი იყო. ყველაფერს აიტანდა, ყველაფერს გაუძლებდა ოღონდ შვილი ცოცხალი ჰყოლოდა.
შვილი, აი, ვისი გულისთვისაც ყოველთვის ყველაფერზე მიდიოდა, უკან არ იხევდა, ყველაფერს იკლებდა…და მიუხედავად იმისა, რომ მის გაზრდაში და-ძმები ეხმარებოდნენ, მაინც დასჭირდა საზღარგარეთ წასულ ქალთა არმიას შეერთებოდა.
… „იქ“, კიდევ ერთხელ, თავიდან აღმოაჩინა საკუთრი თავი. ახალ ემოციებთან და შეგრძნებებთან შეჭიდებამ, თავმოყვარეობის ამბოხის ჩაკვლამ, უსაყვარლესი ადამიანების მონატრებამ… კიდევ უფრო გამოაწრთო, უფრო გაამაგრა… მაგრამ, ამასთანავე მგრძნობიარე გახადა. ახლა, უკვე სხვანაირად უკვირდებოდა განვლილ ცხოვრებას, ურთიერთობებში დაშვებულ შეცდომებს.
უცხო ქვეყანაში, სამკერვალო ფაბრიკის მტვერში ან სხვისი ბებიის მოვლაში ბევრჯერ ჩაუხშვია მომსკდარი ცრემლი და თავი უნუგეშებია, რომ ამ სამყაროში ბევრი მისნაირია. მაგრამ თვითონ მაინც ბედნიერია, რადგან სახლში შვილთან ერთად თავისი ოჯახი ელოდება, უსაყვარლესი ადამიანები. ვისი გულისთვისაც უყოყმანოდ გაწირავს სიცოცხლეს. ამიტომ კაპიკს კაპიკზე აწებებდა, რომ მათთვის, გაგზავნილი საჩუქრებით სიხარული მიენიჭებინა.
ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა. ფიზიკურზე მეტად სულიერად დაღლილი და ყველა უძილო ღამე, რომელიც ბორგვაში გაატარა სახეზე ჰქონდა აღბეჭდილი.
…მაგრამ, მაინც მზად იყო, ცხოვრება თავიდან დაეწყო.
თუმცა მის ფიქრებში აღარ იყო დიდ სიყვარულზე ოცნება, აღარ იყო ახალგაზრდული ემოციები. იგი მთლიანად წარსულზე დარდს მოეცვა, უსაყვარლესი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, მონატრებას. სიფრთხილეს… ყველაფერ იმას, რამაც სიხარულის შიში დაუტოვა და გულიანი სიცილის უნარი წაართვა.
დღესაც ასეთია. მიუხედავად მუდმივი ბრძოლისა, დაღლილი, მაგრამ ენერგიული. სევდიანი, მაგრამ უზარმაზარი დადებითი ენერგიით სავსე. მებრძოლი, მაგრამ, უკვე ნაკლებად ხისტი. ახლაც შრომობს, უკვე პაწაწინა შვილიშვილების სიყვარულით.
ქალი, რომელმაც ყველაფერი გამოსცადა, ყველაფერს გაუძლო. ბავშვობიდან აკიდებულ ტვირთს, ღალატს, მარტოხელა დედობას, აუწყობელ პირად ცხოვრებას, უღირსი ადამიანების შემოტევებს, ოჯახიდან შორს ყოფნას, შვილის მონატრებას.
… და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ აკლდა. ჰქონდა, ყველაზე მთავარი. ერთგული და მისი მოყვარული ადამიანები, რომლებიც, ყოველთვი ცდილობდნენ მისთვის ცხოვრება შეემსუბუქებინათ. ეს აცოცხლებდა. ასხამდა ფრთებს და ყველაზე მძიმე წუთებში ცხოვრების გაგრძელების სურვილს უმძაფრებდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est