არ გაჩუმდე!..

29 Dec

Silent_All_These_Years____by_prettyfreakjesper

ამას წინათ, ჩემი მეგობარი და კოლეგა მიყვებოდა პროკურატურაში გაგონილ ამბავს, ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ქალის შესახებ, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლი აღმოჩნდა. ქალი გათხოვილი იყო, მაგრამ, მიუხედავ ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, მოახერხა სარჩელის შეტანა და პროცესის მოგება, ისე, რომ ქმარს ვერაფერი გაეგო.

გამიკვირდა. იმ შემთხვევებიდან, რომელიც ვიცი, თითქმის ყოველთვის დამანაშვე დაუსჯელია, ისევ და ისევ ქართელი ქალის არაჩეულებრივი მოთმინების, მორჩილების და შემგუებლობის ან ხშირ შემთხვევაში პოლიციის მიერ გაუპატიურების შემთხვევის არასერიოზულად მიღების გამო.
ძალადობათა მრავალსახეობაში გამოიკვეთილი ერთ-ერთი უმძიმესი ფორმა, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის საკმაოდ სერიოზულ პრობლემად იქცა.

თუმცა იგი, მენტალიტეტიდან, ტრადიციიდან და ფსიქოლოგიური კომპლექსებიდან გამომდინარე იშვიათ შემთხვევაში მჟღავნდება და ისჯება.


გაუპატიურება – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ძალადობის ფორმა, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის 137 მუხლით ისჯება.

სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა მას განიხილავს ორ ასპექტში, გაუპატიურება და ,,სქესობრივი ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება”, გამომდინარე იქედან, თუ რა ვითრებაში ხდება ძალადობა და ვინ არის მისი ჩამდენი. ადგილი აქვს თუ არა მეუღლის ან პარტნიორის გაუპატიურებას, მოძალადის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული სიმთვრალე, დაზარალებულის სქესი და ა.შ.

ეს ის მნიშვნელოვანი საკითხები და განსხვავებებია, რომლებიც დიდი გავლენას ახდენს გარკვეული დანაშულების მტკიცებულებათა მიმართ წაყენებულ მოთხოვნებზე.

… და სანამ მსოფლიო კანონმდებლობა ძალადობის ამ ფორმის დიფერენცირებას ახდენს, ამერიკაში ყოველ ერთ საათში 78 გაუპატიურება ხდება, ყოველი მესამე ქალი, ერთხელ მაინც ხდება სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი და ყოველ მეშვიდეს აუპატიურებს საკუთრი ქმარი. აშშ-ს მონაცემები 4-ჯერ აღემატება გერმანიისას, 13-ჯერ დიდი ბრიტნეთის, ხოლო 20-ჯერ იაპონიის მაჩვენებელს. შესაბამისად, ამერიკასთან შედარებით ჩვენი მცირე მასშტაბები, ჩვენ სტატისტიკასაც მოკრძალებულ იერს აძლევს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ იშვიათად ხდება, ამის აფიშირება და სამართალდამცავი ორგანოების საქმის კურსში ჩაყენება, გასაგები ხდება, რომ ჩვენი სატატისტიკა ვერ გვაწვდის ზუსტ ინფორმაციას წამოჭრილ პრობლემასთან დაკავშირებით.

ქართული სტატისტიკა გვეუბნება – უზენაესი სასამართლოს მონაცემებით 2008 წლიდან მოყოლებული განხილულ იქნა გაუპატიურების 170 საქმე, ძირითადად არასრულწლოვნების მიმართ…

… და მაინც, რატომ ხდება, რომ ჩვენი, ქართული სინამდვილიდან გამომდინარე (რომელ ეპოქაშიც არ უნდა ყოფილიყო ეს სინამდვილე) გაუპატიურება რჩებოდა დანაშაულად, რომელიც ფაქტიურად არასოდეს არ სცდებოდა (და სცდება) დანაშაულის ადგილის ფარგლებს, რომ აღაფერი ვთქვა მის დასჯაზე. და არა მარტო ჩვენთანს, მსოფლიოს მასშტაბით, გაუპატიურებათა მხოლოდ 16 % ხდება ცნობილი პოლიციისთვის.

ამის მიზეზის ძიებაში რამდენიმე ქეისს წავაწყდით, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოგიდგენთ. იგი, თავისი მიზეზებით სულისშემძვრელიცაა და შემაშფოთებელიც.

ნანი (42 წლის):“ჩემს ისტორიასაც ჩვეულებრივი შესავალი აქვს. ტრადიციული ოჯახი. მკაცრი მამა _ მუდამ პატიოსნების სადარაჯოზე. ცენზურა ფილმებზე, წიგნებზე, მეგობრებთან წასვლაზე. მაგრამ ეს არაფერია. ასე იზრდებოდა ჩემი თაობის ბევრი გოგო. ახლა, რომ მახსენდება, პროტესტის გრძობაც არ მქონია.
გავიზარდე იმ წარმოდგენით, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობა ყველაზე დიდი სიბინძურე და ყველაზე ამაზრზენი ცოდვა იყო. თუმცა, ვიცოდი, რომ როდესმე უნდა გავთხოვილიყავი და ბავშვები გამეჩინა. ჩემი ეს წარმოდგენები თუ სერიოზულ პრობლემებს შემიქმნიდა ვერც წამომედგინა.

სტუდენტი გავხი და ჩემი გათხოვებაც დადგა დღის წესრიგში. საქმროც შემირჩიეს (ალბათ მიხვდნენ რომ საკუთარი სურვილით ამას არ ვიზამდი) მამაჩემის მეგობრის შვილი, ჩემზე შვიდი წლით უფროსი. მშვენიერი ჯანსაღი გარეგნობის მამაკაცი.
მერე იყო, ქორწილი, უზარმაზარი, უამრავი სტუმრით, თეთრი კაბით. ზრდილობიანი ღიმილებით.

ჩვენ ვიჯექით, სრულიად უცხონი. მისი მხრის მხარზე შეხებაც პანიკაში მაგდებდა. ყურთან ჩურჩულზე კი სურვილი მიჩნდებოდა ერთი ნახტომით გავცლოდი იქაურობას.

მაგრამ, მთავარი საშინელება წინ მელოდა. პირველი ღამე ჩემთვის ძალადობის პირველი გაკვეთილი აღმოჩნდა. ჩემმა „ჯანსაღი გარეგნობის“ ქმარმა ძალა იხმარა. უფრო გასაგებად რომ ვთქვა გამაუპატიურა და ამით სამუდამოდ დაასვა დაღი ჩემს, ისედაც ჩამოუყალიბებელ ქალურ ლიბიდოს.

ამ ამბავს ვერც ვერავის გავუმხელდი, თვით საკუთრ თავსაც კი ვარწმუნებდი, რომ ეს სიმთვრალის ბრალი იყო. მეორე- მესამე დღეს, მეორე-მესამე კვირას, მეორე-მესამე თვეში თითქმის იგივე მეორდებოდა, როგორ იქნა დავიდა ჩემს ტვინამდე, რომ რომ ეს ნორმალური არ იყო, რომ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობის პროცეს არ უნდა სდევდეს ტკივილი, შიში, ტირილი, ცემა, გინება.
მერე მუდმივი პანიკა.

… ამ გადმოსახედიდან ვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქამრი არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანი, თითქმის მანიაკი იყო, დამნაშვე მაინც მე ვიყავი. აბსოლუტურად მოუმზადებელი სექსუალური ცხოვრებისთვის. დამნაშავე იყვნენ ჩემი მშობლები, განსაკუთრებით დედა, აღზრდის მეთოდი და ა.შ.

მე, რომ დედისთვის გულის გადაშლა შემძლებოდა, აზრის გამზიარებელი და დამრიგებელი მყოლოდა, იქნებ ხუთი წელი არ დამჭირვებოდა ქმრისგან წამოსასვლელად. იქნებ მეზრუნა პრობლემის მოგვარებაზე და დღეს ქამრი თუ არა შვილი მაინც მყოლოდა. იქნებ…არ მქონოდა ხუთი შურაცხმყოფელი, გამთელავი წელი. დამეძლია ის შიში, რომელიც საპირისპირო სქესისკენ გახედვის საშუალებას არ მაძლევდა.

ახლახანს, მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშობლები გარდამეცვალა, შევძელი მისვლა ფსიქოლოგთან. თუმცა, ძალიან გვიან. რადგან იმის და მიუხედავად მექნება თუ არა სექსუალური ცხოვრება ჩემი, ასაკი აღარ მომცემს საშუალებას გავხდე დედა.
ვიღაცისთვის იქნებ ძნელი წარმოსადგენია რომ 21-ე საუკუნეში მსგავსი პრობლემები აწუხებდეს ქალს, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი განიცდის ანალოგიურს, მეტ-ნაკლებად რა თქმა უნდა.“

„განიცდის ანალოგიურს“- და აკითხავს ქალთა არასამთრობო ორგანიზაციებს.

საკუთრი და არაჯანსაღი სექსუალური მიდრეკილებების მქონე ქმრების, მეგობრების, მეზობლების, თანაკურსელების და უცნობი ადამიანების მიერ… გოგონები _ გაუთვითცნობიერებელი თუ სპეციალურად მორგებული ლოლიტას სინდრომის, ქალები_ ოდნავ ზედმეტად გამოჩენილი ინიციატივის გამო ხდებიან იმ დანაშაულის მსხვერპლნი,. რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებით მძიმე სამართალდარღვევად არ მიიჩნევს (დაახლ. 6 წლიანი პატიმრობა)და 12დან 20 წლამდე სასჯელს უსჯის მოძალადეს, მხოლოდ არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევაში.

2008 წლის კვლევების მიხედვით გაუპატიურების მსხვერპლთა 50 % 14-18 წლამდე ასაკის გოგონები იყვნენ, 14% – უფრო მცირე ასაკის, დანარჩენი კი უფროსი ასაკის ადამიანები.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ავამაღლოთ ჩვენი ცნობირება და ვისწავლოთ ეს მარტივი წესი _ დამნაშვე უნდა დაისაჯოს კანონის ფარგლებში. რადგან დანაშაული და ცოდვა გაამდებია. დაუსჯელობის სინდრომი დამღუპველი. ის მომენტი, რომ ქართველი ქალი უკიდურეს შემთხვევაში არ აღიარებს საკუთრი შეურაცხყოფის ფაქტს, (ზოგჯერ მათი დარწმუნება ყოვლად შეუძლებელია) მხოლოდ გზას უხსნის მოძალადეს, რომ, სახლში, თუ გარეთ ქუჩის ბნელ ლაპირინთებში დაიკმაყოფილოს არაჯანსაღი მოთხოვნილება და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილმა იძალადოს და სხვაც გახადოს საკუთრი ბინძური თამაშის თანამონაწილე თუ მსხვერპლი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est