შემთხვევით არაფერი არ ხდება

10 Jan

igsGjD26NZcIMG_1075თბილისი-ბაქო-დოჰა-დაკა და უკან…

სიღარიბის დაძლევა, სოფლის მეურნეობა, გენდერული თანასწორობა… ეს ის საკითხებია, რისთვისაც 2012 წლის დეკემბრში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ. ათასწლეულის განვითარების მიზნების შესრულების დაჩქარება და სამომავლო გეგმების დასახვა გახლდათ ბანგლადეშში, ქალაქ დაკაში გამართული კონფერენციის მიზანი.

ყველა ღელავდა ჩემი მოგზაურობის გამო. ქვეყანა, სადაც მივფრინავდი, უსაფრთხო ნამდვილად არ იყო. დაკაში ჩვენი უსაფრთხოება ,,სასაცილო” აკრძალვებზე იყო დამოკიდებული, მაგალითად: სასტუმროდან გარეთ გასვლისას ერთდოლარიანზე მეტი არ უნდა გვქონოდა, რომ არავის წაერთმია… პასპორტის ნაცვლად მხოლოდ მისი ასლი უნდა გვეტარებინა… სასტუმროდან გასვლისას ყველა ღირებული ნივთი: ლეპტოპი, საფულე, მობილური – სეოფში უნდა შეგვენახა და ისე უნდა ჩაგვეცვა, თვალში არავის მოვხვედროდით…

მოკლედ, სათანადოდ მომზადებული გავემგზავრე ბანგლადეშიში, თვითმფრინავში ბატონი ფრიდონ საყვარელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი დამემგზავრა. გამიმართლა! როგორც იქნა გავერკვიე VIP ამბავშიც…

ხანგრძლივი გადაფრენა-გადმოფრენის შემდეგ ქალაქ დაკას აეროპორტში დავეშვით, ვიზის აღება ხანგრძლივი, მაგრამ სახალისო აღმოჩნდა. ბანგლადეშელი პოლიციელები ჩემი და ფრიდონ საყვარელიძის პასპორტით წინ და უკან დარბოდნენ, ჩვენც შეშინებულები დავყვებოდით იმის შიშით, პასპორტები უცხოს არ ჩავარდნოდა ხელში და ეს ,,უგზო-უკვლოდ” განათლებული ხალხი ტრეფიკინგის მსხვერპლნი არ გავმხდარიყავით. საკითხი მოგვარდა, VIP სტუმრისთვის ვიზა უფასოდ გაიცემოდა, ხოლო დანარჩენებისათვის 50$ +1$, თუმცა, ორგანიზატორები 50 $ ანაზღაურებენ. თუ როდესმე გადაწყვიტეთ ბანგლადეშში წასვლა, ინფორმაცია შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს.

შემდეგი ნაბიჯი VIP მოსაცდელი იყო, სადაც კონფერენციის მონაწილეები იკრიბებოდნენ. საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ამ მოსაცდელში ყოფნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ რომელიღაც ოპოზიციური პარტია მიტინგს აწყობდა, პოლიციამ დაშალა და ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით, აერიპორტის მოსაცდელში მოგვიწია ყოფნა. ესეც VIP მოსაცდელი… არა, ცუდი არ იყო, ჩაი მოგვართვეს და მომღიმარი სახით გვამშვიდებდნენ, მალე წავალთო…

მოკლედ, ასეა თუ ისე, სასტუმროში მიგვიყვანეს და მშვენიერ ნომრებში განგვათავსეს. თუმცა ამ მშვენიერ ნომრებში ჩემი თანამედროვე ტექნოლოგიური მოწყობილობის, Ipad-ის გამოყენება უსადენო ინტერნეტის არქონის გამო, შეუძლებელი იყო.

შეზღუდული დროის გამო გასეირნება სასტუმროს ირგვლივ გადავწყვიტეთ. ეს შთაბეჭდილება რა თქმა უნდა მძიმე და დაუვიწყარი აღმოჩნდა. ირგვლივ უამრავი ჭრელა-ჭრულა, ულამაზესი რიქშაა (სამბორბლიანი ველოსიპედი, ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი ბანგლადეშში), რომელთა მძღოლები დაგყვებიან და გასეირნებას გვთავაზობენ… ძნელია იმ მტვრისა და ჭუჭყის წარმოდგენა ქალაქს ნისლში რომ ხვევს… ადამიანები, რომლებიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მათხოვრობენ, ზოგი მათგანი დასახიჩრებულია… ჯულიამ, რომლის შესახებაც ქვემოთ გიამბობთ, სინანულით აღნიშნა, რომ ზოგიერთი მშობელი ბავშვს გამიზნულად ამტვრევს ხელ-ფეხს, რათა სარფიანად ამათხოვროს…

კიდევ ერთი ,,ბანგლადეშური” სურათი: სამკერვალო ღია ცის ქვეშ… ალბათ ჯერ კიდევ გახსოვთ თბილისის ,,პირიმზე”… სწორედ აქ, ღია ცის ქვეშ ნახავთ დიდი მასშტაბის ,,პირიმზის” სერვისს.

შემთხვევითი არ არის, რომ კონფერენცია ამ უღატაკეს ქვეყანაში ჩატარდა. კონფერენციას რომც არ დასწრებოდი, თავად ქვეყანა დაგაფიქრებდა ათასწლეულის განვითარების მიზნებზე…

მეორე დღეს, მიტინგების გამო, სათუო გახდა კონფერენციის მუშაობაში ჩვენი მონაწილეობა. თუმცა, უსაფრთხოების სამსახურმა ყველა ღონე იხმარა, რომ დეკლარაციის დახვეწაში მიგვეღო მონაწილეობა და კოსპირაციულად, სასწრაფო დახმარების მანქანებითა და პიკაპებით შეიარაღებული დაცვის ესკორტით სასტუმრომდე მიგვაცილა. მართალია, ისე ჭრიალებდა ჩვენი მანქანა, გვეგონა გზაში დაიშლებოდა, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, მთავარი არ არის…

რაც შეეხება კონფერენციას, ის ერთ-ერთ მშვენიერ სასტუმროში ტარდებოდა და უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული. თავად იდეა – დიალოგი პარლამენტარებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის – იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიდგომა. კონფერენციის მესამე დღეს მეც მქონდა მოკრძალებული მოხსენება საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებზე. მუშაობის შედეგად კი ერთობლივად მივიღეთ დეკლარაცია მილენიუმის მომავალი მიზნების შესახებ და ჩვენი რეკომენდაციებიც აიასახა საბოლოო დოკუმენტში.

მინდა რამდენიმე სიტყვით ბანგლადეშელ ქალებზე მოგითხროთ – საინტერესო სტატისტიკაა და ამდენი ქვეყნის ლიდერი ქალი, რაც ამ კონფერენციის ესწრებოდა, არსად მინახავს.. პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ქალები – ყველამ აქ მოიყარა თავი და ისინი საგანგებო სიტყვითა თუ დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავდნენ დამსწრე საზოგადოებას. არაოფიციალურ ნაწილში კი ყველა მათგანი სტუმარს ეგებებოდა და ეცნობოდა.

ყოვლივე ამან, გამიჩინა კითხვა: როგორ ხდება, რომ ამ უღატაკეს ქვეყანაში ამდენი გადაწყვეტილების მიმღები ქალია?

ჩვენ შთაბეჭდილებების დამგვირგვინებელი ბანგლადეშში ერთადერთი საქართველოს მოქალაქე ქალბატონი ჯიულია აღმოჩნდა, რომელიც საღამოობით იმ სასტუმროში უკრავს ფორტეპიანოზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით. გარდა ამისა, ის ასწავლის ბავშვებს მუსიკას, ეხმარება სხვებს და ფიქრობს საქართველოზე…

ბოლო დღე რამდენიმე საათი მასთან ერთად გავატარეთ, სხვა ბანგლადეში გვაჩვენა, ამ ქვეყნის სხვა ფერადოვნება დაგვანახა… ქალბატონ ჯულიაზე ბევრია მოსაყოლი, ცალკე საუბრის თემაა, ცალკე სტატია იქნება მასზე…

და მაინც, მიუხედავად სიღატაკისა რაც ქვეყანაში სუფევს, ასეთი გულთბილი და ღია ხალხი დიდი ხანია არ შემხვედრია… ჩემმა ერთერთმა მეგობარმა ფაისბუკზე მომწერა ,,მოეფერე მაგ ხალხსო” და ახლა ნამდვილად მივხვდი, ამ სიტყვების მნიშვნელობას.

მადლიერი ვარ რომ მივიღე მონაწილეობა ამ კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის წევრთან, ფრიდონ საყვარელიძესთან ერთად.
მადლობელი ვარ ორგანიზატორების…
შემთხვევით არაფერი არ ხდება…

ელენე რუსეცკაია
ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

GINSC BLOG

Women's Information Center

youngsupporters

Just another WordPress.com site

David Georgicus

Scientia Potentia Est